დიმიტრი შაშკინი – „ოცნება“ ანადგურებს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია განათლებასთან“

დიმიტრი შაშკინი - „ოცნება“ ანადგურებს ყველაფერს, რაც დაკავშირებულია განათლებასთან“„სატელევიზიო გაკვეთილები დისტანციური სწავლება არ არის. ეს იგივეა, „ჟიგული“ რომ „ფერარის“ შეადარო“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ მასწავლებლის სახლის შენობის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაცემა იმაზე მიუთითებს, რომ განათლება „ქართული ოცნებისთვის“ პრიორიტეტული არ არის. ექსმინისტრი ამბობს, რომ განათლების სფეროში პროგრესი გაიყინა და ამის საილუსტრაციოდ საერთაშორისო კვლევები მოჰყავს.
ამ საკითხების შესახებ და იმაზე, რამდენად ეფექტიანად იმუშავა განათლების სამინისტრომ დისტანციური სწავლების დანერგვის თვალსაზრისით და არის თუ არა საჭიროება, ისევ გაგრძელდეს ეს სისტემა შემოდგომიდანაც, დიმიტრი შაშკინი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საუბრობს:
– თქვენ თქვით, რომ მასწავლებლის სახლის შენობა სუსს გადაეცემა. რასთან გვაქვს საქმე და რა ინფორმაციას ფლობთ, რატომ ხდება ეს?
– მე ეს დავუკავშირე იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ ეზიზღება და სძულს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია განათლებასთან. ეს არის „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკის შედეგი, რომელიც დაიწყო 2013 წელს, როდესაც ბათუმში დახურეს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. შენობა გაყიდეს აუქციონზე ბინებად და სასტუმროდ. „ოცნებას“ არანაირი სიმპათია არ აქვს განათლების მიმართ. ისინი არ იზიარებენ ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციას, რომ განათლება ამ ქვეყნის მომავალია. ამიტომ მიზანმიმართულად, ყოველდღიურ რეჟიმში აფუჭებენ და ანადგურებენ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია განათლებასთან.
ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იყო გადადგმული ამ მიმართულებით. ბოლო ცენტრი, რომელიც დარჩენილი იყო მასწავლებლის სახით, გადასცეს სუს-ს. ეს ცენტრი შექმნილი იყო, როგორც მასწავლებლის სახლი, აშენებული, როგორც მასწავლებლის სახლი და აღჭურვილი, როგორც მასწავლებლის სახლი. ბოდიში ჟარგონისთვის, მაგრამ ნახეს ყველაზე დაბალი ღობე, ყველაზე დაჩაგრული კატეგორია, მასწავლებლები და მათ წაართვეს ეს შენობა.
– რატომ მაინცდამაინც სუს-ს? ამაში რა ლოგიკა დაინახეთ?
– არა, ამაში ლოგიკა არ არის. „ქართული ოცნების“ მოქმედებაში ლოგიკა არ არსებობს. მათ ამოძრავებთ ორი რამე: ეს არის ზიზღი განათლების მიმართ და ეს არის ზიზღი ყველაფრის მიმართ, რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა ამ ქვეყანაში.
– თუ მათ გაცხადებულ პოლიტიკას დავესესხებით, განათლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, მაგრამ რეალურად ეს არ ჩანს?
– შეკითხვაზე შეკითხვით გიპასუხებთ: დამისახელეთ ერთი რამე, საიდანაც ჩანს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია განათლება. 8 წლის განმავლობაში რა გააკეთეს განათლების მიმართულებით?
– ნამდვილად არ მახსენდება რაიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ მახსენდება გამოსაშვები გამოცდების გაუქმება.
– გაფუჭების გარდა, მათ განათლების სექტორში არაფერი გაუკეთებიათ და ძალიან ბრმა უნდა იყო, რომ ეს ვერ დაინახო.
– ანუ იმას ამბობთ, რომ ამ სფეროში პროგრესი გაიყინა?
– განათლებაში მათი მავნებლობის შედეგია პიზას კვლევა. ესეც ხომ არ არის ნაცმოძრაობის კვლევა. საერთაშორისო კვლევაა, რომლის მიხედვითაც საქართველო საკმაოდ სერიოზულად ჩამოლაბორანტდა. თუ საქართველო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პიზას კვლევით აღიარებული იყო კატართან და არგენტინასთან ერთად, როგორც ყველაზე დინამიკური და სწრაფად განვითარებადი სისტემების მქონე, ახლა ჩვენ ჩამოვლაბორანდტით მესამე ქვეყნების დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინისა და კატარის ფინანსური შესაძლებლობები ჩვენსას მნიშვნელოვნად აღემატებოდა, ჩვენ ეს შედეგი მაინც გვქონდა.
– ოპოზიციური პარტიების მხრიდან მუდმივად არის ბრალდება, რომ სუსი ხშირად ერევა საარჩევნო პროცესში და მას წარმართავს. ხედავთ თუ არა მასწავლებლის სახლთან მიმართებით არჩევნების კონტექსტსაც?
– ფაქტია, რომ ეს შენობა წაართვეს განათლების სისტემას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს სფერო არ აინტერესებს. ის, რომ გადაეცემა სუს-ს, მეტყველებს იმაზე, თუ რა აინტერესებს „ქართულ ოცნებას“. ძალიან მარტივია არჩევანი. 4 თვეში ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ურჩევნია ხელისუფლება, რომელიც მათ შვილებს აძლევს განათლებას თუ ურჩევნია ქვეყანა, სადაც სუს-ი განკარგავს ყველაფერს. აი, ეს არჩევანი დგას ხალხის წინაშე და, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.
– არის ინფორმაცია და განათლების სამინისტროც არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ოქტომბრიდან ისევ დისტანციური სწავლება იყოს როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში. იმ ფონზე, როდესაც არცთუ ისე მძიმე ვითარებაა საქართველოში, რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს?
– განათლების სამინისტრომ ჩააგდო დისტანციური სწავლების პროგრამა. რასაც ესენი დისტანციურ სწავლებად ასაღებენ, ამას ჰქვია სატელევიზიო გაკვეთილები. ეს არის 80-იანი წლების თემა. თუ ვინმე ცდილობს, „ჟიგული“ გაასაღოს თანამედროვე მანქანად, მაშინ ის ძალიან უტიფარი ადამიანი უნდა იყოს.
– განათლების სამინისტრო „ჟიგულის“ „ფერარად“ ასაღებს?
– ასე გამოდის. სატელევიზიო გაკვეთილები არის „ჟიგული“. სატელევიზიო გაკვეთილები არის 80-იანი წლების დასაწყისის ეპოქა. მსოფლიო გადასულია ონლაინგაკვეთილებზე, სადაც ინტერაქცია და ონლაინშეფასებაა. ბოდიში, მაგრამ ტელევიზორი ვერ აფასებს ცოდნას. თუ „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებიც ტელევიზორს ელაპარაკებიან, ეს მათი ფსიქოლოგიური პრობლემაა და ექიმებთან გადაწყვიტონ ეს პრობლემა. განათლების პროცესში, ცოდნისა და შინაარსის გადაცემის გარდა, უმნიშვნელოვანესია ორი კომპონენტი: ცოდნის გადაცემა და შეფასება. ტელევიზორი არც ინტერაქციასა და არც შეფასებას არ აკეთებს. ტელევიზორს შეუძლია, გადასცეს ინფორმაცია, მეტი არაფერი. განათლებისთვის ეს საკმარისი არ არის. ახლა, როდესაც გამოდიან და უტიფრად ატყუებენ საზოგადოებას, ვის ატყუებენ?! გამოვიდეთ და ვამტკიცოთ, რომ „ჟიგული“ კარგი მანქანაა?!
– ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავთ?
– სხვა გამოსავალი არ არის. საქმე გვაქვს უცოდინარ, გაუნათლებელ და მავნებელ ხალხთან და სხვა გამოსავალი აღარ რჩება.
– თქვენ პირადად თუ აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას?
– ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის ჯარისკაცები ვართ და, როგორც ჩვეულებრივი, რიგითი ადამიანი, მე აუცილებლად შევეცდები ჩემი წვლილის შეტანას.