დაბრუნებული დიდება ენფილდზე

დაბრუნებული დიდება ენფილდზეკოტიკო გოგინაშვილი

2020 წლის 25 ივნისი ოქროს ასოებით ჩაიწერება ლივერპულის ისტორიაში, რადგან ამ დღეს ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებულების სიას ახალი გუნდი დაემატა. მანჩესტერ სიტის მარცხის შემდეგ ლონდონის ჩელსისთან იურგენ კლოპი გახდა პირველი გერმანელი მწვრთნელი, რომელიც დაეუფლა პრემიერლიგის თასს.

ქალაქი ლივერპული გადაიქცა საგიჟეთად. კორონავირუსის მიუხედავად, წითლების უზარმაზარი არმია გამოვარდა ქუჩაში ნანატრი ჩემპიონობის აღსანიშნავად.

1990-2020 – ეს არის პერიოდი, როდესაც მერსესაიდელი გულშემატკივრები ყოველი წარუმატებელი სეზონის შემდეგ ამბობდნენ – მომავალი წელი ჩვენი იქნება. ამას მოყვებოდა ბევრი ცინიკური კომენტარი მეტოქე გუნდების გულშემატკივრებისგან.

მაგრამ მაინც რატომ ვერ ხდებოდა 30 წელი ინგლისური ფეხბურთის გრანდი ინგლისის ჩემპიონი? მე შევეცდები ამის ახსნას.

გაძლიერებული კონკურენტები და არასტაბილური ლივერპული

სერ ალექს ფერგიუსონის მოსვლის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა ბრიტანული ფეხბურთის ტახტიდან ჩამოაგდო ლივერპული.  90-იანების ბოლოს კიდევ ერთი ტოპ ინგლისური გუნდი გაძლიერდა. არსენ ვენგერმა ფრანგული დინასტია ჩამოაყალიბა არსენალში. გასული საუკუნის მიწურულსა და ახლის დასაწყისში იუნაიტედი და არსენალი დომინირებდნენ კუნძულზე, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ გაჩნდა კიდევ ერთი მონსტრი ჩელსის სახით.

რას შვრებოდა ამ დროს ლივერპული?  მერსესაიდულ გუნდში დიდი ხნის განმავლობაში ფრანგულ- ესპანური ეპოქა იყო დამყარებული. 21-ე საუკუნის დასაწყისში ჟერარ ულიეს მეთაურობით წითლების რიგებში გამოჩნდნენ იმედისმომცემი ახალგაზრდა ინგლისელები (მაიკლ ოუენი, რობი ფაულერი, სტივ მაკმანამანი). ფრანგის ხელმძღვანელობის პერიოდში ლივერპულის მაისურით პირველი ნაბიჯები გადადგეს, გუნდის მომავალმა ლეგენდებმა სტივენ ჯერარდმა და ჯეიმი კარაგერმა.  2001 წელი (უეფას თასი, ინგლისის ორივე თასი, უეფას სუპერ თასი) იყო ულიეს ლივერპულის საუკეთესო სეზონი ფრანგული დინასტიის პერიოდში, მაგრამ ჩემპიონი გახდა მანჩესტერ იუნაიტედი.

იმის გამო, რომ წითლები ვერ იბრუნებდნენ პრემიერლიგის საუკეთესო გუნდის სტატუსს, ლიდერები ტოვებდნენ მერსისაიდს. მაიკლ ოუენმა და სტივ მაკმანამანმა სწორედ წარუმატებელი საჩემპიონო რბოლის გამო, ლივერპულში დარჩენაზე უარი თქვეს და გადაბარგდნენ მადრიდში, რეალის ღირსების დასაცავად.

ესპანური კვალი ენფილდზე

გუნდის ხელმძღვანელობა ხვდებოდა, რომ საჭირო იყო ახალი სისხლი. ამიტომაც 2004 წლის ზაფხულში ესპანური ვალენსიას ყოფილი დამრიგებელი- რაფაელ ბენიტესი გახდა ლივერპულის თავკაცი. რაფას წარმატებული ვალენსიური კარიერის გამო, ქალაქში ესპანელის დანიშვნას გუნდის მთავარ მწვრთნელად ოპტიმისტურად უყურებდნენ ლივერპულის გულშემატკივრები.

2004-2010 არის ბენიტესის მუშაობის პერიოდი ენფილდ როუდზე. ეს 6 სეზონი სქაუზერებს არასოდეს დაავიწყდებათ. რაფამ ჩამოაყალიბა ტოპ ფეხბურთელებად სტივენ ჯერარდი და ჯეიმი კარაგერი, ბენიტესი დიდ ყურადღებას აქცევდა ესპანელებს გუნდში, აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ ფერნანდო ტორესი და ხაბი ალონსო გახდნენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები წითლების მაისურით. შემტევ ხაზში ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ ჰოლანდიელები რაიან ბაბელი და დირკ კიუიტი. ტრიუმფალურად დასრულებული 2005 წლის შემდეგ, როდესაც ლივერპულმა გმირულ სტილში ასწია ჩემპიონთა ლიგის თასი, მერსისაიდელ გულშემატკივრებს გაუჩნდათ იმედი, რომ რაფა პრემიერლიგასაც მოაგებინებდა ლივერპულს, მაგრამ იმედიანად განწყობილმა ენფილდის ფანობამ დიდი იმედგაცრუება მიიღო.

რა იყო საჩემპიონო რბოლის წარუმატებლობის მიზეზი? ამ კითხვის პასუხი არის არასტაბილურობა.  გაგიკვირდებათ, მაგრამ 2005-ში წითლები ოთხეულშიც ვერ მოხვდნენ. ბენიტესმა ჩამოაყალიბა კარგი სათასო გუნდი, რომელიც წარმატებას ძირითადად ევროთასებზე აღწევდა. აქედან გამომდინარე, ლივერპულს შეეძლო დაემარცხებინა ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონა, რეალი, ინტერი, იუვენტუსი, მაგრამ ინგლისის პრემიერლიგაში ქულები დაეკარგა საშუალო დონის კოლექტივებთან და ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მიიტანა ბენიტესმა პრემიერლიგის თასი ენფილდზე.

ღრმა კრიზისი

2009-10-ის სეზონი აღმოჩნდა ესპანელის ბოლო სეზონი მერსისაიდში. რაფას წასვლის შემდეგ ლივერპული ჩავარდა ურთულეს სიტუაციაში. წითლების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა როი ჰოჯსონი, რომელმაც 2010-ში საკმაოდ მოულოდნელად ფულემი გაიყვანა ევროპის ლიგის ფინალში, სადაც ლონდონელები ძალიან დასანან შეხვედრაში დამარცხდნენ მადრიდის ატლეტიკოსთან ანგარიშით 1-2.

ჰოჯსონის სატრანსფერო პოლიტიკა კატასტროფული აღმოჩნდა. გუნდში ძალიან ბევრი საშუალო დონის ფეხბურთელი მოვიდა – კირიაკოსი, კონჩენსკი, პოულსენი და დაბერებული კოული. 2011 წლის იანვარში ჩელსიში სათამაშოდ გადაბარგდა ფერნანდო ტორესი, რომელსაც თითქოს ლივერპულის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი ჰქონდა. სამაგიეროდ, მის მაგივრად ამსტერდამის აიაქსიდან, ენფილდის გასახარებლად, ლივერპულს შეუერთდა ლუის სუარესი.

ჰოჯსონის წასვლის შემდეგ ლივერპული ჩაიბარა გუნდის ლეგენდა კენი დალგლიშმა. თავიდან თითქოს მეფე კენიმ დაუბრუნა ენფილდს ხალისი, რადგან წითლები ლაღ და საინტერესო ფეხბურთს აჩვენებდნენ. 2012 წელს ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა დალგლიშმა მერსისაიდელებს, თუმცა შოტლანდიელის ვოიაჟი თავის საყვარელ გუნდში ხანმოკლე აღმოჩნდა. კენის მუშაობის უკანასკნელ სეზონში მერსისაიდელებმა პრემიერლიგაში დაიკავეს მე-8 პოზიცია და ენფილდზე მხოლოდ 6 შეხვედრა მოიგეს, რამაც ლეგენდარულ არენას აუღებელი ციხე-სიმაგრის სტატუსი შეულახა. ლივერპული წლების მანძილზე იყო ინგლისური ფეხბურთის ღირსეული წარმომადგენელი ევროთასებზე, თუმცა ბენიტესის წასვლის შემდეგ, წითლები 4 სეზონი ვერ ახერხებდნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას 2010-2014 წლებში.

ფატალური უიღბლობა

ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ამ ოცდათწლიან პერიოდში იყო მხოლოდ სამი სეზონი, სადაც ლივერპულს ჩემპიონობა რეალურად შეეძლო.

2008-09-ის სეზონი წითლებმა შესანიშნავად დაიწყეს, გუნდი ზამთრის ჩემპიონიც გახდა, მიწასთან გასწორებული იუნაიტედი ოლდ ტრაფორდზე, ფერნანდო ტორესის არაჩვეულებრივი ფორმა, ქარიზმატული სტივენ ჯერარდი, თითქოს დადგა ბენიტესის დროც, მაგრამ ანდრეი არშავინის პოკერი ენფილდზე და განადგურებული საჩემპიონო ოცნებები. სქაუზერებისთვის სამწუხაროდ, პრემიერლიგის თასი კვლავ მოსისხლე მტრის ბანაკში, ოლდ ტრაფორდზე დარჩა.

2013-14 – ეს არის სეზონი, რომლის გახსენება არ სურთ ლივერპულის ქომაგებს. ნანატრი ტიტული ახლოს იყო, მანჩესტერ სიტის ფეხბურთელებს ხელი ჩაქნეული ჰქონდათ, მაგრამ  ჩელსისთან შეხვედრაში ჯერარდის დაცდენილი ფეხი, ლივერპულის ბურთის ფლობის ძალიან დიდი პროცენტიდა ენფილდის ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში შოკისმომგვრელი აღმოჩნდა სქაუზერებისთვის-  0-2. ამის შემდეგ სელჰერს პარკზე მერსისაიდელებმა ჩემპიონობის ყველანაირი შანსი დაკარგეს – 3-3.

ამ ორმა შეხვედრამ გააფუჭა ბრენდან როჯერსის გუნდის იდეალური სეზონი. ინგლისის ჩემპიონი გახდა მანჩესტერ სიტი.

2018-19 – 97 ქულა და ისევ ეს წყეული მეორე ადგილი, მეტი რაღა უნდა გააკეთოს გუნდმა იმისთვის, რომ გახდეს ქვეყნის ჩემპიონი?  ერთი შეხედვით ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ მოითხოვს დიდ ინტელექტს, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. რატომ? იმიტომ, რომ, როდესაც შენ თამაშობ ჩემპიონატში, სადაც კონკურენცია ძალიან დიდია და ყოველ წელს იცვლება ქვეყნის ჩემპიონი, აცნობიერებ, რომ შესაძლოა ნებისმიერ გუნდთან დაკარგო ქულა და გაუშვა ხელიდან ტიტული.

ჩვენ ლივერპულის ფეხბურთელების ფსიქოლოგიური მდგომარეობაც არ უნდა დავაიგნოროთ. როგორია, როცა გულშემატკივრების არაერთი თაობა ელოდება ტიტულს, მეტოქე გუნდის ფანები კი ყოველ წელს გულს იმით იმშვიდებენ, რომ ლივერპული ვერ ხდება ინგლისის ჩემპიონი, იქმნება წითლების ლუზერობის ამსახველი უამრავი კარიკატურა.

ნანატრი წარმატება

ასეთი წარუმატებელი და დაწყევლილი წლების შემდეგ რთულია, ოპტიმიზმით შეხედო საჩემპიონო ამბიციებს, მაგრამ იურგენ კლოპი არ იქნებოდა იურგენ კლოპი, რომ ფსიქოლოგიურად გამტყდარიყო.

2015 წლის 8 ოქტომბერს მერსისაიდელ ფანებში გაჩნდა ოქროს ცის გამოჩენის იმედი, რადგან კლოპის დანიშვნამ ლივერპულის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ნელ-ნელა დაიწყო გუნდის ამოყვანა ჭაობიდან,  კლოპმა საშუალო დონის ფეხბურთელებისგან შექმნა ტიტულების მანქანა. ვინ იფიქრებდა, რომ საუთჰემპტონის, ნიუკასლის, ჰოფენჰაიმის და რომას ყოფილი ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები გახდებოდნენ ამ მონსტრის შემადგენელი ნაწილები, მაგრამ იურგენმა საკმაოდ მწირი ინგრედიენტებით მოამზადა უგემრიელესი საფეხბურთო კერძი, რომლის თამაშის დაგემოვნება ყოველდღე სურს გულშემატკივარს.

წყევლა მოიხსნა, ნავსი გატეხილია, ლივერპული 2019-20-ის ინგლისის ჩემპიონია და ეს ყველაფერი ვისი დამსახურებაა? რა თქმა უნდა, სათვალეებიანი, ქარიზმატული და შეშლილი გერმანელის, რომელიც მარტო არასოდეს იქნება.

კლოპმა დაუბრუნა ლივერპულის გულშემატკივრებს ღიმილი, სიხარულის განცდა და ის ემოციები, რაც ენფილდს აკლდა. გავა დრო და ხალხი გაიხსენებს უდიდესი სიამაყით ამ გუნდს, მის წარმატებას და, რასაკვირველია, ყველა იმ ფეხბურთელს, რომლებიც იყვნენ ჰერ იურგენის ერთგული ჯარისკაცები. შეიძლება 10-15 წლის შემდეგ ჩვენ ვიხილოთ ენფილდის წინ კლოპის, ჰენდერსონის, ვან დეიკის, სალაჰის, ფირმინოს, მანეს და კიდევ სხვა წითელი მეომრების ძეგლები, რომელთა დანახვის შემდეგ გულშემატკივარს გაახსენდება დიდებული ნისლიანი ალბიონის ინგლისურ- გერმანული მანქანა.