“ნეკა დოროყაშვილს პრეტენზიები ჰქონდა ქონებაზე და ნიკა ყოველთვის ცუდს ელოდა”

"ნეკა დოროყაშვილს პრეტენზიები ჰქონდა ქონებაზე და ნიკა ყოველთვის ცუდს ელოდა"ნიკა ბასილაშვილის ძმას, თენგო ბასილაშვილს, კვირის პალიტრა ესაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს იმ ნაწილს, რომელშიც ნიკასა და მის ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზეა საუბარი.

– დაოჯახებამ რა როლი ითამაშა ნიკას სპორტულ კარიერაში?
– ჩემთვის ძალიან ძნელია ამ თემაზე­ ლაპარაკი. ითქვა, თითქოს ნელის დამსახურებაა ნიკას წარმატება, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ნიკას წარმატებაში, ჩოგბურთის წესებში მაინც ხომ უნდა ერკვეოდეს?!
ძალიან მძიმეა ის ბრალდება, რასაც ნიკას ნელი უყენებს, რადგან ვინც იცნობს, ყველამ იცის, რომ ნიკა და აგრესია ერთმანეთისგან ძალიან შორს არიან. ნიკას ჩამოსვლის ერთადერთი მიზანი ლუკასის ნახვა და მასთან ურთიერთობა იყო. სულ ენატრება ბავშვი და ბევრ ტურნირზე თქვა უარი, შვილი რომ ენახა.

– ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა­ ჰქონდა?
– ნელისთან ცხოვრების დროს მას ოჯახურ პრობლემებზე არასდროს ულაპარაკია. ნელისთვის თვეში 100.000 ლარიც არასდროს გადაუხდია. ეს იმხელა თანხაა, ამის საშუალება არ აქვს, მაგრამ თავის ოჯახს არაფერს აკლებდა.

– რა მოხდა 21 მაისს ავჭალაში?
– კარანტინის პერიოდში მთელი ოჯახი ავჭალაში ვიყავით. შეიძლება ბევრი ცუდად იხსენებს კარანტინის პერიოდს,­ მაგრამ ჩვენ ისე გვყავდა ნიკა მონატრებული, პირიქით, გვიხაროდა, რომ აქ იყო. ერთად ვატარებდით დროს. ხან საჭმელს ვაკეთებდით, ხან ჩოგბურთს ვთამაშობდით. ბავშვი ძალიან ენატრებოდა, მაგრამ ლუკასი ნეკამ კახეთში, თავის მშობლებთან გაგზავნა და მის ნახვას ვერ ახერხებდა, თუმცა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით პრეტენზია არც ჰქონია. კარანტინი რომ მოიხსნა, ბავშვთან ურთიერთობა განაახლა. იმ დღეს ნელისთან ბავშვის წამოსაყვანად ერთად მივედით. არ მინდოდა, მარტო მისულიყო, რადგან ნელისგან ცუდს ყოველთვის ველოდით.

– ნელისგან ადრეც ყოფილა პროვოკაცია?
– ყოფილა… ბავშვის ნახვის საათები­ ამოწურული არ იყო, რომ ავჭალაში, ჩვენს სახლში შემოიჭრა. ადვოკატები ამბობენ, რომ ტანსაცმლის მოსატანად მოვიდა, ნელი ამბობს, ბავშვის წამოსაყვანად მივედიო… ჩემი აზრით, ეს დაგეგმილი იყო. ნელი დაუკითხავად არასდროს მოსულა ჩვენი მშობლების სახლში. კამერაში ნათლად ჩანს, რომ ნელიზე არავის უძალადია. ეს ტყუილია! სასაცილოა, თითქოს მამაჩემი გაეკიდა. მას ორივე მუხლზე მენისკი აქვს, აჩქარებით სიარულიც კი არ შეუძლია… თუმცა, ფაქტია, რომ ნელის პროვოკაცია გამოუვიდა – მთელ ოჯახზე შემაკავებელი ორდერები გამოიწერა, თითქოს ჩვენ მივცვივდით ნელის და არა – პირიქით. ამას დაემატა ნიკას დაკავება, რაც ძალიან მძიმეა ოჯახისთვის. ამან შეიძლება მომავალ სპორტულ ასპარეზობებში ხელიც შეუშალოს, რადგან მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

– რა მოტივი აქვს ნელი დოროყაშვილს?
– განქორწინების პროცესში და მერეც ნელის პრეტენზიები ჰქონდა ქონებასთან დაკავშირებით და ნიკა ყოველთვის ცუდს ელოდა. ნელი მსხვერპლი არ არის და მისი საქციელი შეიძლება ძალიან ცუდად აისახოს იმაზე, ვინც მართლაც მსხვერპლია. სიმართლე გაირკვევა, მაგრამ საზოგადოებამ შეიძლება იმ ადამიანების ნდობა დაკარგოს, ვინც მართლა ძალადობის მსხვერპლია. ამ პერიოდში ბევრმა ჩოგბურთელმა, ვინც ნიკას იცნობს, დაურეკა და თანადგომა გამოუცხადა. საქართველოში ძალიან ბევრმა, ვინც პირადად არც კი იცნობს ჩემს ძმას, მხარი დაუჭირა და მინდა მათ ნიკას სახელით მადლობა გადავუხადო.

– როგორი იქნება ნიკა ბასილაშვილის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ეს სასამართლო პროცესი ჩაივლის?
– ნიკასთვის მთავარი ლუკასია. ბავშვი გაიზრდება და მას უნდა ჰქონდეს სწორი პასუხი ყველა კითხვაზე, რომლებიც გაუჩნდება. ყოფილა შემთხვევები, ავსტრალიიდან სამი დღით ჩამოსულა ბავშვის სანახავად. ხშირად ტურნირის წინ დაურეკავს, რომ ლუკასის ხმა გაეგონა, მაგრამ ნელის შეუშლია ხელი, რომ ბავშვს დალაპარაკებოდა. სიმართლე რომ ითქვას, ნიკა ამისთვის არის წასული, რომ მომავალში მისი შვილი ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს. ნიკა თავისი ბუნებით ისე შორს არის ძალადობისგან, საზოგადოება ადვილად მიხვდა, რომ უდანაშაულოა, მომავალში კი უფრო დარწმუნდება.

კვირის პალიტრა