გია ხუხაშვილი – „ოცნებამ“ და ოპოზიციამ აბსურდი და საგიჟეთი მოაწყვეს“

 „ჩვენი პოლიტელიტა ერთი დაჯგუფებაა და იქცევა პრინციპით – ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
პარლამენტმა 117 ხმით სამის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემით ჩატარდება. კენჭისყრაში ნაციონალურ მოძრაობასა და „ევროპულ საქართველოს“ მონაწილეობა არ მიუღიათ. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნებაც“ და ხსენებული ოპოზიციური პარტიებიც საკონსტიტუციო ცვლილებებს თავიანთ დამსახურებად მიიჩნევენ.
ვისი დამსახურებაა და რა გამოაჩინა ამ პროცესმა დემოკრატიის თვალსაზრისით? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.
– პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. დასრულდა თუ არა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ერთი ეტაპი?
– არაფერი არ დასრულებულა. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ პოლიტიკური ძალებისთვის არაფერი შეცვლილა. დაპირისპირებულები ისევ დაპირისპირებულებად დარჩნენ, საერთოდ თავდაყირა პროცესი მივიღეთ. ვინც ცოტა ხნის წინ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებები, მან მხარი დაუჭირა, ხოლო ვინც ითხოვდა, იმან მხარი არ დაუჭირა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აბსურდამდე მიიყვანეს.
– თუმცა ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ამას თავიანთ დამსახურებად მიიჩნევენ. რეალურად ვისი დამსახურებაა?
– ეს ბუნებრივია, რომ თავიანთ დამსახურებად მიიჩნევენ. გინახავთ საქართველოში პოლიტიკური ძალა, რომელიც თავის დამსახურებად არ მიიჩნევს იმას, რაც ხდება ქვეყანაში პოზიტიური თვალსაზრისით?! ან ოპონენტს დაუთმობს დამსახურების საკუთარ თავზე მიწერას?! ასეთია საქართველოს პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება. შეგვიძლია, ერთმანეთს მივულოცოთ, მაგრამ პოლიტიკურ ელიტას მაინცდამაინც მისალოცად არა აქვს საქმე. ხელისუფლებამ სისტემურად მძიმე შეცდომა დაუშვა, მძიმე დანაშაული ჩაიდინა მთელ ამ პროცესში. სამწუხაროდ ეს ბავშვების ჯანმრთელობის ფასადაც დაგვიჯდა. ოპოზიციამ კი, როგორც ყოველთვის, თავი „ისახელა“ ბოლო ეტაპზე.
ეს არც იმათი დამსახურებაა, ვინც გულში ბოღმითა და სახეზე ღიმილით დააჭირა პულტს თითი და არც იმათი, ვინც გულში ბოღმითა და სახეზე კოპების შეკვრით პულტს თითი არ დააჭირა. ეს ყველაზე მეტად იმ ბავშვების დამსახურებაა, რომლებმაც გულწრფელად უთხრეს უარი უღირს წარსულსა და უღირს აწმყოს.
– დემოკრატიის თვალსაზრისითაც შევხედოთ პროცესს – რა აჩვენეს ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც თავიანთი ქმედებებით?
– არაფერი ახალი არ უჩვენებიათ, რაც იყვნენ, ის აჩვენეს. ერთი და იგივე მანკიერი ქმედება, ერთი და იგივე პოზიციონირება, რომელიც მიმართულია ძალაუფლებისა და პოლიტიკური დივიდენდებისაკენ და არა სახელმწიფო ინტერესებისაკენ. აი, ეს გვაჩვენეს, ისევე, როგორც ამას აკეთებდნენ ყველა სხვა ეპიზოდში.
– როდესაც „ოცნებას“ აკრიტიკებ იმის გამო, რომ ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებს ნაციონალებს ეძახის და შენ ქოცს ეძახი გერმანიის ელჩს მისი აზრის გამო, ეს რას აჩვენებს დემოკრატიული პროცესის თვალსაზრისით?
– ეს ხომ ერთი დაჯგუფებაა! ერთსა და იმავე სტილში იქცევიან – “ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერიას” პრინციპით. გერმანიის ელჩმა რა თქვა? ხელი ხომ არ დაუდია ვინმესთვის? მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ თავისი შეცდომებით, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო რუსეთს. შეიძლება, ამას არ დაეთანხმო ან დაეთანხმო, მაგრამ ბრალდებები ამ თვალსაზრისით არ შეიძლება.
განსაკუთრებით კომიკური იყო ამის შემდეგ „ქართული ოცნების“ ბოდიში, როდესაც მან შალვა ნათელაშვილის მაგივრად ბოდიში მოიხადა. დიდი ბოდიში, მაგრამ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძეს ჭკუა არ მოეკითხება?! იმიტომ, რომ ანალოგიური რაღაც თქვა მან ევროპარლამენტარებზე, კონგრესმენებსა და სენატორებზე. კობახიძის განცხადების გამო ბოდიშს არ იხდიან, იმიტომ, რომ თეთრი საბუთი აქვს – “გიჟი თავისუფალიას” პრინციპით მოქმედებს, ხოლო შალვა ნათელაშვილის განცხადების ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ ბოდიში მოიხადა. ეს ხომ საგიჟეთია. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო!
– ეს პროცესი ქვეყანას როგორ წარმოაჩენს, როდესაც მთელი მსოფლიო ხედავს ამგვარ მოქმედებებს?
– როგორც წარმოაჩენს, ეს ჩანს რეზოლუციებიდან, განცხადებებიდან და იმ სამწუხარო ტენდენციებიდან, რომლებსაც ვხედავთ დასავლეთის სხვადასხვა პოლიტიკურ ელიტაში. გერმანიის ნაწილს „ქართული ოცნება“ ხავსივით ჩაეჭიდა და გერმანიის ელჩი გახადა ყველაფრის საპირწონე, რაც მის თავს ტრიალებს, იქნება ეს კონგრესში, სენატში თუ სხვაგან.
– ორივე მხარის მისამართით ვკითხულობ, რათა შევინარჩუნოთ ობიექტურობა.
– არ არსებობს ორი მხარე, არსებობს ერთი მხარე და ეს არის ქართული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ერთი და იმავე ალგორითმით, ერთი და იმავე სტანდარტითა და ძალაუფლების დაუფლების ერთი და იმავე სურვილით ცხოვრობს. არ არსებობს საქართველოს ორი მხარე.
– როდესაც ამომრჩეველში არსებულ ნიჰილიზმზე ვსაუბრობთ, ეს დამოკიდებულება ხომ არ არის ამ ნიჰილიზმის გამღვივებელი ფაქტორი, როდესაც ამომრჩეველი ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც ამ სტილში ხედავს?
– რა თქმა უნდა. აბა, სხვას რა აღვივებს. ხედავენ, რომ ეს ადამიანები არ არიან მათი ინტერესების გამტარებლები და არიან ბრძოლაში, მაგრამ ხალხი არავის აინტერესებს. შესაბამისად, ხალხსაც დამოკიდებულება ასეთი აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორია, იმიტომ, რომ გამოსავალს ხალხი ვერ ხედავს. სამწუხაროდ, ამომრჩეველი პოლიტიკაში ჯერჯერობით ისეთ ადამიანებს ვერ ხედავს, რომლებიც მოქმედებენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სურთ, ქვეყანას ემსახურონ და არა ის, რომ მმართველად მოევლინონ მას. ეს არ ჩანს და ამიტომ არის საზოგადოებაშიც ასეთი დამოკიდებულება.
– გამოსავალი რაშია?
– გამოსავალი არის იმაში, რომ ახალი ძალებია საჭირო პოლიტიკაში, ახალი სისხლი სჭირდება, რომელსაც გადავაბარებთ ამ ქვეყანას. ვეცდებით, ვასწავლოთ მას, კარგი რაც არის და შევეცდებით, გადავაბაროთ ქვეყანა. მათი დრო დიდი ხანია მოსულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩამყაყებული პოლიტიკური ელიტა გასაქანს არ აძლევს.