“სანამ ივანიშვილს სანქციებით არ დაემუქრნენ, საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღეს”

"სანამ ივანიშვილს სანქციებით არ დაემუქრნენ, საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღეს"ხათუნა გოგორიშვილი: “ოცნება” ხავსს ეჭიდება და საარჩევნო პროცესში ძალადობის მექანიზმებს ტოვებს”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო, რომელშიც ოპოზიციის ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო. მათ შორის არის “ევროპული საქართველოც”. მიზეზი კი ისაა, რომ მათ მიერ წარდგენილი წინადადებები არც კი განიხილა პარლამენტმა. პარტიაში აცხადებენ, რომ მთავარი ცვლილებები ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, მათ შორის ეუთო/ოდირის 27 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 შეასრულა.
უფრო კონკრეტულად ამ საკითხებზე და მათი შენიშვნების შესახებ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი საუბრობს.
– რა პოზიცია გაქვთ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, უჭერთ თუ არა “ევროპული საქართველო” მხარს და რა შენიშვნები გაქვთ საკანონმდებლო პაკეტთან?
– ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი მოსაზრებები იმ აუცილებელი საკითხებისა, რომლებიც პარლამენტს უნდა შეეტანა საარჩევნო კოდექსში. თუმცა, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა “ევროპული საქართველოს” წინადადებები. არათუ მიღებაზე, განხილვაზეც კი უარი თქვა. აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვიღებთ საარჩევნო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას, არც მიგვიღია მონაწილეობა არც პირველი მოსმენის და არც მეორე და მესამე მოსმენის დროს.
– რა ცვლილებებს გულისხმობდა თქვენი წინადადებები?
– ჩვენი ცვლილებებიდან ერთი მიმართულება იყო ეუთოს რეკომენდაციები, რომელზეც რეკომენდაციები ეუთო/ოდირმა ოფიციალურად წარადგინა საარჩევნო კოდექსში შესატანად. ჩვენ ვითხოვდით, რომ თითოეული რეკომენდაცია დეტალურად განხილულიყო და ყველაზე მიეღო პარლამენტს გადაწყვეტილება. თუმცა, მხოლოდ სამი მათგანი იყო ასახული პროექტში და ისიც უმნიშვნელო. უეთოს რეკომენდაციების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს. ასევე მედიარეგულაციებს და რესურსების გამოყენებას, რაც პარლამენტს არც კი განუხილავს.
რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ წინადადებებს, გარდა ეუთო/ოდირის რეკომენდაციებისა, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ მიღებული იყოს ცვლილება, რომელიც საარჩევნო პროცესს მაქსიმალურად თავისუფალს და გამჭვირვალეს გახდის. კერძოდ, ყველას მოეხსენება, რაც ხდება ხოლმე საარჩევნო უბნებთან. მობილიზებულია ხოლმე ე. წ. ბირჟები ადგილობრივი ავტორიტეტებისა და მოკრიმინალო ელემენტების საშუალებით, რომლებიც ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებენ სხვადასხვა ფორმით. ზოგჯერ უკრძალავენ უბანზე შესვლას, ზოგჯერ აიძულებენ მათთვის სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემას და ეს სასურველი კანდიდატი ყოველთვის სახელისუფლებო პარტია ან მისი წარმომადგენელია.
ჩვენი წინადადება იყო, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარედ ნებისმიერი სახის თავშეყრა აიკრძალოს და ეს იყოს დასჯადი ქმედება, როდესაც ადამიანები დგანან საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. თავდაპირველ ვარიანტში “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ჩაწერა, რომ უბნიდან 25 მეტრის რადიუსში არ შეიძლება შეფერხება. ანუ შეიძლება ადამიანები იდგნენ, თავშეყრა იყოს, მაგრამ შეფერხება არ იყოს დაშვებული.
– თუმცა ამგვარი რეგულაცია ცოტა სხვა ფორმით აქამდეც იყო. კერძოდ, არ შეიძლებოდა უბანზე შესვლა, მაგრამ 25 მეტრის რადიუსი ცვლის არსობრივად რამეს?
– აქ საუბარია იმაზე, რომ შეფერხება არ იყოს დაშვებული. ანუ შეიძლება იყოს ბირჟა, შეიძლება იდგნენ. ვნახეთ ჩვენ ე. წ. სპორტსმენები, რომლებსაც მასობრივად გრიპი ჰქონდათ და ნიღბებით იყვნენ საარჩევნო უბნებზე გარდაბანში, რომლებიც ამომრჩეველს პირდაპირ ყრიდნენ საარჩევნო უბნებიდან. სოფლებსა და რაიონებში ყველამ იცის, ვის უჭერს მხარს და მათ ეუბნებოდნენ, რომ წადით და არ მოხვიდეთ არჩევნებზე. მე პირადად მიწევდა მათთვის ხელის მოკიდება და უბნამდე მიცილება, რომ ამერიდებინა ამ ზეწოლისთვის. მაგრამ საბოლოო ვარიანტში 1 ივლისის განხილვაზე ეს ფორმალური მუხლიც კი ამოიღეს და აღარ იქნება საარჩევნო კოდექსში. არასამთავრობოები ითხოვდნენ, რომ 50 მეტრის რადიუსზე ყოფილიყო აკრძალული თავშეყრა, რაზეც უარი მიიღეს. მერე კი ეს მუხლი მთლიანად ამოიღეს.
საარჩევნო კოდექსში წერია, რომ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მობილურის გამოყენება აკრძალულია, თუმცა არსად არ არის ჩანაწერი, ვთქვათ, ადამიანი თუ შევა კაბინაში და გადაუღებს, არის თუ არა რაიმე სანქცია. ალბათ თქვენც პირველად არ გესმით ამ პრობლემის შესახებ, როდესაც კაბინაში უღებენ ფოტოს და უგზავნიან ვიღაცას. ეს ქმედება რომ დასჯადია, ეს ჩანაწერი კოდექსში არ არის.
ჩვენ გვინდოდა ჩანაწერის გაკეთება, რომ თუ ვინმე შეიტანს ტელეფონს და გამოიყენებს, მაშინ ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ამისთვის სანქცია იქნება, თუნდაც ადმინისტრაციული სახით.
– ეს როგორ უნდა განხორციელდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დააფიქსირეს, რომ ფოტო გადაუღო? იმ შემთხვევაში რა უნდა მოხდეს, თუ ამის ფიქსირება ვერ მოხდა და ჩუმად გადაიღო პირმა ფოტო?
– ამის გარკვევა რთული არ არის, რადგან ფოტოს გადაღების ხმა ისმის, ანუ ე. წ. ჩხაკუნი. თუ ამ ადამიანს თუნდაც ერთი ლარით დააჯარიმებ, ამ ადამიანს მიზეზი ექნება, რომ ტელეფონის შეტანაზე უარი თქვას. ასეთი ქმედებები სამოქალაქო აქტივობას ხელს უწყობს და ადამიანებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიღაცის ზეწოლა არ შეასრულოს.
– რატომ არ ახორციელებს ხელისუფლება იმგვარ ცვლილებებს, რაც ამ ძალადობასა თუ ამომრჩევლის ზეწოლას გამორიცხავს? როგორია თქვენი პოლიტიკური შეფასება?
– ძალიან კარგად ხედავენ, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა შემცირებულია და ეს დგას ე. წ. ქორ მხარდამჭერებზე, პარტიულ აქტივისტებსა და ადმინისტრაციულ რესურსებზე. ხედავენ, რომ მათი მხარდაჭერა დღითიდღე იკლებს.
მათ ჰქონდათ ილუზია, რომ კორონამ გაზარდა მათი რეიტინგი, მაგრამ დროთა განმავლობაში უკმაყოფილება ამ მიმართულებითაც იზრდება და ამასაც ხედავენ. ხედავენ იმას, რომ თუ არჩევნები ჩატარდა ნორმალურად, ღიად და გამჭვირვალედ, წაგებული ექნებათ. ამიტომ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ეგ ვარიანტია. უნდათ, რომ ხმების დამატება ისევ ზეწოლით მოახერხონ, მაგრამ მინდა დავარწმუნო, რომ ნამდვილად არ უშველით არანაირი ახალი თუ ძველი რეგულაციები. იმიტომ, რომ ადამიანები გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ და ხელისუფლებას რეიტინგი დაკარგული აქვს. შესაბამისად, მას არ აქვს ხალხის ნდობა და მხარდაჭერა.
– როცა არ ხდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულება და იმ ფონზე, როგორი კრიტიკაც ისმის დასავლეთიდან, ამ მიმართულებით რა გველოდება?
– წინასწარ კრიტიკას ვერ დაიწყებს. თეორიულად არის შანსი, რომ უცბად გაუნათდეს უმრავლესობას გონება და თქვას, ვაიმე, ეს რა დაგვემართაო და ეს რეკომენდაცია გაითვალისწინონ. ამის თეორიული შანსი არსებობს, თუმცა მხოლოდ თეორიული.
როდესაც ეუთო ნახავს, მისი რეკომენდაციების რა ნაწილია გათვალისწინებული, რა დოზითა და ხარისხით, ამაზე შესაბამისი რეაქცია ექნება. დასავლეთს საქართველოში მიმდინარე ყველა პროცესზე რეაქცია რომ აქვს, ეს ბოლო პერიოდმა კარგად დაგვანახა. “ქართულ ოცნებას” არ ადარდებს არც დასავლეთი და არც სტრატეგიული პარტნიორი, მათთვის მთავარია, რომ როგორმე ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას. ამიტომ ისინი ყველაფერზე მიდიან და ყველაფერზე თანახმანი არიან. არის რაღაცები, რაც კრიტიკულ ზღვარს აღწევს ხოლმე. როგორც კი ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე დაიწყო საუბარი, საკონსტიტუციო ცვლილებები ტაშის კვრით მიიღეს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ცვლილებების მიღება არ უნდოდათ, მაგრამ იძულებულები გახდნენ, რომ მიეღოთ და ტაშიც დაეკრათ, როგორც დიდი ბედნიერების ნიშანი.
სანამ ასეთ კრიტიკულ ვითარებაში და კუთხეში მიყენებულები არ არიან, ისინი არ იღებენ ხოლმე იმ რეკომენდაციას და გადაწყვეტილებას, რომელსაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები ურჩევენ ევროპიდან და აშშ-დან.