რამაზ საყვარელიძე –  “პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის შემდეგ, პროცესები უფრო დამშვიდდა”

რამაზ საყვარელიძე -  "პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის შემდეგ, პროცესები უფრო დამშვიდდა"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას გოიმს უწოდებს. არც ოპოზიცია ჩამორჩება კობახიძეს ეპითეტებში. წინასაარჩევოდ პოლარიზაცია უფრო გამძაფრდება?
– ჩვენი გაკვირვება ალბათ უფრო ძნელია, იმდენი გვინახავს საქართველოს პოლიტიკის რეალობიდან. მე, მაინც მგონია, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტის შემდეგ, პროცესები უფრო დამშვიდდა. არ მგონია, რომ ეს ტაიმ-აუტი იყოს. თუმცა, არაფერია გამორიცხული, რადგან ჯერ არჩევნებამდე საკმაო დროა დარჩენილი.
– ირაკლი კობახიძის აქტიურობას რითი ხსნით?
– ამ შემთხვევაში კობახიძის და კალაძის აქტიურობა უფრო მძაფრია, ვიდრე ოპოზიციის. თუმცა, მანამდე პირიქით იყო.
– რატომ? ისინი მართლაც არ ელოდნენ დაკავებულების შეწყალებას?
– შეიძლება. იმ ჩამონათვალში, რომელიც პრეზიდენტმა ახსენა საქმის კურსში ჩავაყენეო – კობახიძე და კალაძე არ ყოფილან. მათთვის მიუღებელი იყო ეს ნაბიჯი, რადგან “ქართული ოცნება” კარგავს ამ ნაბიჯით რეიტინგს. უკმაყოფილება სწორედ მმართველ პარტიაზე წამოვა და ამიტომ არ არის გასაკვირი კობახიძის ეს აგრესიულობა, ის ამით ამ გადაწყვეტილებისგან დისტანცირებას ახდენს.
– თუ პირიქით? შეიძლება ეს იყოს აღქმული, როგორც პროცესების დეესკალაცია?
– გეთანხმებით. ეს უდავოდ ჭკვიანური ნაბიჯი, ემოციების გარეშე გადადგმული ნაბიჯი იყო. რა ემოციაც ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, ეს ვიცით, ამის შესახებ მან თავად გვითხრა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი: რადგან ჩვენ, ძალიან ბევრი რამით ვართ დამოკიდებული დასავლეთზე, ეს ნაბიჯი ყველაზე უფრო ადეკვატურად იყო აღქმულიც და შეფასებულიც მათ მიერ. ამის დასტურად ამერიკის ელჩის, ქალბატონი დეგნანის განცხადებაც საკმარისია.
– რურუასთან დაკავშირებით რას იტყვით? გაათავისუფლებენ?
– ვფიქრობ, რურუასთან დაკავშირებით ხელისუფლება ასე არ იჩქარებს. თუ, საერთოდ, ამ პროცესიდან გვერდით გადგება ხელისუფლება, ბევრად უფრო კარგი იქნება.
– რატომ?
– დროა ხელისუფლებამ თავის ამომრჩეველზეც იფიქროს. შეიძლება გაჩნდეს ვერსია, რომ ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის თამაშს თამაშობს, რომ “ოცნება” “ნაციონალებთანაა” შეკრული. ეს რას გამოიწვევს, სრულიად გასაგებია.
– რას გამოიწვევს?
– “ოცნების” ამომრჩევლის იმედგაცრუებას, დეზორიენტირებას და არჩევნების დროს სახლში დარჩენას. ეს კი ფაქტიურად იმავე სურათს შექმნის, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში. ეს უკვე ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს “ქართული ოცნებისთვის”, რადგან ეს არ არის საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის საპარლამენტო არჩევნები, სადაც მეორე ტური არ არსებობს.
– თქვენ ამბობთ, რომ სწორედ “ქართული ოცნება” და ნაციონალური მოძრაობა შეიძლება იყოს ის ძალა, რომლებსაც მოუწევთ კოალიციურ მთავრობაზე კონსულტაციები?
– დიახ, არჩევნების შედეგად ასეთი კონფიგურაციის გამოკვეთა სავსებით რეალურია. სავსებით რეალურია, რომ სწორედ ამ ორმა დიდმა პარტიამ აიღოს ყველაზე მეტი პროცენტული მაჩვენებელი და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ სწორედ მათ უნდა დააკომპლექტონ კოალიციური მთავრობა. ამისთვის სრულიად საკმარისია გავიხსენოთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. დაახლოებით თანაბარი იყო შედეგები. თუ ასეთი სურათი შეიქმნება, თუნდაც “ოცნების” მცირე უპირატესობით, მაინც ამ სურათს ვიხილავთ. ამიტომ ვამბობ, “ქართულმა ოცნებამ” თავის ამომრჩეველზეც უნდა იფიქროს.
– ბატონო რამაზ, როგორ წარმოგიდგენიათ “ოცნებისა” და “ნაციონალების” კოალიციური მთავრობა?
– ეს ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, ამიტომ საჭირო გახდება ვადამდელი არჩევნები, რადგან პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება, მინისტრთა კაბინეტი ვერ დაკომპლექტდება.
– ეს სცენარი შეიძლება რეალური იყოს თუ ჯერ კიდევ ბევრი რამ წინ არის?
– ბევრი რამ ჯერ კიდევ წინ არის, ამ დარჩენილ დროში რა მოხდება, არავინ არ იცის. თუმცა, ამ დრამატურგიაში, ცხადია, მოქმედ პირებზეა, როგორც ერთი მხრივ, ისე მეორე მხრივ, დამოკიდებული, თუ რა სცენარით განვითარდება მოვლენები.