„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე მონიტორინგის შედეგები საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს გაუგზავნა

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე განხორციელებული სამართლებრივი დასკვნა და მონიტორინგი საქმის განმხილველ ყველა მოსამართლეს უკვე მიაწოდა, რათა გაცნობილ ყოფილიყო საქმის ირგვლივ ალტერნატიული დასკვნები და შეხედულებები. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა.
მისი ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგები, ასევე მიეწოდა უზენაეს სასამართლოში ამავე საქმეზე დანიშნულ მოსამართლეს, მირანდა ერემაძეს, რომელმაც საქმის წარმოებაში მიღების შემდგომ, მისი არსებითი განხილვის საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ მნიშვნელოვნად ჩათვალა, საქმეზე განხორციელებული მონიტორინგი და სამართლებრივი დასკვნა ოფიციალურად მიეწოდებინა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეებისათვის, რამდენადაც დოკუმენტში სწორედ მათ მიერ უკვე მიღებული და გადაწყვეტილებების კანონთან შესაბამისობა და სისწორეა განხილული და გაანალიზებული.
კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციას, ადრეც, თავის არაერთ შეფასებაში, შერჩევითი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფორმად სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენება აქვს მიჩნეული და ვინაიდან „ლიდერფუდთან“ მიმართებითაც სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას ჰქონდა ადგილი, სწორედ ამიტომ საქმე მოექცა საჯარო ინტერესის ფარგლებში და გახდა ორგანიზაციის დაკვირვების საგანი.
„კვლევისას ჩვენი მიზანი იყო „ლიდერფუდის“ საქმის სამართლებრივი ანალიზისას შეგვეფასებინა მხოლოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები და წარმოგვედგინა ხედვა, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
მხარეთა მიერ ჩვენთვის მოწოდებული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ საქმეზე მსჯელობა უნდა გააგრძელოს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, რამდენადაც მიგვაჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოება და ჯერ საკუთრივ საქალაქო სასამართლოს უნდა მოეხდინა საქმისწარმოების გაგრძელება, ხოლო ასეთი გადაწყვეტილების არარსებობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა დაებრუნებინა საქმე საქალაქო სასაამრთლოსთვის არსებითად განსახილველად. ამდენად, სამართლიანი იქნება, თუკი უზენაესი სასამართლო საქმეს არსებითად განსახილველად მიაქცევს პირველ ინსტანციაში და ამით მხარეებს თანაბრად მისცემს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალებას“, – განაცხადა კაიკაციშვილმა. მან იქვე აღნიშნა, რომ კვლევაში დეტალურად არის გაანალიზებული, თუ რა არგუმენტებზე დაყრდნობით გამოაქვს ორგანიზაციას ეს დასკვნა.

„ზოგადად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების პრაქტიკა, განსაკუთრებით ბიზნესდავების შემთხვევაში, ხშირად უმართებულოდ არის ხოლმე გამოყენებული, რაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის ხელშეუხებლობას ძირშივე არღვევს. სამწუხაროდ, „ლიდერფუდის“ შემთხვევაც ამ სერიიდანაა. შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საქმესთან დაკავშირებული მოსამართლეებისთვის ოფიციალურად მიგვეწოდებინა დოკუმენტი ჩვენი მსჯელობისა და დასკვნების შესახებ. ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ, მათთვის მინიმუმ საინტერესო იქნება მისი გაცნობა“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დოკუმენტი ასევე მიეწოდება საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს.

„ვფიქრობთ, დიპკორპუსისთვის ასევე საინტერესო იქნება „ლიდერფუდის“ საქმეზე განხორციელებული ჩვენი ორგანიზაციის მონიტორინგისა და სამართლებრივი დასკვნის გაცნობა, რამდენადაც მათი საუკეთესო ინტერესია საქართველოში სასამართლო ხელისუფლების გაძლიერება და მისადმი ნდობის ამაღლება. ამის ნათელი გამოხატულებაა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ქ-ნი კელი დეგნანის განცხადება, რომელიც მან უფლებამოსილებაში შესვლიდან რამდენიმე დღეში გააკეთა. კერძოდ, მან თქვა, შემდეგი: „ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“. – ამ სიტყვების მნიშვნელობის სრულფასოვნად გააზრება, ვფიქრობ, ყველას მართებს, ხელისუფლების სამივე შტოს, განსაკუთრებით კი სწორედ სასამართლო ხელისუფლებას“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.