”ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა”

''ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდა''ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს პაატა დავითაია პასუხობს.
– ბატონო პაატა, გამოდის ინფორმაციები, რომ ოპოზიციაში ისევ დიდი დაპირისპირებაა, რომ ისევ ვერ თანხმდებიან დარჩენილ მაჟორიტარებზე. ასევე, გაჩნდა ოპოზიციის ოპოზიცია, ეს პროცესები რამდენად გაზარალებთ?
– ოპოზიციის შიგნით დაპირისპირება არ არის. უფრო მეტ დეტალზე ღიად ვერ ვისაუბრებ. ოპოზიციურ ერთობაში, რომელიც ლეიბორისტული ოფისის ფორმატით არის ცნობილი, იქ დაპირისპირება არ არის. კვლავაც მიდის კონსულტაციები. ჩვენ დაპირისპირებას ვხედავთ მათი მხრიდან, ვინც იმ მაგიდიდან ადგნენ და ახლა განცხადებებს აკეთებენ, აი მათ პოზიციებშია სხვაობა. ჯერჯერობით, ყველაფერი არის საკონსულტაციო რეჟიმში, ამ ეტაპზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.
– მათზე რას იტყვით, ვინც დაუპირისპირდა ამ ოპოზიციურ ერთობას?
– მოდით ასე ვთქვათ, ყველას აქვს თავისი არჩევანი, ყველას აქვს თავისი გზა. მე არავის გაკრიტიკების უფლება არა მაქვს. მე მიმაჩნია, რომ ვინც ოპოზიციურ ერთობას დაუპირისპირდა, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურად. მე ასე ვხედავ ამ საკითხს. რეალურად ეს სწორია თუ არასწორია, ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი არჩევნების დღეს. არასწორი არჩევანია მათი მხრიდან, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მათიც მესმის, რადგან ყველას სურს თავისი პარტიის განვითარება. აქ პრობლემა დგება სხვა რაღაცაში…
– რაში?
– არ მინდა ილუზიებში ვიყო, თუ ერთიანობა არ არის, მაშინ არ შეიცვლება ხელისუფლება! ეს არაა მარტო მაჟორიტარობის თემა. მე ვლაპარაკობ საერთო ოპოზიციურ ფორმატზე. ამას დიდი ხანია ვიძახი. სამწუხაროა, რომ ეს ასე ჯერჯერობით არ გამოდის. მაქსიმალურად ვეცადე, რომ ეს ასე ყოფილიყო, როგორც კოორდინატორმა ერთიანი ოპოზიციური ფორმატის. სამწუხაროდ, წინააღმდეგობები მივიღეთ. ბევრი იმის გამო, რომ ყველას გარკვეული მერკანტილური მიდგომები აქვს, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ხელისუფლების ცვლილებაზე, პირველად მოხდა, რომ დიდი ძალაუფლების და დიდი ფულის სინთეზია დღეს “ქართულ ოცნებაში”. ამიტომ ვიყოთ მართლები და ვთქვათ, რომ ამ დიდ ფულს და დიდ ძალაუფლებას უპირისპირდება მხოლოდ ერთიანობა. დაქსაქსულობა არაფრის მომტანი არ არის. მე ძალიან სიმპათიით ვიყავი განწყობილი თუნდაც თაკო ჩარკვიანის მიმართ, რომელმაც გამოხატა სურვილი, ყოფილიყო საბურთალოს კანდიდატი…
– თუმცა, თაკო ჩარკვიანის კანდიდატურა ევროპული საქართველოსთვის მიუღებელია…
– კი ბატონო, გასაგებია. არ შეიძლება ყველა ერთ აზრზე იყოს. ევროპული საქართველოსთვის რა არის მისაღები, ეს არაა გადამწყვეტი ფაქტორი. ამიტომ ვამბობ, რომ კონსულტაციები კიდევ მიდის და შედეგებს ვნახავთ უახლოეს დღეებში.
– სიძნელეების და დაპირისპირების მიუხედავად, ასე თუ ისე, თბილისში თანხმდებით მაჟორიტარებზე. რა იქნება რეგიონებში?
– იცით, მე რეგიონების საკითხს საკმაოდ რთულად ვუყურებ.
– რატომ?
– საერთოდ, როდესაც მაჟორიტარების თემა დაიწყო, მე ვთქვი, რომ ეს ძალიან რთული თემა იქნება. რატომ? იმიტომ, რომ მიმაჩნია, ეს ფორმატი, პიარულად მომგებიანია, მაგრამ პოლიტიკურად შედეგის მომტანი არ არის. ერთიანი მაჟორიტარული სია ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად შეთანხმება უნდა იყოს ერთიან პროპორციულ სიაზეც. ისე უაზრობაა!
– რატომაა უაზრობა?
– ზოგი ხუთიანს შემოხაზავს, ზოგი 21-ს, ზოგიც 27-ს. ორი სხვადასხვა ციფრის შემოხაზვა უწევს ამომრჩეველს და ეს აბნევს, ეს ტექნიკურად ძალიან ძნელია. ეს იყო ჩემი იდეა, რომ დავანებოთ ასე დაქსაქსულობებს თავი, ვიყოთ ერთიანი ყველაფერში. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. ის, რომ მოხდა შეთანხმება თბილისზე, ეს კარგია, მნიშვნელოვანია პიარულად, მაგრამ პრაქტიკულად, მიმაჩნია, რომ ამით “ოცნება” უფრო ისარგებლებს.
– თქვენ ფიქრობთ, რომ სიაც ერთიანი უნდა გქონოდათ?
– რა თქმა უნდა! ის ფორმატი, რაც იყო ერთიანი ოპოზიციური ფორმატი, უნდა მოხერხებულიყო მოლაპარაკება, რომ ერთიანი სისტემით მომხდარიყო გასვლა, თუ ვლაპარაკობთ ხელისუფლების ცვლილებაზე. ხოლო თუ ვლაპარაკობთ ოპოზიციაში დარჩენაზე, მაშინ გასაგებია.
– ანუ, ასე ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გაქვთ?
– მე არ ვერიდები ამაზე საუბარს და თქვენც ღიად გეტყვით, რომ ტაქტიკა არის ოპოზიციაში დარჩენის და არ არის ტაქტიკა ხელისუფლებაში მოსვლის!
– მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა შესრულდა და შეიცვალა საარჩევნო სისტემა, მაინც არ გაქვთ შანსი?
– შანსი, რა თქმა უნდა, მცირეა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სასწორზე დევს დიდი ფული და დიდი ძალაუფლება ერთად, ხოლო მეორე მხარეს დგას მრავალოპოზიციური სპექტრი. როგორ ფიქრობთ, რომელი გადაწონის?!
– მაშინ ამას რატომ ვერ აცნობიერებს ყველა, ვინც ოპოზიციაშია?
– აი, როგორც მე თქვენ გელაპარაკებით ახლა, აი ასე მაქვს ნალაპარაკევი ღიად, ერთიან მაგიდაზე და აბსოლუტურად ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. ის არგუმენტი, რომ ჩვენ ცალ-ცალკე შევიდეთ და იქ გავერთიანდეთ, არის ძალიან სუსტი!
– ანუ უნდა ყოფილიყავით ერთი ერთზე ხელისუფლებასთან?
– რა თქმა უნდა! დამთავრდება არჩევნები და მერე გავიხსენოთ ეს ინტერვიუ.
– ბატონო პაატა, საკმაოდ დატვირთული იყო გასული კვირა. პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, ოპოზიცია კი ამ პროცესებს მიღმა დარჩა. თავადვე ითხოვდით ცვლილებებს და გადამწყვეტ მომენტში საპარლამენტო ოპოზიციამ ზურგი შეაქცია. ეს რამდენად სწორი იყო?
– დასავლეთმა და ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ასე მოქცეულიყო, მოდით ვთქვათ სიმართლე. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, ხმას მისცემდი თუ არ მისცემდი. ისინი იძულებულები ხდებოდნენ, ეს გაეკეთებინათ. რა თქმა უნდა, ყველა პირობა რომ შეესრულებინათ, რურუა გამოეშვათ. თუმცა რურუამ პირდაპირ მოუწოდა ყველას, ხმა მიეცითო. მე ვერ ვილაპარაკებ იმაზე, ვინც პარლამენტშია, მაგრამ ხმა მაინც მისცა. მაგალითად, ნატო ჩხეიძე, ჩვენთან არის ძალა ერთობაშია, მაგრამ მაინც მისცა ხმა. ეს არაა პრობლემა, მეც რომ ვყოფილიყავი, მივცემდი ხმას. იმიტომ, რომ კონსტიტუციური ცვლილება არის მნიშვნელოვანი. თუმცა ხელისუფლება ისეთ ცაიტნოტში აღმოჩნდა, რომ ვალდებული იყო ეს ცვლილება გაეტარებინათ, არ სიამოვნებდათ, მაგრამ მაინც. თუმცა ძალიან დიდი პრობლემებია კოდექსში, რომელსაც ღებულობენ. დაახლოებით თანაბარი პირობები არაა შექმნილი. ეშმაკი დეტალებშიაო და დეტალებში ეშმაკები ჩასვეს. ამიტომ ვიძახი, რომ ამ დეტალებში ეშმაკებს, ფულს და დიდ ძალაუფლებას შეეწინააღმდეგება მხოლოდ ერთიანობა. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი!
– რეგიონებში არ გამოვა ერთიანი კანდიდატები?
– არ გამოვა და ეს კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, ვნახოთ, რა იქნება. ჯერ ხომ ვხედავთ, რომ თბილისშიც კი არ შევთანხმებულვართ ნორმალურად ყველაფერზე. ყველა უბანზე არ გვყავს კანდიდატი და პლუს ამას ამდენი წინააღმდეგობაა. ამიტომ ერთიანი ფორმატი აღარაა!
– რაზეც შეთანხმდით, იმასაც ხომ არ დაემუქრება საფრთხე?
– ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერაფერს ვერ გამორიცხავ. იმედს ვიტოვებ, რომ – არა.