თაკო ჩარკვიანი – “დედაჩემს ანბანის ასოები მოენატრა…….”

თაკო ჩარკვიანი - "დედაჩემს ანბანის ასოები მოენატრა......."თაკო ჩარკვიანმა ფეისბუქში დაწერა:

“დედა მამას გარდაცვალების შემდეგ სრულიად დაბრმავდა. 5 წელია, რაც გლაუკომის დიაგნოზი დაუდგინეს , მაგრამ თვითონ დადიოდა ჩვეულებრივად და პირველ დღეს ჯანუკის გარდაცვალების საღამოს მთლიანად დაკარგა მხედველობა ანუ კი არ დაქვეითდა არამედ სრულიად დაკარგა მხედველობა, ნუ აქეთ -იქით რას არ ვაკეთებთ, მაგრამ არაფერი არ აღდგა( ხდება თურმე ასეთი რამ)ჩრდილებს ხედავს მხოლოდ და მერე ნიჭიერად აწყობს თავისი წარმოსახვით ( საერთოდ საინტერესო ადამიანია) ბუხრის კატას ვეძახდით, წიგნი და თავისი სავარძელი და შიგნით მოკალათებული , პატარა ტანის რაღაცნაირი სანდომიანი ღიმილით -სპილოსძვლისფერი უჭკვიანესი დედაჩემი , საოცარია როგორ იცხოვრა ან როგორ უყვარდა ეს კაცი -ეს პოეტი- როგორ ეტრფოდა ყველა მის სტრიქონს ,

15 წლის იყო რომ გაიცნო ჯანუკი ,ლექსებს წერდნენ ერთმანეთს სკოლებიდან ( მაშინ მოდაში იყოო)ისე, რომ არ იცნობდნენ ერთმანეთს, საოცარი პასუხები მომდიოდა დავინტერესდი ვინ არის ეს ბიჭი რა კარგ ლექსებს წერსო, მერე “ზემელზე”( დედა იქ ცხოვრობდა ვერაზე , ახლა, რომ გვირაბივით არის გამომცემლობის გვერდით, მამა ოდნავ ზემოთ აფთიაქთან) შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი …..მუსიკალურ ტექნიკუმთან მომაკითხაო, ამ დროს გაწვიმდა და მამამ მომაკითხა და სახლში წამიყვანაო (მერე ?ვეკითხები( მიღიმის) -ისეთი ლამაზი ბიჭი იყო, იმ დღიდან ვიცოდი რომ ძალიან მიყვარდა ეს “არეკილი “კაშკაშა პოეტიო, იმ საღამოს წვიმა რომ იყო და სახლში მოვედით (ჩვენს სახლს განიერი ფანჯრის რაფები ჰქონდა) მოვკალათდი რაფაზე,თან წიგნი დავიდე ვითომ ვკითხულობდი, არაფერი მესმოდა, გარეთ ვიხედებოდი წინ ტრამვაის ხაზი გადიოდა და რას ვხედავ ჯანუკი არ მიჩაქჩაქებს ტრამვაით??? თავი დამნაშავედ ვიგრძენი , ალბათ გაილუმპა იმ წვიმაში მეთქი ვიფიქრე, ასეც ყოფილა მერე მითხრა( მერე ?? ვეკითხები) მერე დიდხანს მესმოდა მისი სახელი ქალაქში,(მამა ოთხი წლით უფროსი იყო)მე სკოლაში ვსწავლობდი, ის სტუდენტი იყო, კაშკაშა ტიპი იყო ,ხომ იცი ნიჭიერი -მსხვილი ფერები პალიტრაზე.

კურსიც საოცარი ჰქონდათ უნივერსიტეტში , გოგლა ლეონიძეს ძალიან უყვარდა ჯანსუღი, საოცარი რეცენზია დაუწერა, ჩვენ კიდე გოგოები ვიგებდით მაგათ ამბებს; ჯანსუღი , ოთარ ჭილაძე, თამაზი, ზაურ ბოლქვაძე, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ზურა ჩილაჩავა, ვახტანგ ჯავახაძე…..ესენი ხომ-ჯანსუღი, გივი სამსონაძე , ოთარ ჭილაძე , გრიალებდნენ სულ,ხან მუცოში იყვნენ, ხან ფშავში, ნიკო კეცხოველს უნივერსიტეტის რექტორს ძალიან უყვარდა ეს კურსი, ლევან გოთუასთან ერთად ფეხით მოიარეს ხევსურეთი, ჯანსუღი ამბობდა ბატონ ლევანს დიდი გავლენა ჰქონდა ჩვენზეო,(მერე ?ვაცივდები მე) მერე ის ,რომ მეც უნივერსიტეტში ერთი გამოცდით ჩავაბარე , (დედაზე ამბობენ რომ ფანტასტიური სტუდენტი იყო)

ჰოდა ერთ დღესაც მომაკითხეს, ჯანსუღმა, ოთარ ჭილაძემ და გივი სამსონაძემ, (გამოსვლა მქონდა უნივერსიტეტში და სოლოლაკში “მაჩის ბიუროში” მოვაწერეთ ხელი, იქვე ჯაფარიძეზე ) ოთარ ჭილაძე და გივი სამსონაძე მეჯვარეები იყვნენ, ზურა ჩილაჩავა, თამაზ ჭილაძე , ედიშერ ყიფიანი, გურამ ასათიანი , ბუჭუტა მდივანი , ელდარ შენგელაია, გულდა კალაძე და მთელი მაგათი კურსი დილამდე გრიალებდნენ ჯანუკისთან სახლში ჯაფარიძის ქუჩაზე და მე სახლში მიმიყვანეს, დედასთვის უნდა მეთქვა, (მერე ?ვაცივდები მე) მერე ის ,რომ ვერ ვუთხარი და მამიდაჩემთან გავიპარე და ისევ ჯანსუღისგან შეიტყვეს( მიღიმის) ,

იცი რა თაკო, ბედნიერი ვიყავი და საინტერესოდ ვიცხოვრეთ, ერთი გრადუსით მეტი ჰქონდა ტემპერატურა ამ ადამიანს( იღიმის) ისეთი ენერგეტიკა მოდიოდა მისგან, ( როგორი ?! ვეკითხები) აი ასეთი და დახუჭული თვალებით მიკითხავს ჯანუკის ლექსს:” შენ არ გინახავს ჩემი ხელები, ჩემი თვალები და ჩემი მხრები, გადარეული თეთრი ცხენებით და შორეული ზარების ხმებით”…..ან “თოვლი მოსულა, თოვლი მოსულა, ქათქათა შენი თეთრი მკერდივით, მე უსასრულო სივრცის მოსურნე, ვარ მაღალ მთებში გამოკეტილი”……..ის ენერგეტიკა ისევ აქ არის დე( ვცდილობ შევეშველო მიღიმის ისე, რომ არ ვიცი მეთანხმება თუ არა) რა ეჭვი გეპარება??? ვაცივდები… არა არ მეპარება ვგრძნობ, მაგრამ უფრო მაშინ ვგრძნობ , როცა მის სტრიქონებს ვკითხულობ, რომ ვერ ვხედავ ესეც მიშლის ალბათ( სიჩუმეა ..ჩავეხუტე, გხედავ იცი ბუნდოვნად მეუბნება ?!ვიცი დე) ….

ხვალ რა გინდა მოგიტანო დე ,სისულელეს ვეკითხები და გადამაქვს თემა ) სიჩუმეა და უცებ მპასუხობს: იცი რა თაკო, დაფა მომიტანე, გახსოვს მე გიყიდე ბავშვობაში( მართლა მქონდა პატარა დაფა თავისი საწერი ფანქარი მოჰყვებოდა ) კი -ხვალვე მოგიტან ვპასუხობ , გინდა დაწერო? წერა გინდა??? ჰო …ასოები მომენატრა- (მპასუხობს) აი ასოების გამოყვანა მომენატრა- გავყუჩდი, გავისუსე ,

რა საოცარია …….დედაჩემს ანბანის ასოები მოენატრა……. ჩემს სახლში ანბანის ასოები უყვართ და ენატრებათ………”