80 მილიონი ივანიშვილის ზვიგენებისთვის – ოზურგეთის მოსახლეობა უწყლოდ დარჩა

80 მილიონი ივანიშვილის ზვიგენებისთვის – ოზურგეთის მოსახლეობა უწყლოდ დარჩაწყლის გარეშე დარჩენილი სოფელი წვერმაღალა. 120-მდე ოჯახი მხოლოდ ერთადერთი ონკანით სარგებლობს, რომელშიც წყალი თითქმის არ მოდის. სოფლის ერთადერთ წყაროსთან ადგილობრივების რიგი დიდია. ოზურგეთის რაიონში სიცხესთან გამკლავება, მოსახლეობას სასმელი წყლის გარეშე უწევს.

ანტისანიტარიაა დასახლებაში, სადაც საკანალიზაციო მილების არქონის გამო, კანალიზაცია საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და უბნებში მოედინება. არაერთი თხოვნისა და მიმართვის მიუხედავად, პრობლება კვლავ მოუგვარებელია.

არადა, ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. ურეკის წყალმომარაგება სახელმწიფომ 2018 წელს დაასრულა და საზეიმოდ გახსნა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისთვის 78 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ფული აზიის განვითარების ბანკიდან ისესხეს.

ახალ სისტემას 3000-მდე აბონენტი უნდა მიერთებოდა და რეგიონში 24-საათიანი წყალმომარეგება უნდა ჰქონოდათ. თუმცა, ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფლებს კაპროვანს, შეკვეთილსა და ურეკს წყალი დღემდე არ მიეწოდება. მიზეზი მარტივია –  მთავარი სისტემა პირდაპირ დენდროლოგიურ პარკსა და სასტუმრო „პარაგრაფს“ მიუერთეს. ახლა წყლით, რომელიც ბიუჯეტის სახსრებით შეიყვანეს, ოლიგარქის ზვიგენები სარგებლობენ. მხოლოდ მათთვის ყოველდღიურად 300 ტონაზე მეტი წყალია საჭირო. შედეგად, ადგილობრივები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

წყლის სიმცირესთან ერთად ადგილობრივებს განუმარტეს, რომ წყლით ვერ ისარგებლებდნენ, რადგან პროექტში ვერ მოხვდნენ. ჩნდება კითხვა, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონობით ლარი წყლით უზრუნველყოფას მოხმარდა და ხალხი ისევ უწყლოდ დარჩა, მაშინ, რატომ დაიხარჯა მრავალი მილიონი და ვინ სარგებლობს ხალხის ფულით მოძიებული წყლის სისტემით?

მთავარი არხი