საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 1 ბოლნისს უკავშირდება, 2 მარნეულს, 2 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო კიდევ 3 სამედიცინო პერსონალია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორიმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ეზუგბაიას თქმით, , სამივე ინფიცირებული ერთი კლინიკის წარმომადგენელია.
როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, კოვიდ-ცენტრში სულ 119 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ დილის მონაცემებით იყო 810 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა რვა ახალი და გვყავს 818. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი იყო და ამჟამად არის 686. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა უკვე ინფიცირებულების 84 პროცენტია.
რვა ახალი შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი არის მარნეულის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი გახლავთ საკარანტინო სივრციდან, შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა და სამი გახლავთ სამედიცინო პერსონალი. ჩვენი ცენტრის სამედიცინო პერსონალი არ არის.
ჩვენი ცენტრი 30 იანვრიდან ემსახურება როგორც შესაძლო, ისე დადასტურებულ შემთხვევებს და დღემდე არც ერთი სამედიცინო პერსონალის ინფიცირება არ გვქონია“,- განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ღამით გავრცელდა, 6 პირის მონაცემები კი stopcov.ge-ზე განახლდა. ამდროისთვის საქართვრლოში ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული.

