ნიკა გვარამიამ მთავარი არხის 37% ბაკურ ჯახაიას 37.000 ლარად მიჰყიდა

ნიკა გვარამიამ მთავარი არხის 37% ბაკურ ჯახაიას 37.000 ლარად მიჰყიდა“მთავარ არხს” ორი ახალი მეწილე ჰყავს. 22 მაისს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ცვლილებებით არხის მოქმედმა მფლობელებმა, ნიკა გვარამიამ და კახაბერ ანჯაფარიძემ, ჯამში, ტელევიზიის წილის 38% გაასხვისეს.

მიმდინარეობს სხვა ფინანსური ოპერაციებიც, რაც ჯერ საჯარო რეესტრში არ ასახულა.

მთავარი არხის 37%-იანი წილის მესაკუთრე ბაკურ ჯახაია გახდა. ხელშეკრულების თანახმად, უკრაინის მოქალაქე ჯახაიამ ტელევიზიის წილში 37 ათასი ლარი გადაიხადა. ამას გარდა, დოკუმეტებში მითითებულია, რომ ჯახაია ვალდებულებას იღებს ტელევიზიის საწესდებო კაპიტალში გარკვეული თანხა შეიტანოს.

ეს 37 პროცენტი ბაკურ ჯახაიამ ნიკა გვარამიასგან იყიდა. გვარამიამ მანამდე არხის წილის საკონტროლო პაკეტს (51%) ფლობდა. აღსანიშნავია, რომ  ჯახაია დაკავშირებულია ნიკოლოზ სისაურთან, რომელიც თავის მხრივ უკვე ფლობს “მთავარი არხის” 3 პროცენტს. ნიკოლოზ სისაური ოფიციალურ დოკუმენტებში ჯახაიას წარმომადგენლად ფიგურირებს. სისაური ტელეკომპანია “საქართველოს” დირექტორია, რომლის მფლობელებიც, კობა ნაყოფიას შვილთან ერთად, ძმები ყარამანიშვილები არიან. ყარამანიშვილები თავის დროზე რუსთავი 2-ის წილებს სწორედ ტელეკომპანია საქართველოს გავლით ფლობდნენ.

აშშ-ის მოქალაქე თეიმურაზ ვასილიძემ არხის 1% ანჯაფარიძისგან 1.000 ლარად შეიძინა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ვასილიძემ 2020 წლის 3 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე არხის კაპიტალში 100 ათასი დოლარი უკვე შეიტანა.

რეესტრის მიხედვით, არც ვასილიძეს და არც ჯახაიას”მთავარი არხის” გარდა საქართველოსთან სხვა სახის ბიზნესაქტივობა არ აკავშირებთ.

ცვლილებების შედეგ “მთავარი არხის” წილები ასე ნაწილდება:

კახაბერ ანჯაფარიძე – 38%
ნიკა გვარამია – 14%
მარი ანა რურუა – 2.5%
თეიმურაზ ვასილიძე – 1%
ბაკურ ჯახაია – 37%
ნიკოლოზ სისაური – 3%
გიორგი რურუა – 2.5%
შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%
თუმცა მთავარ არხთან დაკავშირებით რეესტრში სხვა განცხადებებიცაა რეგისტრირებული, რომელიც ჯერ საბოლოოდ ასახული არაა, რადგან სარეგისტრაციო ვადის დინება შეჩერებულია.

კერძოდ, კახაბერ ანჯაფარიძე თავის 38%-ს BGIM LTd-ზე ყიდის. ეს კომპანია ლონდონშია რეგისტრირებული, მისი დირექტორი ზაზა ოქუაშვილია, ომეგა ჯგუფის დამფუძნებელი, ხოლო საქართველოში წარმომადგენელი დავით ფანქველაშვილი, ასევე ომეგა ჯგუფთან დაკავშირებული პირი.

ანჯაფარიძეს არხის წილის 38%-ში BGIM LTd 38 ათას ლარს უხდის და ასევე იღებს ვალდებულებას, რომ მოიძიებს პარტნიორებს, რომლებიც კომპანიას იჯარით გადასცემენ ტელევიზიის არსებობისთვის საჭირო უძრავ-მოძრავ ქონებას. BGIM LTD წილის 1 პროცენტს ნიკა გვარმიასგანაც ყიდულობს. შესაბამისად, ის რეესტრში შეთანხმების ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ მთავარი არხის წილის 39 პროცენტის მფლობელი გახდება.

რაც შეეხება BGIM ltd-ის მიერ მოძიებულ პარტნიორებს, ომეგა მოტორ ჯგუფი გვარამიასგან 200 ლარად 0.2 პროცენტს ყიდულობს და ტელეკომპანიას 15-წლიანი იჯარით გადასცემს ქონებას. შპს მატრიქსი, BGIM ltd-ის კიდევ ერთი პარტნიორი, 0.2 პროცენტს ყიდულობს გვარამიასგან და ტელევიზიას იჯარით გადასცემს ქონებას, მათ შორის იმ მისამართზე, რომელშიც ამჟამად ტელევიზია ფუნქციონირებს – ჩუბინაშვილის 41. გვარამიასგან 0.2-0.2 პროცენტებს ყიდულობენ BGIM ltd-ის სხვა პარტნიორები: “ბენმონტი” და “მონტე” – კომპანიის კაპიტალში ისინიც ქონების იჯარით შემოდიან, მათ შორის საუბარია მოძრავ ქონებაზე.

ფიზიკური პირი მაგული ხარებავაც ყიდულობს გვარამიასგან 0.2 პროცენტს, ის კომპანიას ჩუბინაშვილის 43-ში მდებარე ქონებას გადასცემს იჯარით.

ამ შეთანხმების დარეგისტრირების შემდეგ BGIM ltd, რომელსაც 39 პროცენტი ექნება, ბენმონტისგან, ომეგა მოტორ ჯგუფისგან, მონტესა და მატრიქსისგან 15 წლით გადაიბარებს წილებს მართვის უფლებით. ანუ მას 39.8 პროცენტის მართვა შეეძლება.

თუ რეესტრი ამ განცხადებებს დააკმაყოფილებს, შეთანხმებების რეგისტრაციის შემდეგ “მთავარი არხის” წილები ასე განაწილდება

BGIM ltd – 39% (შეეძლება 39.8 პროცენტის მართვა)
ნიკა გვარამია – 12%
მარი ანა რურუა – 2.5%
თეიმურაზ ვასილიძე – 1%
ბაკურ ჯახაია – 37%
ნიკოლოზ სისაური – 3%
გიორგი რურუა – 2.5%
შპს საქართველოს უნივერსიტეტი – 2%
ბენმონტი – 0.2%
მონტე – 0.2 პროცენტი
ომეგა მოტორ ჯგუფი – 0.2 პროცენტი
მატრიქსი – 0.2
მაგული ხარებავა – 0.2 პროცენტი
ნეტგაზეტი