თენგო ბასილაშვილი – “ნელი დოროყაშვილმა ჩვენი მშობლები უწმაწური სიტყვებით გალანძღა და მერე მშვიდად წავიდა”

თენგო ბასილაშვილი - "ნელი დოროყაშვილმა ჩვენი მშობლები უწმაწური სიტყვებით გალანძღა და მერე მშვიდად წავიდა"ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახი ყოფილ რძალს პირველად და საჯაროდ მიმართავს, გამოქვეყნდეს ის ვიდეომასალა, რომელშიც ნელი დოროყაშვილის მტკიცებით, ჩანს, როგორ ძალადობს საქართველოს პირველი ჩოგანი საკუთარ მეუღლეზე. ბრალდებულის ოჯახი თითქმის დარწმუნებულია, რომ კადრები, რომელზეც დაზარალებული მხარე უკვე დიდი ხანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს.

ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტი დიდი ხნის წინ დაიწყო, თუმცა სამართლებრივი მსვლელობა საქმეს 21 მაისის შემდეგ მიეცა, როდესაც ნელი დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში დაადანაშაულა და მას პოლიციაში უჩივლა. ბრალდებული ბასილაშვილის ოჯახის წევრების მტკიცებით, ყოფილი რძალი მათ კერძო საკუთრებაში უნებართვოდ შევიდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძის ქუჩაზე მას სცემეს. ამავე დროს განყოფილებაში რეგისტრირდება კიდევ ერთი განცხადება, რომლის ავტორიც ამჯერად უკვე ცნობილი სპორტსმენია. მან ყოფილ მეუღლეს კერძო საკუთრებაში კანონდარღვევით შესვლის გამო უჩივლა.

განსხვავებულ ვერსიას ყვება დაზარალებული დოროყაშვილის მხარე. ​ბასილაშვილის მეუღლის ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოკადრებზე, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, არ ჩანს უშუალოდ დანაშაული, თუმცა მისივე მტკიცებით, ფირზე იკითხება ყველაფერი, რის გამოც ​ბასილაშვილების ყოფილი რძლის ჩვენების საფუძველზე საქმე აღიძრა.

საქმის მასალების მიხედვით, ბასილაშვილები ამტკიცებენ, რომ ქართველი ჩოგბურთელის წინააღმდეგ პირდაპირი მოწმეები თითქმის არ არსებობენ. ნიკოლოზ ბასილაშვილს არაერთგზის დანაშაულში მხოლოდ ყოფილი მეუღლე ამხელს, რომელმაც დაცვის მხარის თქმით ჩვენებები რამდენჯერმე შეცვალა.

“კურიერთან” საუბრის დროს საქართველოს პირველ ჩოგნად აღიარებული სპორტსმენის ძმა ოჯახში მომხდარ დაპირისპირებებს იხსენებს.

თენგო ბასილაშვილმა “კურიერთან” ინტერვიუში ყოფილი რძლის მხარეს მოსთხოვა, გამოაქვეყნონ კადრები, რომელიც დაზარალებული მხარის მტკიცებით, ცნობილი სპორტსმენის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე ძალადობას ამტკიცებს:

“თუ აქვთ ისეთი კადრები სადაც ნიკას ძალადობის ფაქტები იკვეთება, ძალიან ვთხოვთ, რომ ეს კადრები გამოაქვეყნონ. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. ისინი აპელირებენ იმით, რომ გვაქვს ეს კადრები და გამოვიყენებთ ამ კადრებს.

ქონებრივი დავაც შეიძლება იყოს, პირადი განადგურების მიზანიც შეიძლება იყოს…  ქალბატონი ნელი მოვიდა ჩვენთან, აქამდე ის დაუკითხავად არასდროს მოსულა, გამოლანძღა ჩვენი ოჯახის წევრები, ძალიან უხეში და უწმაწური სიტყვებით ილანძღებოდა დედაჩემის მიმართ და შემდეგ კი მამაჩემის მიმართაც. წავიდა ძალიან მშვიდად, კამერებში ჩანს როგორ მშვიდად მიდის, წავიდა პოლიციაში და დაწერა განცხადება, ვითომ ნიკამ სცემა. ნიკა თავისი ფეხით ჩავიდა, რადგან უნდოდა განცხადების დაწერა იმაზე, რომ ასე უკითხავად შემოგვეჭრა სახლში. მერე პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა დაეკავებინა,” – განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.

თენგო ბასილაშვილის თქმით, ნელი დოროყაშვილს პროვოკაციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა ადრეც ჰქონდა:

“ორ გამოკითხვაზე სხვა ჩვენება მისცა, მესამე კითხვაზე კიდევ რაღაცა დაამატა. ნელის ჰქონდა რამდენიმე მცდელობა პროვოკაციის მოწყობის, ფაქტია, რომ არ გამოსდის ნიკასთან მიმართებაში. ნიკა ძალიან მშვიდი ადამიანია. ერთი წლის წინ, როდესაც ღამის 3 საათზე ნიკას დაურეკა, უნდა მოვიდე ბავშვთან ერთად შენთან სახლშიო. ნიკამ უთხრა, რომ ღამის 3 საათია და მე თვითონ მოვალო, რის შემდეგაც ნიკამ დაურეკა პატრულს, რადგან ელოდებოდა მისგან პროვოკაციას და პატრულის თანხლებით მივიდა ნელის საცხოვრებელ ადგილზე. სიტუაცია დახვდა ისეთი, რომ ჭურჭელი იყო დამტვრეული, ნიკას პრიზები იყო დამტვრეული,”- განაცხადა თენგო ბასილაშვილმა.
სისხლის სამართლის დანაშაულის ძირითადი ეპიზოდის გარდა, მხარეებს აქვთ სამოქალაქო დავაც. საქმე ეხება ბასილაშვილების ოჯახის წევრებზე გაწერილ შემაკავებელ 6 ორდერს. რამდენიმე თვის წინ ნელი დოროყაშვილმა იჩივლა, რომ გარდა მეუღლისა, სავარაუდო მოძალადეები არიან ჩოგბურთელის მშობლებიც, რომლებმაც, მისი თქმით, არც საკუთარი შვილიშვილი დაინდეს.

ოჯახური ძალადობის გახმაურებულ საქმეზე სასამართლო მსჯელობას 16 ივლისიდან დაიწყებს. იქამდე კი მხარეები ვალდებულები არიან, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად მყარი მტკიცებულებები მოიპოვონ.

რუსთავი 2