ლელა ბიჭიკაშვილი ახალი წლის მერე იტალიაში მეგობართან სტუმრად წავიდა და კორონავირუსის გამო უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხა.
იმისათვის, რომ იქ ყოფნის პერიოდში მეგობარს არ დასწოლოდა ტვირთად, იშოვა სამსახური და თვეების განმავლობაში თავი ასე გაჰქონდა.
ახლა, როდესაც უკვე სიტუაცია დამშვიდდა, ლელამ შინ დაბრუნება გადაწყვიტა, რომ სამსახურს დაუბრუნდეს, მაგრამ ბევრი ემიგრანტის მსგავსად, ვერ ახერხებს.
როგორც ლელამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში თქვა, ის მანამდეც აპირებდა დაბრუნებას, როდესაც სახელმწიფომ სპეცრეისები დანიშნა და 200-ევროიანი ბილეთებით ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველები, მაგრამ ბილეთი ვერ იშოვა.
– საელჩოსთან ვიყავი მუდმივ კონტაქტზე, მაგრამ სამწუხაროდ, ბილეთი ვერ ავიღე, დიდი ამბავი იყო ბილეთებზე, უცებ იყიდებოდა, თანაც მეტწილად – ნაცნობობით.
პანდემიის დროს საელჩომ მართლაც კარგად იმუშავა, ყველა ზარს პასუხობდნენ და რეალურად ეხმარებოდნენ ადამიანებს, მაგრამ ახლა ტელეფონსაც არ პასუხობენ, ხმას ვეღარ ვაწვდენ უკვე.
არადა, შინ მინდა დაბრუნება. სამსახური მელოდება. მაქვს მანქანების გაქირავების კომპანია და მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული სეზონი ალბათ ჩავარდება და არც კი ვიცი, საქმიანობის გაგრძელებას შევძლებ თუ არა, მაინც მინდა დაბრუნება.
ჩემსავით ასობით ადამიანია, ბევრიც – ემიგრანტი. ზოგს სულ უნდა წამოსვლა, ზოგს – შვებულებით, მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთი თვით უნდა ჩამოვიდეს და აქედან 2 კვირა კარანტინში გაატაროს. თანაც ჩარტერული რეისებია მხოლოდ, რომლის ბილეთებსაც ასტრონომიული ფასი აქვს.
სხვა გზა რომ არ მქონდა, გუშინ ჩარტერულ რეისზე ბილეთი ავიღე და 650 ევრო გადავიხადე, აღარაფერს ვამბობ ქალაქიდან ქალაქში გადასაადგილებელ ბილეთებზე, რაც არც ისე იაფი ჯდება. ამ დილით კი მთავრობამ გამოაცხადა, 6 ივლისიდან ისევ დავნიშნავთ სპეცრეისებს და 200- ევროიანი ბილეთები გაიყიდებაო.
ვინაიდან ამ სპეცრეისებზე ბილეთს ან ვიყიდი ან ვერა და ისევ პრობლემის წინაშე აღმოვჩნდები, გადავწყვიტე, ბილეთი არ დავაბრუნო და გარანტიით გამოვფრინდე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდები, გარეთ დავრჩები, რადგან სამსახურსაც ვერ დავიწყებ და შემოსავლის გარეშეც. ამის წარმოდგენაც არ მინდა.
ზემოთაც აღვნიშნე, რომ ჩემსავით ბევრი ემიგრანტია პრობლემის წინაშე, ზოგიერთს ოჯახის წევრი, ქმარი, შვილი გარდაეცვალა და ვერ ჩამოვიდა. იქნებ დაეხმაროს სახელმწიფო და იმდენი სპეცრეისი დანიშნოს, რომ ყველა მსურველმა შეძლოს უკან, სახლებსა და სამსახურებში დაბრუნება.
პრაიმ ტაიმი