სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ექიმი დარჩა, დანარჩენი მედიკოსები თვითიზოლაციაში არიან

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ექიმი დარჩა, დანარჩენი მედიკოსები თვითიზოლაციაში არიან სოხუმი აფხაზეთში, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამედიცინო პერსონალიდან მხოლოდ ერთი მოქმედი ექიმი დარჩა. ყველა დანარჩენი თვითიზოლაციაში გაუშვეს, რადგან კონტაქტი ჰქონდათ პაციენტთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა.

„სავალალო სიტუაცია გვაქვს. აღარ დარჩა არც ექიმები, არც მედდები. ერთადერთი ექიმი – მე ვარ. მე მხოლოდ ბავშვებს ვაკვირდები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, უფროსებსაც დავაკვირდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, მადინა ბუთბამ.

ერთ-ერთ პაციენტს, რომელმაც ამ კლინიკას მიმართა, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა, პერსონალი კი, რომელსაც მასთან ჰქონდა კონტაქტი, დამცავ საშუალებებს არ იყენებდა.

აფხაზეთი: შვიდი კადეტი კორონავირუსით და უსიმპტომოდ. ისტორიები კლინიკიდან და კარანტინიდან
ხუთი ახალგაზრდა აფხაზეთში კარანტინში ცხოვრების შესახებ. ვიდეო
აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის გამოწვევები

ინფექციური საავადმყოფო არ არის დაკავებული არც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მიღებით და არც მათი ამბულატორიული მკურნალობით. COVID-19-ის სიმპტომების მქონე ადამიანების დიაგნოსტირებით დაკავებულია რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გახსნილი სპეციალიზებული პუნქტი, დადასტურებული დიაგნოზის მქონე პაციენტებს კი ქალაქ გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობენ.

ამის მიუხედავად, აფხაზეთის ყველა სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებული თავდაცვის აუცილებელი საშუალებებით და პერსონალი ვალდებულია, პაციენტების შემოწმებისას უსაფრთხოების ზომები დაიცვას.

„ექიმები და მედდები თავგზააბნეულებივით იქცევიან და არ სურთ პანდემიის პრობლემას ჩაუღრმავდნენ“, – ასეთი კომენტარი გააკეთა არსებულ სიტუაციაზე ჯანდაცვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ირმა ვოუბამ.
სოხუმის მერმა, ბესლან ეშბამ ყველა მედიკოსი გააფრთხილა, რომ უკვე დაიწყო ინსპექტირება:

„არანაირი საბაბი არ დაეხმარება არავის. დღეს არასტანდარტული სიტუაციაა. ჩვენთან ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ამიტომ, გთხოვთ, დაიცვათ ყველა წესი, რომელიც არსებობს“.
21 მაისის მონაცემებით, აფხაზეთში, COVID-19-ით ინფიცირების 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

აპრილში, ინფექცია გამოუვლინდა ქალაქ გაგრის სამ მცხოვრებს. ორი მათგანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი, 95 წლის ქალი – გარდაიცვალა.

ინფიცირების დანარჩენი შემთხვევები 2020 წლის მაისში დადასტურდა. მათი უმეტესობა, სამხედრო სასწავლებლის კურსანტები არიან, რომლებიც რუსეთიდან დაბრუნდნენ სახლში.

აფხაზეთში, 1 ივნისამდე მოქმედებს კარანტინის რეჟიმი. სასწავლო დაწესებულებები და თეატრები არ მუშაობს, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები. თუმცა, დანარჩენი ბიზნესები უკვე გაიხსნა, მუშაობს აგრარული ბაზრები. აფხაზეთის ორივე შესასვლელი, როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან, სრულად ჩაკეტილია, მხოლოდ კანონით ნებადართული განსაკუთრებული გამონაკლისები შეიძლება დაიშვას. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთში, COVID-19-ზე ტესტირება, ყოველდღიურად 70-დან 100 ადამიანამდე უტარდება.