ვახტანგ ძაბირაძე – „30 წელია, ჩვენ დასავლეთის ხარჯზე ვცხოვრობთ”

ვახტანგ ძაბირაძე - „30 წელია, ჩვენ დასავლეთის ხარჯზე ვცხოვრობთ”„თუ ცვლილებები ჩავარდა, ქვეყანა ამაში დიდ ფასს გადაიხდის“
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ვახტანგ, არჩევნებზე რა შანსები აქვს ოპოზიციას? უკვე ცნობილია, რომ ოპოზიცია ერთი ბლოკით არ გავა. რამდენად მოახერხებენ მაჟორიტარებზე შეთანხმებას?
– ოპოზიცია როგორი ფორმით გავა არჩევნებზე, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია. ისიც კი არ ვიცით, რა სისტემით ტარდება არჩევნები. ჯერ არავინ არ იცის, როგორი იქნება რეალობა. როგორი გადაჯგუფება მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. ჯერ ისიც კი არ ვიცით, გამოუშვებენ თუ არა რურუას.
მძლავრი ოპოზიციური გაერთიანება ყოველთვის ზემოქმედებს ამომრჩეველზე და ეს პლუსია ხოლმე, მაგრამ ძალიან რთულად არის წარმოსადგენი ასეთი საარჩევნო ბლოკი. ერთობა უნდა შეინარჩუნოს ოპოზიციამ, მაგრამ რა ფორმას მისცემს და შემდეგ ეს როგორ აისახება არჩევნებზე, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული.
– თქვენ მაინც ფიქრობთ, პარლამენტში სანამ სამი მოსმენით არ გავა ცვლილებები, მანამდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები?
– რა თქმა უნდა! იმის გათვალისწინებით, თუ რა პროცესი უძღოდა წინ ამ ყველაფერს, ვინმეს შეუძლია დღეს მითხრას, რომ ხვალ რაიმე ახალი იდეა არ გაჩნდება “ქართულ ოცნებაში”?! ყველა ეს ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადადგა “ქართულმა ოცნებამ”, მის საწინააღმდეგოდ მუშაობდა, მაგრამ მაინც დგამდნენ. ახლა რა გარანტიაა, რომ სწორად წაიყვანენ პროცესს?!
– დასავლეთის წერილები, კრიტიკა არ იყო გაკვეთილი ხელისუფლებისთვის?
– გეკითხებით, 8 მარტამდე ხომ იყო ეს წერილები, კრიტიკა და ისწავლა ხელისუფლებამ რამე გაკვეთილი?! ხომ ჩანდა ხელისგულზე, რომ შეთანხმების დარღვევას არ აპატიებდნენ. რატომ გახდა საჭირო ეს ვაი-უშველებელი?! ფაქტია, რომ ვერ სწავლობს, რატომ? ვერ გეტყვით! და მაინც ჩააგდებს? შეიძლება ჩააგდოს, არ გამოვრიცხავ. ამიტომ, როდესაც ტაბლოზე მომხრეთა რიცხვი მეტი იქნება და კონსტიტუციაში ეს ცვლილებები აისახება, მაშინ ვიტყვი, რომ გავიდა.
– და თუ მაინც ჩავარდა, რა ფასი შეიძლება დაუჯდეს “ქართულ ოცნებას”?
– სამწუხაროდ, თუ ჩავარდება ცვლილებები, მხოლოდ ხელისუფლება არ გადაიხდის ძვირ ფასს. ეს მთლიანად ცუდად აისახება ქვეყანაზე. მის იმიჯზე, მის მომავალ პერსპექტივებზე. პირველ რიგში არა იმდენად პოლიტიკურად, რამდენადაც ეკონომიკური კუთხით.
– გულისხმობთ, კუბილიუსმა რომ გვითხრა 500 მილიონი ევრო მიბმულია მთელ ამ პროცესთანო?
– არა მხოლოდ 500 მილიონი. 30 წელია, ჩვენ დასავლეთის ხარჯზე ვცხოვრობთ. დასავლეთი არაფერს არ ითხოვს ისეთს, რაც ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო იყოს. დასავლეთს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვს – გავხდეთ ნორმალური, დემოკრატიული სახელმწიფო. თუ ფინანსური ინექცია შეწყდება მათი მხრიდან, მაშინ საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით.
და ამას არ გაუწევს ხელისუფლება ანგარიშსს?
– უნდა გაუწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მართლაც კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. ფინანსური ინექციის შეჩერებას უკვე მოჰყვება ძალიან საშიში პოლიტიკური პროცესი. ამიტომ, ხელისუფლება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რომ ასე არ შეიძლება ურთიერთობა დასავლეთთან, რომ ეს არაფერ კარგს არ მოუტანს ქვეყანას. მათ რომ არ მოუტანს, ეს გასაგებია.
– დასავლეთის გზავნილებიდან იკითხება, რომ დაკვეთა კოალიციურ მთავრობაზეა?
– დასავლეთის მხრიდან პირველ რიგში დაკვეთა არის იმაზე, რომ შეთანხმება უნდა შეასრულდეს. მეორე, კითხვები არ უნდა გაჩნდეს არც სასამართლოს მიმართულებით და არც არჩევნების მიმართულებით. ეს ორი ფუნდამენტური მიმართულებაა.
თუ ეს კითხვები არ იქნება, მაშინ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს კითხვები სულ არის ჩვენნაირი სახელმწიფოების მისამართით. ამიტომ, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს კითხვები მოხსნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება ძალიან რთული იქნება.
ვნახოთ, გააცნობიერებს თუ არა ამას ხელისუფლება.