22.307 ლარის ხელფასი თვენახევარში – რა ქონებას ფლობს ვანო ზარდიაშვილი

ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი 2019 წლის ოქტომბერში, კოლეგასთან ეკა ბესელიასთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა, იმავე წლის ნოემბერში სახელმწიფო შპს ენერგოტრანსში გენერალური დირექტორის პირველ მოადგლედ დაინიშნა.

ამ თანამდებობაზე, როგორც მის მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ყოფილმა კანონმდებელმა მხოლოდ თვენახევარში ხელფასის სახით 22,307 ლარი აიღო.

ვანო ზარდიაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია 24 ივნისს შეავსო. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გასული წლის 1-იანვრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით პარლამენტის წევრობისას მისმა შემოსავალმა 42 585 ლარი შეადგინა. 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კი შპს ენერგოტრანსში კი 22 307 ლარი.

ცნობისათვის, შპს „ენერგოტრანსი“ დაარსდა 2002 წელს. 2009 წლიდან შპს „ენერგოტრანსის“ 100% წილის მფლობელია სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. შპს „ენერგოტრანსის“ საქმიანობა რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნულ კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე.

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, დეპუტატი რამდენიმე ბინის მესაკუთრეა. კერძოდ, მის საკუთრებაშია თბილისში 160 კვადრატული მეტრი ფართობის, 117 კვ. მეტრის და ოთხი 49 კვ. მეტრი ფართობის ბინა, რომელიც 2011-2013-2014 წლებში აქვს შეძენილი და ჯამში 235 000 დოლარი აქვს გადახდილი.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი და მისი ოჯახის წევრები არ ფლობენ მოძრავ ქონებას.

რაც შეეხება ზარდიაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 3 439,7 ლარი და 26,02 დოლარი ჰქონდა.

ვანო ზარდიაშვილი მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი მეუღლე ფლობს: თბილისში 110 კვ. მეტრისა და ბათუმში 51,6 კვ. მეტრი ფართობის ბინებს, რომელიც 2017 წელს მშობლისგან აქვს ნაჩუქარი. მის საკუთრებაშია ასევე 60 კვ. მეტრი ფართობის კომერციული ფართი დედაქალაქში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში, სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 1000,07 ევროს ანაბარი და 576 ლარი ხელფასი.

ამასთან, ზარდიაშვილის მეუღლის შემოსავალმა გასულ წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე – 46 914 ლარი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექტორობისას კი – 6 327,48 ლარი შეადგინა.

ბპნ