მაკა პაპელიშვილი – “ლიფტში ჩავვარდი და ხერხემალი დავიზიანე, ვერასოდეს გავივლი, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ” – ვიდეო

მაკა პაპელიშვილი - "ლიფტში ჩავვარდი და ხერხემალი დავიზიანე, ვერასოდეს გავივლი, მაგრამ ამაზე აღარ ვდარდობ" - ვიდეო“ექიმებმა საფუძვლიანად გამოიკვლიეს ჩემი ხერხემლის მდგომარეობა და დაასკვნეს, რომ ვერასოდეს გავივლი. სამწუხაროა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანია, ამაზე აღარ ვდარდობ. ჩემი აზრით, ბედნიერება სიცოცხლეა და თუ ამ სიცოცხლეს ეტლი მინარჩუნებს, რატომ უნდა ვიყო უკმაყოფილო? შეიძლება ითქვას, რომ მეორე სიცოცხლე მერგო წილად და მას ეტლში გავატარებ თუ უეტლოდ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს”

27 წლის მაკა პაპელიშვილი­ იტალიაში, ქალაქ პრატოში ცხოვრობს. სამი წლის წინ მომხდარი შემთხვევის გამო ეტლში გადაჯდომამ მოუწია,
მაგრამ ჯანსაღი წესით ცხოვრება გააგრძელა. ცურავს, კალათბურთს თამაშობს, ცეკვავს და სხვებსაც მოუწოდებს, აქტიურად იცხოვრონ.

– პროფესიით ექთანი ვარ. ჩემი პროფესიით მუშაობა ვერ მოვასწარი, მაგრამ სწავლისა და კლინიკაში პრაქტიკის პერიოდი ყოველთვის სიამოვნებით მახსენდება.

– შენი ამბავი მოგვიყევი…
– სამი წელია, რაც ეტლით დავდივარ. არ მიყვარს, როცა შშმ პირს ვუწოდებ საკუთარ თავს ან სხვას, რადგან ვფიქრობ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების დაძლევა შესაძლებელია.
ლიფტში ჩავვარდი და ხერხემალი დავიზიანე. ოპერაციის შემდეგ იმედი არ დამიკარგავს და დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად გავივლიდი. იტალიაში საფუძვლიანად გამოიკვლიეს ჩემი ხერხემლის მდგომარეობა და ჩამიტარეს სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია, რომელთა საფუძველზე ჩემმა ექიმებმა დაასკვნეს, რომ ვერასოდეს გავივლი. სამწუხაროა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანია, ამაზე აღარ ვდარდობ. ჩემი აზრით, ბედნიერება სიცოცხლეა და თუ ამ სიცოცხლეს ეტლი მინარჩუნებს, რატომ უნდა ვიყო უკმაყოფილო? შეიძლება ითქვას, რომ მეორე სიცოცხლე მერგო წილად და მას ეტლში გავატარებ თუ უეტლოდ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.

– რამდენი წელია, რაც სპორტს მისდევ?
– არასოდეს მიყვარდა ვარჯიში, არც დრო მქონდა. სულ ვმუშაობდი და ცხოვრების სხვა სტილი მქონდა. ორი წლის წინ ნაწოლის ურთულესი ოპერაცია გამიკეთეს, მერე კი ერთთვიანი რეაბილიტაცია ფლორენციაში, კარეჯის კლინიკაში გავიარე. იქ მასწავლეს უამრავი რამ. ეს დამოუკიდებლობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მითხრეს, როგორ უნდა მევარჯიშა და რა იყო კარგი ჩემი ფიზიკური აქტივობისთვის. მას შემდეგ ეტაპობრივად გავდივარ რეაბილიტაციას ფლორენციაში, სორიზოს რეაბილიტაციის ცენტრში. ამ ბრძოლამ მიმაჩვია სისტემატურ ვარჯიშს და ახლა ამის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება. აუცილებელია, ხელისა და წელის კუნთები კარგად განვითარებული მქონდეს. თავიდან სავარჯიშო დარბაზში დავდიოდი, მყავდა მწვრთნელი, მაგრამ რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ დამოუკიდებლად გავაგრძელე. ჩემი დღის დიდი ნაწილი ვარჯიშს ეთმობა, თუმცა ამ ეტაპზე სახლში ძნელია, აქტიური ვიყო. ვარჯიშის მოტივაციას მაძლევდა ის, რომ ვყოფილიყავი სრულიად დამოუკიდებელი.

– რას ურჩევ ეტლით მოსარგებლეებს?
– ყველა ადამიანს ვურჩევ, ივარჯიშოს, თუნდაც კვირაში ორი ან სამი დღე. ეს არის კარგი ანტიდეპრესანტი. მერწმუნეთ, ვარჯიშის დროსაც და მერეც ცუდ ხასიათზე აღარ იქნებით, დადებითად დაიმუხტებით და დეპრესია გაგივლით. თანაც ფიზიკური აქტივობა ყველასთვის აუცილებელია.

– რა შეცვალა ვარჯიშმა შენს ცხოვრებაში?
– ყველაზე მთავარი, რასაც ვარჯიშით მივაღწიე, არის ის, რომ კარგა ხანია, უარი ვთქვი ანტიდეპრესანტულ მედიკამენტებზე. ვარჯიში შშმ პირს დამოუკიდებელს ხდის.

– ხალხს უკვირს, როცა ეტლით მოსარგებლე ცურავს…
– ცურვა ბავშვობაში ვისწავლე, მას შემდეგ კი, რაც ეტლით მოსარგებლე გავხდი, წყლის თერაპია ჩემთვის აუცილებელი გახდა. ორი წლის წინ დავიწყე აუზზე სიარული. ახლა ძალიან სასაცილო მეჩვენება ჩემი პირველი ჩასვლა წყალში. საცურაო კოსტიუმი ჩავიცვი და აუზისკენ წავედი. რომ მივუახლოვდი, გოგირდის მძაფრი სუნი ვიგრძენი და არ მომეწონა. უცებ ეტლი მოვატრიალე და დედას ვთხოვე, წავიდეთ, აღარ მინდა, მეშინია-მეთქი. მან მითხრა, აბა, ახლავე მიტრიალდი, შენ მშიშარა არ ხარო და ორივე შევედით. აუზთან მწვრთნელი დამხვდა და მივხვდი, რომ ვერ გამოვიქცეოდი. წყალში ჩასვლისას ცრემლები ძლივს შევიკავე. კარგად მახსოვს, მწვრთნელმა წყალზე ხელით დამაწვინა, მერე გამიშვა და მითხრა, წყალი იქნება შენი ყველაზე კარგი მეგობარიო. ეს იყო ის სტიმული, რომელიც მერეც ყოველთვის მეხმარებოდა. აუზში ვერც კი ვგრძნობ, რომ ეტლით მოსარგებლე ვარ.

– მაკა, როგორც ჩანს, კალათბურთმაც გაგიტაცა.. რატომ აირჩიე მაინცდამაინც სპორტის ეს სახეობა?
– რამდენიმე თვის წინ ჩემმა იტალიელმა მეგობარმა თამაშის საყურებლად დამპატიჟა. ძალიან მომეწონა. მესამე თამაში ჰქონდა ფლორენციის გუნდთან.  თამაშის შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელმა შემომთავაზა, მეცადა. პირველი საცდელი ვარჯიში მაინცდამაინც წარმატებული არ იყო, მაგრამ მონაცემები აღმომაჩნდა. მას შემდეგ ვვარჯიშობ მათთან ერთად, ჯერჯერობით მხოლოდ მწვრთნელების მეთვალყურეობით. ბევრი ვარჯიში და მონდომება სჭირდება გუნდში თამაშს. მივყვები მათ მითითებებს და იმედი მაქვს, მალე ოფიციალურ თამაშებშიც მივიღებ მონაწილეობას. ბევრი მეკითხება, რატომ ავირჩიე ცოტა დაუნდობელი სპორტის სახეობა. მომწონს ის ემოცია, რომელსაც ვიღებ და ვხარჯავ თამაშის დროს.

– ცეკვაზე რას გვეტყვი?
– ცეკვა ყოველთვის მიყვარდა. ამ რთულ პერიოდში, როცა სახლიდან გასვლა არ შეგვიძლია, გადავწყვიტე, მეტი რამ შემესწავლა. ინტერნეტით მოვძებნე გაკვეთილები და ყველანაირი ცეკვა ვცადე. აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად გამომდის. ყველაზე საინტერესო იყო არაბული ცეკვები, არადა ჩემი მსგავსი დაზიანების შემთხვევაში ასეთი მოძრაობების გაკეთება იშვიათად თუ ვინმეს შეუძლია. ბოლო რეაბილიტაციის დროს ექიმების ყურადღება მივიქციე იმით, რომ წელის კუნთების 30% თავის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ არაბული ცეკვისთვის დამახასიათებელი მოძრაობები მაინც არ უნდა გამომსვლოდა, თუმცა რამდენიმე სპეციალისტმა მირჩია, ცეკვა გამეგრძელებინა და პროფესიონალური დონით დავინტერესებულიყავი. მომავალში ასეც მოვიქცევი.

– მაკა, რა სტერეოტიპებს აწყდები?
– ხშირად, როცა მხვდებიან ან მწერენ, უპირველეს ყოვლისა, ჩემს დამშვიდებას ცდილობენ, მეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მალე გამოვჯანმრთელდები. ეს ფრაზა ყველაზე მეტად არ მიყვარს! შშმ პირი ისეთივე ჯანმრთელია, როგორიც ყველა სხვა. უმრავლესობა ფიქრობს, რეაბილიტაცია მხოლოდ იმისთვის არის, რომ ფეხზე გაგატაროს. სინამდვილეში ეს კუნთების გასაძლიერებლად არის საჭირო და, რაც მთავარია, გასწავლიან, როგორ იყო დამოუკიდებელი.

ჩემთვის ყველაზე დიდი სტერეოტიპია ის, თითქოს ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიქნები, თუ გავივლი. ეს ასე არ არის. დამიჯერეთ, ბედნიერი ვარ. მიყვარს ჩემი ეტლი – მან მე სიცოცხლე შემინარჩუნა. მომცა საშუალება, ხელმეორედ დამეწყო ცხოვრება. აი, სწორედ ეს სტერეოტიპი დავამსხვრიე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა. ცხოვრება ნაბიჯები არ არის. ცხოვრებაა, როცა გულითა და გონებით განიცდი ბედნიერებას.

– რა გეგმები გაქვს?
– კიდევ ბევრი სპორტის სახეობაა, რომლებშიც მინდა საკუთარი თავი გამოვცადო.
სამწუხაროდ, კარანტინის გამო გადავდე პორტუგალიაში წასვლა, სადაც მონაწილეობა უნდა მიმეღო სერფით სრიალში.

რაც შეეხება სტერეოტიპების მსხვრევას, ეს ამოუწურავი თემაა და ამ მხრივ ბევრი რამ მაქვს დაგეგმილი. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ლამაზები, სექსუალურები, დედები, ცოლები, მეგობრები, მომღერლები, მხატვრები, მოცეკვავეები, ადვოკატები და ა.შ. მინდა მსოფლიომ გაიგოს, რომ ეტლი არ არის უბედურება, ის მხოლოდ აქსესუარია, რომლის გარეშეც ბევრი ვერ იცოცხლებდა.

კვირის პალიტრა