ნიკოლოზ მჟავანაძე – „საქართველო დავითგარეჯს თუ დათმობს, მადლს დაკარგავს”

ნიკოლოზ მჟავანაძე - „საქართველო დავითგარეჯს თუ დათმობს, მადლს დაკარგავს" „მივმართოთ ამერიკას, რომ აზერბაიჯანთან პრობლემა მოგვიგვაროს“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ უფლებადამცველთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პასუხობს.
– ბატონო ნიკოლოზ, დავითგარეჯთან დაკავშირებული საკითხი კვლავ გადასაწყვეტია, ხელისუფლების პოლიტიკა კი ამ საკითხთან დაკავშირებით ბუნდოვანია. როგორია თქვენი შეფასებები?
– 6 ათასი გარეჯელი ეწამა ამ მიწისთვის და რისთვის?! უყურადღებოდ გვაქვს მიგდებული ეს თემა და გავიძახით, კომისია, კომისიაო და მოვიდნენ ლამის თბილისამდე. ყველაფერი მიითვისა უკვე აზერბაიჯანმა. ხელისუფლების პოლიტიკა, როგორ ჩანს, ასეთია, რომ აღარ უნდა ახალი მტერი გაიჩინოს. არ უნდა ახალი კერა გააჩინოს, მაგრამ ყველაფერს ხომ არ დავუთმობთ, არა?! ჩვენი ქართული მიწა ასე თუ ყველას დავუთმეთ, ვისაც რა მოუნდება, ჩვენ რაღა გვრჩება?!
მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რას უცდიან? ყველა დეტალს და საარჩევნო საკითხს მათთან ათანხმებენ და ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რატომ არ ტეხენ განგაშს?! მიწას გვართმევენ და ეს საარჩევნო კოდექსზე მნიშვნელოვანი არ არის?! აზერბაიჯანელი ხელისუფლება დათმობაზე არ მოდის, რას ვიზამთ, ძალა აღმართს ხნავს.
– რა უნდა ქნას ხელისუფლებამ?
– მივმართოთ მეგობრებს. ეს ამერიკელები რისთვის არიან ჩვენი პარტნიორები. რაში გამოიხატება მათი მეგობრობა, რომ მარტო შეშფოთება-აღშფოთება გამოხატონ და ჭკუა დაგვარიგონ ჩვენ?! აზერბაიჯანი ოკუპანტია, მარტო ვერ ვაგვარებთ ამ თემას და მეგობარი იმისთვის გვინდა, რომ ასეთ დროს დაგვეხმაროს.
– ახალი ტერიტორიების დაკავება ხომ არ ხდება მათი მხრიდან?
– მომდის ინფორმაციები, რომ უკვე მეცხვარეებსაც ავიწროვებენ და უფრო უარესდება სიტუაცია. ტურისტები საერთოდ აღარ ადიან იქ. მოიშალა უკვე ეს ყველაფერი. ფაქტიურად დავკარგეთ ყველანაირი ბერკეტი. იმ ლავრაში აღარავინ აღარ ადის უკვე.
– დავითგარეჯობა მოდის, მისცემენ მომლოცველებს მისვლის საშუალებას?
– რა გითხრათ, აბა, ის კი არა, გახარია-ალიევის შეხვედრის დროს დადებული შეთანხმებაც არ სრულდება, არ უშვებენ იქ ჩვენს მამაოებს. ჩვენ ხომ შეთანხმება დავდეთ, რომ პირველ ჯერზე სამღვდელოება მაინც გადავა, ყოველგვარი პრობლემის გარეშეო. სამღვდელოებას არ უშვებენ და მომლოცველებს გაუშვებენ ეგენი?! ბოდიში და სამადლოდ უნდა მოვილოცოთ და მერე ისევ უნდა დაგვიკეტონ კარები?! ძალიან მაინტერესებს! ან რისგან იცავენ, ჩვენ ზურგზე მოვიკიდებთ ჩიჩხიტურს და წამოვიღებთ თუ რა!
– ასე მწვავედ არ იდგა საკითხი, ყოველთვის სადავო საკითხი იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში რატომ დაიძაბა ასე სიტუაცია?
– თავს ვისაც დაუხრი, ყველა შეგაჯდება კისერზე. ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერაფერს აკეთებს.
– პრეზიდენტსაც ბრალდებოდა, სალომეს ჩასვლამ გაამწვავა საკითხიო.
– დიახ, სალომემ გაამწვავა სიტუაცია. ეს ქალი ჩვენი ქვეყნის მტერია. გახსნა ჭრილობა და მიატოვა. ახლა ეს გამოძიება და ამით კიდევ უფრო დააბრკოლებენ იმ ხალხს, ვინც გარეჯისთვის იბრძვის.
ჩვენ აზერბაიჯანელ ერთან არანაირი პრეტენზია არა გვაქვს, ჩვენ პრეტენზია გვაქვს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან და იმ ხალხთან, დაჯგუფებები რომ არის ქვემო ქართლში და მოუწოდებენ, იქ ჯვარი არ აღმართოთო და დაფინანსება არ იყოსო, 85% ჩვენ ვართო. დაიბაროს ერთი ეს ხალხი გამოძიებამ და დაინტერესდეს, ვინ არიან და რა უნდათ. რა უფლებით მოითხოვენ, საქართველოში ჯვარი არ აღმართოთო. ვინ არიან, საიდან მოვიდნენ?! ამ ჯვრებს და ხატებს შეეწირა ჩვენი წინაპარი. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა გინდა?! ჰერეთში ვინმე რომ გამოვიდეს და თქვას, მეჩეთი არ ააგოთო, ეგრევე თავებს წააცლიან.
– პროტესტით არაფერი გამოვიდა, სხვა რა გზა არსებობს პრობლემის მოსაგვარებლად?
– პროტესტით იმიტომ არ გამოვიდა, რომ პროტესტი ჩაახშეს, იქ იჩუკაიძე დაიჭირეს. ჩვენი პროტესტი იმას კი არ მოიცავდა, რომ იქ შევარდნას აპირებდა ვინმე. ჩვენ პროტესტი გვაქვს ჩვენი ხელისუფლების მიმართ, რომ დროულად მოაგვაროს საკითხი. ომს ხომ არ დავუწყებთ აზერბაიჯანს?! უბრალოდ საკითხის გადაწყვეტას ვითხოვთ.
დღეს ჩვენ ვართ ჯაყოს ხიზნების ეპოქაში. ჯაყო აზერბაიჯანია და ნელ-ნელა ყველაფერს გვართმევს.
– ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა შეშინებული უფროა თუ მიზანმიმართული?
– ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჩვენ პატრონი არა გვყავს. თუკი აზერბაიჯანს ოდესმე პრობლემა ექნება, რუსეთიც გვერდში დაუდგება და თურქეთიც, შეიარაღების კუთხით. ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფრის გათვალისწინებით რომ ფრთხილობს, ეს გასაგებია და ამ სიფრთხილეს არ ვუკარგავ, მაგრამ ჩვენც ავდგეთ და მოვნახოთ ისეთი პარტნიორი, რომელიც დაგვიცავს. შეშფოთება-აღშფოთება არ შველის საქმეს. ამერიკა თუა ჩვენი პარტნიორი, მაშინ დაგვიცვას. დღეს ჩვენი ხელისუფლების ლოგიკა არის ასეთი, რომ ოღონდ რუსეთმა არ წაიღოს ჩვენი ტერიტორიები და თურქეთმა და აზერბაიჯანმა რამდენიც უნდათ იმდენი მიიტაცონ.
– გამოსავალი რა არის ამ სიტუაციიდან?
– გამოსავალი არის ის, რომ აუცილებლად უნდა შეწყდეს ეს კაპიტულანტური პოლიტიკა, ქვემო ქართლში რომ ჯგუფები მოქმედებენ, ჯვრების აღმართვას რომ გვიშლიან, დაიბარონ და ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცენ.
– საპატრიარქო რატომ არ აფიქსირებს თავის პოზიციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით?
– გაურკვეველია მისი პოზიცია. კი, გასაგებია, რომ ისინი სახელმწიფოს უსმენენ და სახელმწიფო ეუბნება, არ გვინდა სიტუაციის დაძაბვაო. ამ ჩვენს სიჩუმეში თუ ეს ტერიტორია ჰერეთივით მიიერთეს, მერე რაღა მნიშვნელობა აქვს. დემეტრე თავდადებულის ერთადერთი ფრესკა არსებობს საქართველოში და ისიც მანდ არის.
საქართველო დავითგარეჯს თუ დათმობს, მადლს დაკარგავს. საერთოდ დავკარგავთ ყველაფერს. მე მინდა მივმართო საპატრიარქოს, რომ გააქტიურდეს. ეს პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები სოკარზე არიან მიყიდულები და ხმას არავინ იღებს.
დროა, დავიწყოთ აქტიური მოქმედებები, თორემ სხვაგვარად არ შეიძლება. ბრძენი ადამიანია ჩვენი პატრიარქი და დროა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს. ვაცადოთ, ვაცადოთო და ამდენი დრო გავიდა.
შეიცვალა რამე? პირიქით, გაუარესდა სიტუაცია.