ლევან ალაფიშვილი – „ოცნებამ“ ხაზარაძე-ჯაფარიძისგან მოწინააღმდეგე თვითონ შექმნა

ლევან ალაფიშვილი - „ოცნებამ“ ხაზარაძე-ჯაფარიძისგან მოწინააღმდეგე თვითონ შექმნა „ამ მთავრობის პირობებში ანაკლიის პროექტი დამთავრებულია“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ „თიბისის” საქმეზე აქვეყნებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ მომზადებულ დასკვნას, რომელიც ეხება ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნას. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.
„გამჭვირვალობამ“ ექსპერტი კონკურსის საფუძველზე 2020 წლის იანვარში შეარჩია. კვლევა ჩაატარა პოლინ დევიდმა, რომელიც არის პრაქტიკოსი ადვოკატი (სიდნეი, ავსტრალია) 30-წლიანი გამოცდილებით, ავსტრალიის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ექსპერტი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.
რა დასტურდება საერთაშორისო ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევით და რას გვეუბნება მთავრობის წევრების განცხადებები და ქმედებები ანაკლიის პორტსა თუ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე? – ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იურისტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს.
– რას ნიშნავს საერთაშორისო ექსპერტის ეს დასკვნა და დასტურდება თუ არა, რომ თავიდან ბოლომდე ეს საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული?
– ეს ნიშნავს იმას, რაზეც ერთ წელიწადზე მეტია, ვსაუბრობთ, ანუ იმ დროიდან, რაც ეს საქმე დაიწყო და რასაც ვამბობდით თავიდანვე, რომ აქ საქმე დანაშაულთან არ გვაქვს. სახელმწიფო, ამ შემთხვევაში მთავრობა და ეროვნული ბანკი, ახორციელებენ პირდაპირ შეტევას კონკრეტულ პირებზე. კანონით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებების უგულებელყოფა ხდება ამ ადამიანებთან მიმართებით. ეს ხდება ერთადერთი მიზნით, რომ გაანეიტრალონ მათი პოლიტიკური აქტივობა.
სხვათა შორის, მაშინ პოლიტიკური აქტივობა გაცხადებული არ ჰქონდათ. ისინი იყვნენ საფინანსო ინსტიტუტის მმართველობასა და ანაკლიის კონსორციუმის მართვაში, მაგრამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა პოტენციური მოწინააღმდეგის ჩამოსაშორებლად. მათ აღიქვამდნენ საფრთხედ.
ძალიან უნდა მოინდომო, რომ ამ ყველაფერში დაინახო დანაშაული, იმიტომ, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში გამოძიება, ამ ხალხს ეუბნება, საკუთარ თავს მოჰპარე ფული და გაათეთრეო.
– საერთაშორისო ექსპერტი იმაზეც საუბრობს, რომ დანაშაული რომც იკვეთებოდეს, ხანდაზმულობის ვადაა გასული…
– მეც ზუსტად ამას ვამბობ. ორი რაღაცაა ამ საქმეში – ფულის გათეთრება და ხანდაზმულობა. ხანდაზმულობას თავი დავანებოთ, ხომ არსებობენ აქციონერები, რომლებიც არ დავობენ, ყოველ შემთხვევაში – სამოქალაქო წესით. ღიად არ გვინახავს მათი დავა. ის ფული აქციონერებისაა და ისინი არ დავობენ ამაზე.
ხანდაზმულობას რაც შეეხება, საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს ასეთი რაღაც, როდესაც ფული გამოდის ბანკიდან და ის არის შავი ფული. საქართველოს მთავრობა თუ ცდილობს, ახალი მექანიზმი შექმნას, არა მგონია, ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწიონ.
– ეს თემა ბუნებრივად ებმება ორ მნიშვნელოვან თემას – ანაკლიასა და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს. ეკონომიკის მინისტრი გვიმეორებს, რომ პირველივე შესაძლებლობაზე მოძებნიან ინვესტორს და დაიწყებენ პროექტის განხორციელებას. ეს რეალურია თუ თავის მართლების პოზიციაა?
– პოლიტიკოსები ბევრ რამეს იტყვიან, მით უმეტეს, რომ საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონე ამ საკითხზე დაბალია. შესაბამისად, ისინი საკუთარი იმიჯის დადებითად წარმოსაჩენად ხშირად არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებენ ხოლმე, მთავრობის წარმომადგენლები – მით უმეტეს.
ოქტომბრამდე თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ ანაკლიაში გამოჩნდეს ინვესტორი. ხელშეკრულებების მომზადებაც კი ვერ მოესწრება, არათუ ხელმოწერა. თუ ოქტომბრამდე ეს ვერ მოესწრება, ქალბატონი თურნავა იქნება კიდევ მთავრობაში, ან ეს მთავრობა იქნება კი საერთოდ?! ძალიან მაღალი ალბათობით, სახელისუფლებო შტოები, პარლამენტი და მთავრობა, არსებითად განსხვავებული იქნება როგორც შემადგენლობით, ისე – შინაარსით.
– იმაზეც ხომ არ არის გათვლა, რომ წინ არჩევნებია და არ აწყობთ წინასწარ თქმა, რომ წყდება პროექტი, თუნდაც იმიჯის თვალსაზრისით?
– არა, მე სხვა რამეზე ვაკეთებ აქცენტს. ნათელა თურნავა დღეს რომ მეუბნება, რომ რაღაცას გააკეთებს არჩევნების შემდეგ, თვითონაც არ იცის, იქნება თუ არა მთავრობაში და მე როგორ მეუბნება?! ამის იქით მსჯელობაც კი აღარ უნდა წავიდეს. ამ მთავრობის პირობებში ანაკლიის პროექტი დამთავრებულია.
– პოლიტიკურ კონტექსტსაც შევხედოთ. რეალურად ეს გახდა ის საქმე, რითაც დაიწყო პოლიტიკური მართლმსაჯულების ახალი სერია. ამაზე რა შეგიძლია თქვათ?
– მართალია, ჯერ სასამართლო არ დასრულებულა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე და დევნა მიმდინარეობს, მაგრამ უმთავრესს გეტყვით – ეროვნულმა ბანკმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, მათი ოჯახის წევრებსა და მათთან კავშირში მყოფ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სამუდამოდ აუკრძალა ბანკთან ფინანსური ურთიერთობა. მაგალითად, მე და თქვენ შეიძლება გვქონდეს ბანკის საკრედიტო ბარათი. ისიც კი აუკრძალა ამ ადამიანებს, მათ შვილებსაც და შვილიშვილებსაც. ეს გააკეთა ეროვნულმა ბანკმა, რომელიც პოლიტიკის მიღმა ინსტიტუტი უნდა იყოს.
სასამართლოზე აღარაფერს ვამბობ, ამაზე წუხილი ქვეყანაშიც და მის გარეთაც არაერთგზის გვესმის. კობა გვენეტაძემ თავიც კი ვერ იმართლა. სუს-ს დაქვემდებარებული ეროვნული ბანკი რომელიმე ქვეყანაში გინახავთ? სადმე გინახავთ, რომ სპეცსამსახურს დაქვემდებარებული რომელიმე უწყება წარმატებული იყოს?! მით უმეტეს, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებში ასე ვერ იქნება.
– ეს გახდა დასაბამი პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების, დევნის თუ, რაც გინდათ, ის დავარქვათ?
– რა თქმა უნდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურმე ეს პროცესი დიდხანს მიმდინარეობდა, როგორც შემდეგ ხაზარაძემ პარლამენტში გამოსვლისას თქვა. თუ სწორად მახსოვს, ე.წ. ფულის გათეთრების თემა და ა.შ. მიმდინარეობდა 2012 წლის ზაფხულიდან. შესაბამისად, ამ პირობებში სხვა რამე რომ დავუშვათ მსჯელობისთვის, უბრალოდ, არ არსებობს, გარდა ერთი რამისა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას, მისი დაღმავალი რეიტინგისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში დამკვიდრებულია კანონზომიერება, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ინარჩუნებს ხელისუფლებას ორ ვადაზე მეტი ხნით, ეშინოდა წარმატებული, პოლიტიკაში იქამდე არმყოფი ადამიანების გამოჩენის, იმიტომ, რომ ეს ნიშნავდა მათ უპირობო დასასრულს.
მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პოლიტიკური მიზნები გაცხადებული მაშინ ჯერ არ ჰქონდათ, ხელისუფლება მაინც ასეთად აღიქვამდა მათ. სწორედ ამ მიზნით დაიწყეს ეს შეტევა, თუმცა სანაცვლოდ უკუშედეგი მიიღეს, იმიტომ, რომ ამით ისინი გააძლიერეს, რადგანაც მათ აქვთ ხელისუფლებისგან დევნილის სტატუსი.
ეს ჩანს ქვეყნის შიგნითაც და ეს გაჟღერდა სტრატეგიული პარტნიორების მხრიდანაც. შესაბამისად, პოლიტიკურ ველზე მიიღო ახალი და მზარდი პერსპექტივის მქონე გუნდი. საბოლოო ჯამში, თავისი კონკურენტი ეს გუნდი თვითონვე შექმნა.