ცისია პაკელიანს ამერიკელმა ქმარმა შვილი წაართვა

ცისია პაკელიანს ამერიკელმა ქმარმა შვილი წაართვაცისია პაკელიანი 2 წლის წინ ამერიკის მოქალაქეზე გათხოვდა. ცოლ-ქმარი საქართველოში ცხოვრობდა, შვილიც აქ შეეძინათ. მია ახლა 1 წლისაა. ცოლ-ქმარს ურთიერთობაში პრობლემა შეექმნა და როგორც ცისია „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება, მეუღლემ ბავშვი წაართვა.

– მია საქართველოში დაიბადა. ბავშვი რამდენიმე თვის იყო, როცა ჩემსა და მეუღლეს შორის პრობლემები დაიწყო. მოტყუებით წამომიყვანა ამერიკაში. მითხრა, რომ თავის ქვეყანაში თავს გაცილებით უკეთ იგრძნობდა და პრობლემებიც თავსთავად მოგვარდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონია დაგეგმილი. ის არკანზასის შტატში ცხოვრობს და ამ შტატის კანონის მიხედვით, თუ ბავშვი 6 თვე აქ ცხოვრობს, სახელმწიფო უკვე ვალდებულებას იღებს მასზე და თავისი მფარველობის ქვეშ ჰყავს.

იცოდა რა ეს ჩემმა მეუღლემ, უკან დასაბრუნებელი ბილეთები სწორედ 6 თვის შემდეგ ამაღებინა. აქ ჩამოგვიყვანა, მე საბუთები არ გამიკეთა, ახლა ვხვდები, იმიტომ, რომ მე უკან დავბრუნდე, ბავშვი კი აქ დარჩეს. აქ ჩამოსვლიდან 6 თვის შემდეგ, ბავშვზე რომ უკვე შტატს შეუძლია ჰქონდეს პრეტენზია, გადაწყვიტა, რომ განქორწინებაზე საბუთები შეეტანა. სარჩელში აღნიშნა, რომ თურმე მე ვავიწროებდი. როგორ უნდა შემევიწროებინა, არ ვიცი, მაგრამ სასამართლოზე მოუწევს ამის დამტკიცება.

ბავშვი წამართვა და არ მაძლევს შვილთან ურთიერთობის საშუალებას. დღეს მაჩვენა მხოლოდ 1 საათით ბავშვი.

ძალიან განვიცდი, საშინელ დღეში ვარ, განადგურებული და ისიც არ ვიცი, რა გზას დავადგე, რომ ჩემი ერთადერთი მარგალიტი დავიბრუნო.

არც მატერიალურად ვარ წელში გამართული, რომ ავიყვანო ძლიერი ადვოკატი. ბავშვს არ დავთმობ არავითარ შემთხვევაში.

ვიცი, რომ არაფერს დაუშავებს, ჩემს მეუღლეს ჰყავს მამა და დედინაცვალი, რომლებიც ალბათ ეხმარებიან ბავშვის გაზრდაში, მაგრამ ჩემი შვილი ჩემთან უნდა იყოს, მე უნდა აღვზარდო და მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მოვკვდები.

ჩემ წინააღმდეგ მას არაფერი აქვს, არ მიღალატია, არ მოვქცევივარ ცუდად, ვერაფერში დამდებს ბრალს და თუ დამდებს, ვერ დამიმტკიცებს, რადგან მის წინაშე პირნათელი ვარ.

რადგან არ მაქვს საბუთები, ვერ ვმუშაობ. ეს იცის და საკვებით მამარაგებს ყოფილი მეუღლე. ამასაც ალბათ იმიტომ აკეთებს, რომ სასამართლოზე თქვას, როგორი მზრუნველია.

უამღლესი განათლება მაქვს და ჩემი დიპლომიც მასთანაა და არ მიბრუნებს. ყველს ვთხოვ დახმარებას, ვისაც რით შეუძლია. იქნებ ქართული სახელმწიფო ამომიდგეს მხარში, როგორც თავის მოქალაქეს, დაიცვას ჩემი უფლებები სხვა ქვეყანაში და შვილი დამაბრუნებინოს. ამას ვითხოვ, მეტს არაფერს – ჩემი შვილი ჩემთან ცხოვრობდეს.

პრაიმ ტაიმი