“საზოგადოებაში შექმნეს განცდა, რომ კრიმინალი ყვავის”

"საზოგადოებაში შექმნეს განცდა, რომ კრიმინალი ყვავის"ამირან სალუქვაძე: “ყველა მხარეს სჭირდება ინფორმაცია. მეც მჭირდება ინფორმაცია ანალიზისთვის, მაგრამ, როცა ერთი მხარისგან მუდმივად სიცრუეს ვისმენ, მიუღებელია და ყოველ სიტყვას ეჭვით ვუყურებ”

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძე პასუხობს.
– ბატონო ამირან, ბოლო დროს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით (ვგულისხმობ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებს) გარკვეული პირები, პარტიები თუ ადვოკატები აკრიტიკებენ შს სამინისტროს, საგამოძიებო ორგანოებს. ამ საკითხის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?
– რაც შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეებთან დაკავშირებით ხდება, წარმოუდგენელია, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი რამ მოხდეს. ადვოკატების მეშვეობით მედია პირდაპირ ეთერში პარალელურ გამოძიებას აწარმოებს და საგამოძიებო მასალების დემონსტრირებას ახდენს, რა თქმა უნდა, ადვოკატების ინტერესების გათვალისწინებით.
გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ვიწროპოლიტიკურ მიზნებს, რადგან წინ არჩევნებია (წინა წელსაც ასე იყო. ყოველ წელს არჩევნებია, ხან – პრეზიდენტის, ხან – ადგილობრივი, ხან – საპარლამენტო), ძალოვან სტრუქტურებზე შეტევის პროცესები არ წყდება, რაც სცდება ელემენტარულ ნორმებს. აქ ისმება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს მედია, როცა მეტწილად ბრალდებულების ადვოკატებს აძლევს ტრიბუნას? ეს კატასტროფაა, აბსოლუტურად ყველანაირი ბალანსი დარღვეულია.
– ადვოკატი დაცვის მხარეა და, ალბათ, იმიტომ.
– ადვოკატების საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს. ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ და საკუთარი კლიენტების გადარჩენას ცდილობენ. ეს ჩვეულებრივი საქმეა, მაგრამ ამგვარი განხილვების ადგილი მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო დარბაზია, სადაც დაცულია ბალანსი. იქ თანაბრად არის წარმოდგენილი ბრალდების მხარე და ადვოკატები.
– ამ შემთხვევაში ადვოკატები პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარებიან?
– ამის თქმა არ მინდა, მაგრამ იქ არის ცალკეული შემთხვევები, სადაც შეიძლება კავშირების დანახვა. ბრმა არავინ არის, თუმცა, ადვოკატს თუ მისცემ ტრიბუნას დილიდან საღამომდე – ცალკე სასამართლო დარბაზში ამართლოს თავისი კლიენტი და აქეთ მთელ ქვეყანას ელაპარაკოს დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ის ამას გააკეთებს იმისათვის, რომ თავისი კლიენტის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრი შექმნას. როგორ დავადანაშაულო. ამიტომ უნდა დავიცვათ სტანდარტი.
როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებთ რომელიღაც მედიასაშუალებას, რომ ცალმხრივად, ტენდენციურად ახდენს ინფორმაციის მიწოდებას, ერთი ამბავი ტყდება, აი, მედიას თავს გვესხმიანო. შეიძლება, ეს განცდა ჰქონდეთ და უნდათ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ვინმე მედიას ინფორმაციის მიწოდებას უკრძალავს. მედიის საქმე ზუსტად ინფორმაციის მიწოდებაა და არა დილიდან საღამომდე გამოძიებების ტარება.
არ გამოვრიცხავ, ვერ უარვყოფ და ვერ ავუკრძალავ (ღმერთმა დამიფაროს, რომ ავუკრძალო) საგამოძიებო ჟურნალისტიკას, რომელიც ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს მე ბრწყინვალედ მესმის, მაგრამ, როდესაც, ფაქტობრივად, საგამოძიებო ჟურნალისტს პირდაპირი წვდომა აქვს საგამოძიებო მასალებთან და იქიდან გამომდინარე საუბრობს, ეს უკვე აღარ არის საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ამას ნებისმიერი დაადასტურებს.
საგამოძიებო ჟურნალისტიკა მაშინ არის და თავის სახელს მაშინ ამართლებს, როდესაც ჟურნალისტს საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ აქვს და საკუთარი ძალებით, საკუთარი წყაროებით მოიპოვებს ინფორმაციებს.
ის რა საგამოძიებო ჟურნალისტიკაა, როდესაც ადვოკატი შედის შს სამინისტროში, გამოაქვს გამოძიების მიერ მოპოვებული მასალების ახალი ტომი და მიაქვს ტელევიზიაში. ეს არის საგამოძიებო მასალების გამომზეურება ტელევიზიით, რაც პირდაპირ უშლის ხელს გამოძიებას. ამიტომ არის შეტევა საგამოძიებო სტრუქტურებზე და იქმნება არასწორი საზოგადოებრივი აზრი.
– თუ საგამოძიებო მასალების გამომზეურებაა, რატომ იქმნება არასწორი საზოგადოებრივი აზრი?
– იმიტომ, რომ მხოლოდ ადვოკატები საუბრობენ. ძიებას თავისი სტრატეგია აქვს. გამოძიება ხელოვნებაა. არ შეიძლება, ყოველ 2-3 დღეში პროკურატურის წარმომადგენელი გამოვიდეს და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს დოზირებით. ჯერჯერობით, ეს ხდება იმ ფორმით, რომ ძიებას ზიანი არ მიადგეს. ასე თუ გავაგრძელებთ, მივალთ იქამდე, რომ პროკურატურას, საგამოძიებო სტრუქტურებს აბსოლუტურად ყველა საქმეზე (ჯიბის ქურდობა იქნება თუ მკვლელობა) მოუწევთ საიდუმლოების შენახვა და მონაწილე პირებისთვის ხელწერილების ჩამორთმევა. რა უბედურებაა, სად ვცხოვრობთ, რა კრიმინალური ქრონიკაა?!
კრიმინალური ქრონიკაზე, რომელზეც მე ვლაპარაკობ, უკვე ბევრი წერს, სოციალურ ქსელშიც ვრცელდება ინფორმაციები. მე მუდმივად ვცდილობ, აქცენტი სტატისტიკაზე გავაკეთო, როგორ აშუქებდნენ ერთი და იგივე მედიასაშუალებები, ერთი და იგივე ჟურნალისტები საზოგადოებრივ ცხოვრებას წლების წინ და როგორ აშუქებენ ისინი ამ ხელისუფლების პირობებში.
– როგორ?
– აქ პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური მიზნები. არ შეიძლება, 2012 წლამდე ვითარებას აშუქებდე მხოლოდ ვარდისფერში, აჩვენებდე გზების, საავადმყოფოების გახსნას და მალავდე კრიმინალს, 2012 წლიდან კი საინფორმაციო გამოშვებები კრიმინალურ ქრონიკად აქციო, საზოგადოებაში იმის განცდა შექმნა, რომ კრიმინალი ყვავის. ბოლოს და ბოლოს, შეგვიძლია, სტატისტიკას დავუჯეროთ ან არ დავუჯეროთ, მაგრამ იმ წლების საუკეთესო სტატისტიკა და ამ წლების ყველაზე უარესი სტატისტიკა ავიღოთ და შევადაროთ. დავინახავთ, რომ ერთი და იგივე ტელევიზიები (3-4 ტელევიზია) მუდმივად ორიენტირებული არიან დეპრესიულ, დამთრგუნველ საინფორმაციო პოლიტიკაზე, საინფორმაციო გამოშვების ნახევარს კრიმინალის გაშუქებას უთმობენ.
– მედიამ ძალოვან სტრუქტურებზე არ უნდა ილაპარაკოს?
– მედიამ ძალოვან სტრუქტურებზეც უნდა ილაპარაკოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი პროცესი და არ უნდა ატარებდეს ძალოვანი სტრუქტურების დათრგუნვის ხასიათს.
– ძალოვან სტრუქტურებსა და საქმეების გამოძიებაზე მინდა გკითხოთ. მაგალითად, ბაჩალიაშვილის საქმეზე დაზარალებულის ადვოკატი უკმაყოფილოა, გამომძიებლებმა გარდაცვლილის კომპიუტერი ჩემი თანდასწრებით რატომ არ გახსნესო. თუ ასე იყო, არ უნდა თქვას?
– ესეც ცალმხრივი ინფორმაციაა. ჩვენ ვუსმენთ ადვოკატს და უნდა დავიჯეროთ, რომ ასე მოხდა. საგამოძიებო სტრუქტურებს, შს სამინისტროს, პროკურატურას დაუსვით კითხვა და შემდეგ შეაფასეთ. მე სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ, ვერ შევაფასებ. ადვოკატმა თავისი აზრი და დამოკიდებულება სასამართლოს უნდა უთხრას. მედიამაც უნდა გააშუქოს, როცა ღია სხდომებია. იქ თანაბრად უნდა მოვისმინოთ პროკურორის განცხადებაც და ადვოკატისაც.
ადვოკატი ამას სასამართლოში რომ განაცხადებს და იქ პროკურორი პასუხს გასცემს, ის ინფორმაცია გამოვიტანოთ გარეთ. თუ აღმოჩნდება, რომ საგამოძიებო სტრუქტურამ სათანადო პასუხი ვერ გასცა, არადამაჯერებლად უპასუხა, მაშინ, კი ბატონო, ორივე ხელით ადვოკატის მხარეს ვიქნები. თუ მეორე მხარე დაასაბუთებს, რომ ადვოკატის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია (რაც საკმაოდ ხშირად ხდება ამ დღეების განმავლობაში) სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ ბოდიში მოიხადოს. მეც ადვოკატი რომ ვიყო, ასე ვილაპარაკებდი, რადგან მას ამაში თანხას უხდიან. ადვოკატები საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ.
– სამწუხაროდ, ისეთი პრაქტიკაც არის, რომ სამართალდამცავებში გადაცდომებიც იყო თავის დროზე გამოძიების პროცესში. წინა ხელისუფლების დროს ამას მასობრივი ხასიათი ჰქონდა.
– ყველა მხარეს სჭირდება ინფორმაცია. მეც მჭირდება ინფორმაცია ანალიზისთვის, მაგრამ, როცა ერთი მხრისაგან მუდმივად სიცრუეს ვისმენ, მიუღებელია და ყოველ სიტყვას ეჭვით ვუყურებ.
ხომ ხედავთ, რამხელა ამბები ატყდა ახლა სომხეთში ოთხი ჟანგიანი კამაზის თითქოსდა გატარების გამო. იციან, რომ იმ ტექნიკამ გაიარა? არა, მაგრამ, მცდელობა იყო, საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვიათ. თან უბრალო სკანდალი არ არის, რადგან ორი მეზობელი სახელმწიფოა დაპირისპირებული.