ვახტანგ ძაბირაძე – “არ ვარ დარწმუნებული, რომ ნაციონალურ მოძრაობას აწყობს საარჩევნო სისტემის ცვლილება”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე საუბრობს.

– ბატონო ვახტანგ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ელოდებით თუ შეიძლება საგანგებო მდგომარეობა გამოიყენოს ხელისუფლებამ საბაბად და უარი თქვას?    

– ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, საგანგებო მდგომარეობას დიდხანს ვერ გააგრძელებს. ის ქვეყნებიც კი, სადაც პანდემია მართლაც მძვინვარებს, გახსნაზე საუბრობენ. ხელისუფლებას არ ექნება მიზეზი, საგანგებო მდგომარეობა გააგრძელოს. შესაბამისად, არც იმის მიზეზი ექნება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ განახორციელოს სწორედ ამ მიზეზით.

სხვადასხვა მიზეზებით, მიზეზებს რა დალევს, მაინც უარს იტყვის, მაშინ მას მოუწევს პასუხის გაცემა არა ოპოზიციასთან, არამედ საერთაშორისო პარტნიორებთან – ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლებიც შეთანხმების შუამავლები იყვნენ. მე მეეჭვება, რომ ხელისუფლება წავიდეს იმაზე, რომ ევროკავშირი და ამერიკა მოატყუოს, მათ დაუპირისპირდეს.

– ერთი სიტყვით, ცვლილებებს ელოდებით.

– დიახ, კონსტიტუციაში ცვლილებები შევა. თუმცა, რაც შეეხება მეორე საკითხს, პატიმრების გამოშვებას, აღარ ვსაუბრობ, ისინი არიან პოლიტპატიმრები თუ არ არიან, მე მეეჭვება, რომ ხელისუფლებამ ისინი გამოუშვას.

თუ ოპოზიცია, რომელიც პარლამენტშია, უარს იტყვის საკონსტიტუციო ცვლილებში მონაწილეობაზე, სწორედ ამ მოტივით და უკვე ასე იქადნება ნაციონალური მოძრაობა, მაშინ, მოგეხსენებათ, ცვლილებები ჩავარდება, რადგან “ქართულ ოცნებას” ხმები არ ყოფნის. მაშინ ხელისუფლება ამ “ჩავარდნას” პირდაპირ ოპოზიციას დააბრალებს და ეს იქნება მშვენიერი საბაბი ოპოზიციის ხელით მიცემული. რეალურად ეს ხიფათი არსებობს.

– თუ შეთანხმება არსებობს?

– მაშინ, ოპოზიციის მხრიდან ბევრად უფრო გონივრული იქნებოდა, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებას, გაიმარჯვოს არჩევნებში, როგორც ამბობენ და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები. თუმცა, ერთი საკითხი არის აქ გასარკვევი.

– რა საკითხი?

– მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ნაციონალურ მოძრაობას აწყობს საარჩევნო სისტემის ცვლილება.

– არსებული შერეული მოდელი მათ, როგორც მსხვილ პარტიას, უფრო აწყობთ?

– რა თქმა უნდა და ამაზე თავიდანვე იყო საუბარი. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს საბაბი მოიდოს მიზეზად ერთმაც და მეორემაც, ვგულისხმობ ნაციონალებს და “ოცნებას”. თუ ძველი სისტემა შენარჩუნდება, მაშინ არჩევნებში გამარჯვებული პარტია ძალაუფლებას არავის არ გაუყოფს, რაც გამორიცხულია შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებით. თუ ცვლილებები მოხდება, ბევრი წვრილი პარტია შევა პარლამენტში და ეს შემდეგ მთავრობის დაკომპლექტებაზეც აისახება. თუმცა, ცხადია, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. ბევრი წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც გამოჩნდება.

– შეიძლება “ოცნებამ” კვლავ იგივე რიტორიკით წარმართოს წინასაარჩევნო კამპანია – მე თუ არ ამირჩევთ, ნაციონალური მოძრაობა მობრუნდება?     

– რა თქმა უნდა, ეს იქნება წამყვანი თემა საპარლამენტო არჩევნებში, მით უფრო, ბოლო დღეების სააკაშვილის უკრაინულ პოლიტიკურ ცხოვრებასაც თუ  გავიხსენებთ. ეს ის თემაა, რომელიც ძირითადი იქნება. ყოველ შემთხვევაში, ამ ორ პარტიას შორის და, რაც მთავარია, ორივე ძალა ყველაფერს გააკეთებს, რომ იყოს ორპარტიული არჩევნები არა მხოლოდ ახლა, მომავალშიც. თუ რაღაც გამონაკლისი და არაორდინალური ვითარება არ შეიქმნა. ცხადია, ხელისუფლება შეეცდება, ყველა მონათლოს ნაციონალებისა და სააკაშვილის ქუდის ქვეშ.

– “ლელოს” მონათლავს ამ ქუდის ქვეშ, თუ ის შეძლებს მესამე ძალად ფორმირებას?

– რაც შეეხება მესამე და მეოთხე ადგილს, მე მგონია, რომ მესამე ადგილს ალბათ “ევროპული საქართველო” და მეოთხეს “ლელო” გადაინაწილებენ. დაახლოებით ასე გამოიყურება არსებული სურათით საარჩევნო შედეგების სავარაუდო მონახაზი. როგორც ჩანს, “ლელოს” მაინც გაუჭირდება პოზიციების უფრო გამყარება. ვნახოთ, ჯერ არჩევნებამდე 6 თვე არის დარჩენილი და იქამდე შეიძლება რაღაც კიდევ მოხდეს.