ქართველი ემიგრანტის ნინო ნაროუშვილის ცხედარი, რომელიც იტალიის ქალაქ ბარიში გარდაიცვალა, ზუგდიდში დღეს უნდა ჩამოესვენებინათ.
52 წლის ნინო ნაროუშვილის შვილი, თათია გაბიჩვაძე ამბობს, რომ მილანის რეისით ცხედრის გადმოსვენებას თურქულ ავიაკომპანიის მიერ თბილისის აეროპორტში 27 ივნისის საღამოს ელოდნენ, თუმცა, სხვა მიცვალებულებთან ერთად მისი ცხედარი სატვირთო თვითმფრინავში არ აღმოჩნდა.
გარდაცვლილის ნათესავები, რომლებიც ცხედარს თბილისის აეროპორტში ელოდებოდნენ, „პრაიმტაიმთან” საუბარში აცხადებენ, რომ საბუთები ცხედრის გადმოსვენებაზე აიღეს, ფულიც გადაიხადეს და კოდიც მიანიჭეს ცხედარს, თუმცა თავად ცხედარი თვითმფრინავში არ იყო.
„ყველა სასწაულ დღეში ვართ. ამას ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ ცხედარი არ აღმოჩნდებოდა თვითმფრინავში. ვრეკავთ იტალიაში, საქართველოს საელჩოში, თუმცა დღეს კვირაა და იქ არავინ არ გვპასუხობს.
უბრალოდ ვითხოვთ გარკვევას, სინამდვილეში რა მოხდა და პასუხი არ გვაქვს არც ერთ კითხვაზე. ახლა კი ვარკვევთ ბოლოს, რომ ნინოს ცხედარი თურქეთში დარჩათ, ხუთშაბათამდე არ არის ფრენა და ჩვენ ვითხოვთ სასწრაფოდ გადმოსვენებას და ვთხოვთ მთავრობას დაგვეხმარონ ისედაც გამწარებულ ჭირისუფალს”,- ამბობს გარდაცვლილის შვილი თათია გაბიჩვაძე.
გარდაცვლილის ნათესავები არკვევენ, თუ რა გზებით შეიძლება ცხედარი უმოკლეს ვადებში სამშობლოში გადმოასვენონ. აეროპორტის ადმინისტრაცია მომხდარზე პასუხისმგებლობას იხსნის, რადგან ჩამოსვენებაზე პასუხისმგებელი ისინი არ არიან.
მომდევნო რეისი თურქეთიდან ხუთშაბათს უნდა განხორციელდეს, თუმცა ,ჭირისუფალი ცხედრის გადმოსვენებას უფრო ადრე, სარფის საბაჟოს გავლით ითხოვს.
პრაიმ ტაიმი

