“თალკომდინხუი” – თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე და ხუნდაძე – ოქრუაშვილი ”ციხის ჩანახატებს” აქვეყნებს

"თალკომდინხუი" - თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე და ხუნდაძე -  ოქრუაშვილი ''ციხის ჩანახატებს'' აქვეყნებსირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუქზე ”ციხის ჩანახატების” ნაწყვეტს აქვეყნებს და როგორც აანონსებს, ვრცელია და ნაწი-ნაწილ გამაქვეყნებს სოციალურ ქსელში. გთავაზობთ ერთ ნაწილს.

ციხის ჩანახატების სერიიდან.

გავა დრო და ჟამთააღმწერელი კვლავ დაწერს.

იდგა ქრისტეშობიდან 2020 წლის მკათათვე. თბილისში გავრილოვის სტუმრობიდან ერთი წელი გასულიყო.

მძიმე ჟამი ედგა საქართველოს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად ქვეყანაში კვლავ დაძაბულობა და პოლიტიკური კრიზისი იგრძნობოდა, რადგან არ კლებულობდა დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის ტალღა და ქვეყნის შიგნით ხალხის შფოთი. ივანიშვილის გენიოს თავზე შავი ღრუბელი გროვდებოდა.

თბილისს ჯერ კიდევ ღრმა ძილით ეძინა. მხოლოდ შუშის სასახლიდან გამოდიოდა ბულაჩაურის ბაზრობაზე ნაყიდი ღორის ქონით დამზადებული სანთლის მბჟუტავი შუქი.

დიდ დარბაზში მაგიდას რამდენიმე ადამიანი უჯდა. მაგიდაზე უწესრიგოდ ეყარა სენატორების და ევროპარლამენტარების წერილები, მათ ზემოდან კი 3 ნომერი “ფინ დე კლერის” ხამანწკების ოთხი ნიჟარა და ბურვაკის და ბატკნის ხუთიოდე კოჭი. აგრეთვე ბიძინას დიდი ბაბუის ქუსლის ძვლიდან გამოთლილი ორი კამათელი.

ეს არ გახლდათ ივანიშვილების ვახშმის ნასუფრალი. პირიქით, სახელდახელოდ გაშლილი სუფრა იყო, რომელსაც საქართველოს დამფუძნებელი მამები: ბიძინა ივანიშვილი, უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, ვანო ჩხარტიშვილი და ენძელა მაჭავარიანი ესხდნენ. სუფრასთან ერთი უცხოელიც იჯდა, რომელიც ივანიშვილების ოჯახის უცვლელი ფრანგი მკითხავი და საფრანგეთის ოკულტიზმის აკადემიის დიდი მაგისტრი ჟან პოლ უბადრუკი გახლდათ. მისი როლი უმნიშვნელოვანესი იყო სუფრასთან – შეწუხებული თავყრილობისთვის, სპეციალური რიტუალის შედეგად, მას უნდა ერჩია პოლიტიკური კრიზისიდან ისეთი გამოსავალი, რომელიც ბიძინას თავს გილიოტინიდან დაიხსნიდა.

იქვე კუთხეში მცირე ზომის მაგიდასთან განმარტოებით იჯდა პროკურორი შოთაძე, რომელსაც “შარიკოვად” მოიხსენიებდნენ და მას შეხვედრის ოქმის შედგენა ევალებოდა, რათა ისტორიას არ გამორჩენოდა ასეთი მნიშვნელობის მოვლენა.

ბიძინა იმედისთვალით შეჰყურებდა მის მკითხავს და რაიმე რაციონალურის მოსმენას ელოდა, თორემ ფარცხალაძეს და ჩხარტიშვილს რა უნდა ერჩიათ მისთვის, თვალებში მხოლოდ 100 დოლარიანი კუპიურები უკიაფებდათ.

ისეთი გამოსავალი უნდა ეწინასწარმეტყველა და ერჩია მკითხავს ბიძინასთვის, რომ მისთვის ვერც ამერიკელების სანქციებს და ვერც ხალხის ტალღას ვერაფერი დაეკლო, ხოლო თითქმის ყოველ წელს არჩევნებში სასურველი შედეგების მიღწევას კი მის ჯიბეში ფული. სანქციებს და ფულის ხარჯვას კიდევ აიტანდა ივანიშვილების ოჯახი, მაგრამ ყოველი არჩევნები მათ ნერვებს საშინელ მდგომარეობაში აგდებდა.

2020-ის არჩევნები კარს იყო მომდგარი და ბიძინა მხოლოდ “თალკომდინხუი”-ს იმედად ვერ იქნებოდა.

“თალკომდინხუი” ბიძინას ამერიკელი ლობისტი არ გეგონოთ ჩემო მკითხველო. ამ სიტყვას ხშირად წააწყდებოდით ფასილიტატორი ელჩების პირად ბლოკნოტებში და ის თალაკვაძის, კობახიძის, მდინარაძის და ხუნდაძის აღმნიშვნელი აბრევიატურა გახლდათ.

ცისკრის ვარსკვლავის მილევას დაელოდა დიდი მაგისტრი. კამათლები, კოჭები და ხამანწკის ნიჟარები ბიძინას დედისეულ ემალის ყვითელ ქვაბში ჩაყარა, სუფრის თითოეულ წევრს შიგ ჩააფურთხებინა, ქვაბი კარგად შეანჯღრია და მაგიდაზე გადმოაპირქვავა.

კოჭების და ნიჟარების პოზიციამ, კამათლის “დუ იაქმა” და ბიძინას კარმამ ძალიან ცუდი მომავალი დაანახა დიდ მაგისტრს, რისი გამხელაც ვერ გაბედა და ბიძინას უთხრა ვერაფერს ვხედავო.

ის იყო, სულ ტყუილად გიხდი ფულს, degage შე ვირიშვილოო, უნდა დაეძახა გრიგოლიჩს მკითხავისთვის (სულ ორი სიტყვა იცოდა ფრანგულად – ბონჟურ და დეგაჟ), რომ თითქოს ხსნა სასწაულად მოევლინაო, ისე შემოიჭრა დარბაზში ახალგამოღვიძებულზე “ჩემი ეკა”.

“ჩემი ეკა” ადრიანად მორთულ-მოკაზმულიყო. ტანზე ალუბლისფერი ბაფთებით გაწყობილი “Aubade”-ის ფირმის ინდური მუსლინის საუცხოო კაბა ეცვა. თმა დაუდევრად დაეხვია და ფეხები ალუბლისფერივე ატლასის სარჩულიან ხავერდის კოხტა მაშიებში გაეყარა. აბრეშუმის ქაღალდში გახვეულ მარგალიტს მოგაგონებდათ არაფორმალური პირველი ლედი, კანოვას “ვენერასავით” უზადოდ ნაქანდაკები სხეულით. შოდერლო დე ლაკლო ცოცხალი, რომ ყოფილიყო “სახიფათო კავშირებს” ხელახლა დაწერდა და მის ერთ-ერთ პერსონაჟად გამოიყვანდა მას.

ისევ ქალის მახვილმა გონებამ ივარგა, როგორც ეს ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძის დანიშვნაზე რეკომენდაციის გაცემისას გამოამჟღავნა “ჩემმა ეკამ”.

როგორც ბალზაკი შენიშნავდა: ქალებს სჩვევიათ შესაძლებლობებზე დაყრდნობით შეუძლებლის მტკიცება და წინათგრძნობების საფუძველზე ფაქტების უარყოფა. “ჩემმა ეკამ” გადაჭრით ურჩია ბიძინას, პარლამენტის და არჩევნების საერთოდ გაუქმება, Rey netto მონარქიის აღდგენა და თავისი თავის მეფედ გამოცხადება. ასე, ვერც NDI-IRI-ს გამოკითხვები, ვერც 120/30-ზე კამათი და ვეღარც სანქციები შეაწუხებდა ბიძინას.

დამფუძნებელი მამების და თვით ბიძინას აღფრთოვანებას სიტყვით ვერ აღგიწერთ და პირდაპირ პროცესზე გადავალ.

მეფის ტახტზე ასვლა ერთი კვირის თავზე დაინიშნა.

მეფის კურთხევა სვეტიცხოველში მეუფე იაკობმა ითავა.

და ტრიალებდნენ საფლავში, მეფენი ჩვენნი დიდნი – ვახტანგი, ბაგრატი, დავითი, თამარი, გიორგი, სიმონი, თეიმურაზი, ერეკლე და სხვანნი. მხოლოდ რომანოვთა დინასტიის განსვენებულნი იმპერატორნი ქირქილებდნენ პეტერბურგის ჭაობებში.

ამაოდ აპროტესტებდა ამ ყველაფერს სპორტის სასახლეში შეკრებილი ხალხის წინაშე ბაგრატოვანთა ჭეშმარიტი შთამომავალი დავით თარხან- მოურავი და აწ უკვე მეფედყოფილი, ბიძინას მიერ რეგალიებაყრილი დავით 69-ე ბაგრატიონი, რომელიც საკუთარ ტრაქტორზე ამხედრებული სართიჭალაში ვენახს წამლიდა და მის პროტექტორს ესპანეთის მეფეს დროდადრო საჩივრის წერილებს უგზავნიდა ბაგრატიონთა ტახტის გაუქმების გამო. მაგრამ როგორც ამბობენ მათი ხმა იკარგებოდა, როგორც ღაღადი უდაბნოსა შინა.

და დადგა ის დღეც.

შუშის სასახლეში დიდი სამზადისი იყო. მეფის ტანისამოსის შესაქმნელად ანოუკის სულ დაეპუტა ყველაფერი, მაგრამ დემნა გვასალია კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დარჩა. სამეფო გვირგვინი ავლაბრელ ოქრომჭედელ არამას დაემზადებინა De Beers-ს ბრილიანტებისა და Graff-ის ზურმუხტებისაგან. ალაგ-ალაგ მდინარე ყვირილას საჩხერის ნაპირებიდან ამოღებული რიყის კენჭებიც ჩაესვა თილისმად, რადგან ბიძინას და “ჩემ ეკას”, როგორც “კაცია ადამიანში” ლუარსაბსა და დარეჯანს, ბავშვობაში არაერთხელ გადაეყლაპათ ბედნიერების მოსაპოვებლად, რასაც მიაწერდნენ კიდეც ჭორვილელები მათ წარმატებას და ცხოვრებისეულ წინსვლას.

აი ის მომენტიც. ბიძინა სვეტიცხოვლის კარიბჭესთან გამოჩნდა. როგორც ბერას ქორწილისას, ახლაც სამთავრობო დაცვის უფროსს, აწ უკვე ამირსპასალარ ჩუბინიძეს საგულდაგულოდ გადაეკეტა ტაძრის მისადგომები, რათა მოწვეული სტუმრების გარდა ვერცერთი რიგითი მოკვდავი ვერ შეფრენილიყო.

ბიძინას პირველი მეუფე იაკობი შეეგება და მეფეთა კურთხევის წესის თანახმად ტაძარში შესვლამდე გარედან სამი წრის დარტყმა შესთავაზა. წრეზე სიარულისას მეუფე იაკობს ვაშინგტონში ნაყიდმა Chezare Pachotti-ს ფეხსაცმელმა მოუჭირა და ორი წრით დაკმაყოფილდნენ.

ცა გაცისკროვნებულიყო, ხალხი ხარობდა. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, სადაც ეს ორი წყალი, კამკამა არაგვი და მღვრიე მტკვარი მუდმივად ებრძვის ერთმანეთს, ბიძინას საპატივსაცემოდ მტკვარიც დაწმინდავებულიყო, თითქოს მასაც, არაერთი ჭირის მნახველს, უხაროდა ბიძინას გამეფება.

უცხოელი სტუმრები მრავლად დაეპატიჟათ, მაგრამ საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე “ქართული ოცნების” შესუსტებული პოზიციების გამო სიხალვათე შეინიშნებოდა. ფრანგებს ტრადიციისთვის არ ეღალატათ და ისევ სარკოზი გამოეგზავნათ, ბრიტანელებს – დეპეშა, გერმანელებს – გერხარდ შროდერი, ამერიკელებს შავ ზღვაში ნატოს სწავლებაზე შემოსული ნაღმოსან “Alabama”-ს მზარეული, ირანელებს ისევ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ეგონათ და კვლავ გასაბერი კაცი გამოეგზავნათ. აზებაიჯანის, სომხეთის და თურქეთის დელეგატებმა კორონას ტესტი ვერ გაიარეს და უკან გაბრუნდნენ. პუტინი კი თავისას არ იშლიდა და ისევ გავრილოვი ეფრინა.

უცხოელ სტუმრებს რომ არ მოეწყინათ, მათ გასართობად და სალაღობოდ სპეციალურად მიეჩინათ რაინდი ვასაძე, რომელიც სტუმრებს სხვადასხვა ენაზე აცნობდა ივანიშვილთა სამეფო გვარის ისტორიას, რომლებიც აქამდე მხოლოდ იმიტომ ვერ გამეფდნენ, რომ ბაგრატიონებმა თაღლითობით მიითვისეს ტახტი 1200 წლის წინ და ასე აჯობეს ბიძინას წინაპრებს.

ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ ტვ იმედი და პოსტივი.

მეუფე იაკობმა თრიალეთის ბარძიმში ორი ლიტრი ბიძინას მოტანილი 1972 წლის “შევალ ბლონი” ჩაასხა, ერთი ყლუპი ბიძინას მოასმევინა, დანაჩენი განსხვავებულივით გადაარაკრაკა და მეფეს გვირგვინი დაადგა.

კურთხეულ იყოს მეფე ქოცთა, აფხაზთა, კახთა, ზვიგენთა, რანთა, ოვსთა, პინგვინთა, ვაკელთა, იმერთა, ზებრათა, კაი ბიჭთა, 15 ლარიანთა, დიდოელთა, ჭორვილელთა და სხვათა – ბიძინა პირველი “სიტყვისკაცი”, შეჰყვირა რაინდმა ვასაძემ.

“სიტყვისკაცი” – ბიძინა პირველს ხალხის მოთხოვნით დაერქვა 64 წლის მანძილზე გაუტეხელის სიტყვის და ყველა დაპირების უბადლოდ შესრულების გამო. ბოლო 15 წლის განმავლობაში ლონდონის ბირჟაზე ხომ ლიბორის საპროცენტო განაკვეთი ბიძინას სიტყვის ფასის მიხედვით კორექტირდებოდა და მის სიტყვასთან შვეიცარიის პირველი კლასის ვერცერთი ბანკის თამასუქი ვერ მოვიდოდა.

რადგან ბერას საქორწინო სუფრა ტაბახმელას Baoli-ში თავის დროზე დაიწუნეს, ამჯერად ივანიშვილებს სუფრის გაშლა გლდანი-მუხიანის გასაყარზე, პირდაპირ გზაზე ებრძანებინათ.

უცხოელი სტუმრების ქართული სამზარეულოთი განსაცვიფრებლად მზარეულები საქართველოს ყველა კუთხიდან მოეწვიათ: ჩუმლაყიდან, ნაფარეულიდან, ხანდაკიდან, ოსიაურდან, ოტობაიადან, ობჩიდან, ღვანკითიდან და სხვა. ბიკენტიას საქაბაბის მზარეულიც კი წამოეყვანათ ამ მიზნით. 9 წელი პარიზში ალან დუკასის კერძებით განებივრებულ ივანიშვილებს მაინც ქელეხის სუფრისთვის დამახასიათებელი ხაშლამის წვენში მოხარშული ლობიო ხიბლავდათ და მენიუს შედგენისას უპირატესობა კონტინენტური საქართველოს კერძებს მიანიჭეს.

მეფე შემაღლებულ ტახტრევანზე იჯდა თემქის პირისპირ. როგორც Le Roi Soleil თვალს ჭრიდა ვაშლიჯვარისკენ დაღმავალ მზეს ბიძინა პირველი “სიტყვისკაცი”.

პროტოკოლის მიხედვით მარჯვნიდან გავლენის მიხედვით პირველი იდგა რუსების დაჟინებული მოთხოვნით პირველ ვეზირად დანიშნული გახარია, შემდეგ “ახალი გაზიზინებული” ვარონცოველი ვოლსკი და შემდეგ რიგითობით ” თალკომდინხუი”. მარცხნიდან დედოფლობის პრეტენდენტი “ჩემი ეკა” და პირველი უფლისწული ბერა. მეფის უკან ვერტიკალურად იჯდა საყვარელი დეიდაშვილი უჩა. უფლისწული ბერა ჩაფიქრებული და მოწყენილი ჩანდა, თითქოს არ უხაროდაო მამის გამეფება. სინამდვილეში მას სხვა საფიქრალი ჰქონდა, ამაზონის ტყეების გადასარჩენად გადარიცხულ მის მილიონებს შედეგი არ მოჰქონდა, რადგან წელს ამაზონიაში უხვი ნალექის გამო კოკას პლანტაციებს ჭარბი მოსავალი ჰქონდათ და მსოფლიო ბაზარზე კოკაინის ფასები დავარდნილიყო. მეორე სადარდებელიც ჰქონდა უფლისწულს – აგერ უკვე მესამე წელი ცდილობდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ყველა ღამის კლუბის მიერ აღიარებული, მასზე ავტორიტეტული რეპერის – თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუხამედოვის დათანხმებას ერთობლივი სიმღერის და კლიპის ჩაწერაზე და სულ უარს იღებდა. მეფის სიახლოვეს არ ჩანდა მისი ერთგული ძმა, მოურავი ადიკო. ის ღვინის ჩაციებაზე-ჩამოსხმაზე გაემწესებინათ და კატეგორიულად აეკრძალათ შლანგით ღვინის ამოწოვისას ერთი ყლუპის გადაყლაპვაც კი.

სუფრას ამშვენებდნენ ბანოვანნი და დარბაისელნი: გოგა ხაინდრავა, ნიკუშა შენგელაია, იუნა შაფათავა, ლადო კახაძე, ღარიბაშვილის სიმამრი (გვარი ვერ გავიხსენე), გივი სიხარულიძე, ნინო წილოსანი და სხვა წარჩინებულნი.

სუფრაზე დაპატიჟებული სტუმრებისათვის სიცხის გასაზომად სპეციალურად მიემაგრებინათ სიმამრიჩი ღარიბაშვილი.

სუფრაზე არ დაუპატიჟიათ ოპოზიცია და ჭორვილაში ბიძინას მეზობელი ვალიკო, რომელსაც ივანიშვილები ისტორიულად ღობის 60 სანტიმეტრით გადმოწევას ედავებოდნენ.

პროტესტის ნიშნად სუფრას, როგორც ბერას ქორწილში მოხდა, არ ესწრებოდა მეორე უფლისწული უტა, რომელიც ლუვსიენის ბუდუარებში ნებივრობდა და სულ ფეხებზე ეკიდა მამის გამეფებაც და სრულიად საქართველოც.

სუფრის თამადობა ამ საქმის დიდოსტატს ლადო კახაძეს დაეკისრა, რის გამოც გივი სიხარულიძეს ხასიათი შეეცვალა.

მამა-პაპათა დადგენილი ძველი წესის თანახმად პირველი სადღეგრძელო უფლის შეისვა, მეორე მეფის და აიჭრა ცაში მოხდილი შლიაპები ყვირილით: დღეგრძელი იყოს ბიძინა I “სიტყვისკაცი”. მესამე სადღეგრძელო ქვეყნის შეისვა, ხოლო მეოთხე სადღეგრძელო თამადამ საკუთარი პროფესიული იმპროვიზაციით შესვა: ეს იმ საშოს გაუმარჯოს, რომლიდანაც ჩვენი მეფე მოევლინა ქვეყანასო, შესძახა ლადო კახაძემ და ალავერდი იუნა შაფათავასთან გადავიდა.

ამ დროს რაინდმა ვასაძემ Crescendo ტაში შემოჰკრა და “ცანგალა და გოგონა” დასჭექა, რაზეც მოურავი ადიკო მარცხენა ხელის ცერი თითით ჰაერში აწეული შემოიჭრა მეფის წინ და გუგული მაღრაძე გამოითამაშა.

მეხუთე სადღეგრძელო ერთმორწმუნე რუსეთის შეისვა – “გორკა”-ო შესძახა ლადო კახაძემ და გივი სიხარულიძის მუშტი მოხვდა. რა გორკა შეჩემა ქორწილში კი არ ხარო.

“გორკას” გაგონებაზე გავრილოვმა ენძელა მაჭავარიანს ისეთი დაუზასა, რომ “პალეცმეისტერ” ვახოს სპეცრაზმის გამოძახება დასჭირდა ერთმანეთისგან რომ განეცალკევებინა.

სუფრაზე სადღეგრძელოების შესვენება გამოცხადდა და სტუმრებმა მეფისთვის საჩუქრების მორთმევა დაიწყეს. ნიშანდობლივად მხოლოდ რამდენიმე საჩუქარი დაგამახსოვრდებოდათ. ოპოზიციის ფოსტით გამოგზავნილი საჩუქარი – კონსტიტუცია; ფრანგების საჩუქარი – ფრანგული ენის გრამატიკა დამწყებთათვის; ამერიკელების საჩუქარი – Georgia free business practice act (სანქციათა პაკეტის პროექტი) და რუსების საჩუქარი – “ნოვიჩოკი”-ს რეცეპტი, ნიშნად კარგად მოქცევისა.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ჩემო მკითხველო, თეთრ პერანგზე მუკუზან ჩამოწუწულმა ლადო კახაძემ გლდანის მეტროსთან ტაქსი გააჩერა და სუფრიდან მოტყდა. ბოლოს ისევ გივი სიხარულიძემ ივარგა, დაშლა- არმოშლის დალია და ქეიფიც მორჩა.

ხარობდა ერი და სრულიად საქართველო. მეფე ბიძინა “სიტყვისკაცის” პირველი ბრძანებით საარსებო მინიმუმი 192 ლარიდან 196 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ლარის კურსი დოლართან 3,20- დან 3,05-მდე დაწიეს. ბრძანება ხალხს იმასაც ატყობინებდა, რომ არჩევნების გაუქმების მიუხედავად 15 ლარს და 5 კილო კარტოფილს ყოველწელს მაინც დაარიგებდნენ.

მეფის მეორე ბრძანება იმას ამცნობდა ერს, რომ მიტინგებით თბილისში შეწუხებულმა მეფემ სატახტო ქალაქი თბილისიდან ჭორვილაში გადაიტანა. ამის გამგონე ვახტანგ გორგასალი საფლავში ვერტიკალურად გადატრიალდა.

და ეცნობა მსოფლიოს ყველა დედაქალაქს გაეროს ოფიციალური ბიულეტენით საქართველოს დედაქალაქად ჭორვილას გამოცხადების შესახებ.

მეფემ სუფრიდან შუშის სასახლეში გადაინაცვლა ამალითურთ და დეიდაშვილ უჩასთან განმარტოვდა. უნდოდა ასეთი გლობალური ცვლილებით გამოწვეული საფრთხეები შეეფასებინა.

უბედური წინათგრძნობა ჰქონდა გრიგოლიჩს. არ ასვენებდა იმაზე ფიქრი თუ რატომ ვერაფერი უთხრა ერთი კვირის წინ მისმა ერთგულმა მკითხავმა, რომელსაც ადრე არასდროს ასეთი რამ არ მოსვლია. თბილისს დარჩენა არ ისურვა მეფემ და გულმა ჭორვილისკენ გაუწია. ისევ უჩა იახლა თან.

ბოლოს ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და ეს ისტორიაც პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერის” დასასრულის მსგავსია.

მთელი ღამე არ უძინია გრიგოლიჩს, მისი ინტუიცია საფრთხეს გრძნობდა. არ ენდობოდა უმადურ და ორგულ ქართველებს, რომლებსაც ყველაფერი გაუკეთა, ზედ გადაჰყვა, მაგრამ მაინც ვერაფერი დაანახა. შუაღამისას როგორც ყვარყვარეშია, ჩირაღდნიანი ქართველების ტალღა ნელი ნაბიჯით მიადგა მეფის მამულებს. ზუსტად ამის მოლოდინი და შიში ჰქონდა ბიძინა I სიტყვისკაცს. “არიქა უჩა, დროზე საჯინიბოში და გავქუსლეთ პერევის საგუშაგოსკენო” – გააღვიძა ერთგული დეიდაშვილი. ჯერ ეკას გარდერობს ეცნენ და მისი საუცხოო კაბები მოირგეს, მაკიაჟის გაკეთებას ვეღარ ასწრებდნენ და ამიტომ პირდაპირ საჯინიბოს მიაშურეს. საჯინიბოდან ორი სუფთა სისხლის ზებრა გამოიყვანეს, ზედ მოახტნენ და ჭორვილის სიმინდის ყანებს მისცეს თავი პერევის მიმართულებით.

ეს იყო ის, რაც დიდმა მაგისტრმა ჟან პოლ უბადრუკმა დაინახა საგანგებო რიტუალის შესრულებისას ერთი კვირის წინ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, სუვერენს ასეთ რამეს პირში ვერავინ ეუბნება საჭირო დროს.

ეკილიბრით ჯირითში ორივე მაგრები იყვნენ, უჩაც და გრიგოლიჩიც, მაგრამ გალოპითაც კი ვერ მიაჭენებდნენ ზებრებს. შუა გზაზე დაუვარდათ ორივე ცხოველი. ჩამოქვეითდნენ და სიბნელეში ძლივს გაარჩიეს, რომ ზებრებს თეთრი ზოლები აღარ ჰქონდათ. გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო – ამოიხვნეშა გრიგოლიჩმა. აღმოჩნდა, რომ აფრიკული ცხოველებით მოვაჭრე სომალელ აბდულას სუფთა სისხლიანი ზებრების ნაცვლად გადაღებილი ანდალუზიური ვირები შეეპარებინა მისთვის.

ვარსკვლავების ნავიგაციით გაიგნეს გზა პერევის სამხედრო საგუშაგოსკენ სიყრმის ერთგულებმა და ორიოდე საათში გამყინავმა ხმამ ადგილზე გააქვავა დევნილები: стой, стрелять буду შემოესმათ რუსი ვანიას ხმა. ახლა კი დარწმუნდნენ რომ სამშვიდობოს იყვნენ. Не стреляйте это цар. Какой ещо на хуи цар? გამოსძახა ვანიამ. Свой. უპასუხა უჩამ. Какой ещо на хуи свой? გამოსძახა ვანიამ. Это Борис, григорич, чорвилскй.

გაგრძელება იქნება.

p.s. ”3 ჰექტარი ვენახი მაქვს დასაფრეზი და სანამ მოვრჩები რეცენზიები დამიწერეთ, ”- წერს ოქრუაშვილი და ვენახში მუშაობის ფოტოსაც აქვეყნებს.

"თალკომდინხუი" - თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე და ხუნდაძე -  ოქრუაშვილი ''ციხის ჩანახატებს'' აქვეყნებს