კოტიკო გოგინაშვილი
2019/20-ის ჩემპიონთა ლიგი ხანგრძლივი საგა, როგორც იქნა, დასრულდა და ის ფილმი რომ ყოფილიყო, მისი რეჟისორი უდავოდ კვენტინ ტარანტინო იქნებოდა.
ჩემს ახალ სტატიაში განვიხილავ ამ საფეხბურთო კინემატოგრაფიული შედევრის მნიშვნელოვან მოვლენებს და მთავარ გმირებს.
მთავარი აღმოჩენები
ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგა გვაოცებს ახალი გუნდებით, რომლებიც ტურნირის მაღალ ეტაპებზე (მეოთხედფინალი, ნახევარფინალი) ახერხებენ გასვლას. შარშან აიაქსმა გაგვაკვირვა, ხოლო წელს ერთდროულად სამმა კოლექტივმა – ატალანტამ, ლიონმა და ლაიპციგმა.
ატალანტა
ყველამ კარგად ვიცით, რომ იტალიური ფეხბურთი კრიზისშია, აქედან გამომდინარე, ატალანტას წარმატება ევროარენაზე არამარტო ბერგამოელების, არამედ მთლიანად აპენინების წარმატებად შეიძლება ჩავთვალოთ.
ჯანპიერო გასპერინის გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონი საშინლად დაიწყო. იტალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამი ტურის შემდეგ ერთი ქულის მოგროვებაც ვერ შეძლეს, თუმცა მერვედფინალის საგზური ატალანტამ მაინც მოიპოვა, რაც ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო.
მერვედფინალში გასპერინის შეგირდების მეტოქე იყო ესპანური ვალენსია. არ ვიცი, თქვენი პროგნოზი როგორი იყო ამ წყვილის, მაგრამ მე არ მეგონა, რომ შავ-ლურჯები მოახერხებდნენ ღამურების ბარიერის გადალახვას, მაგრამ ორივე მატჩის ანგარიშმა ჩემი ვარაუდი არ გაამართლა. 4-1 და 4- . 8-4 ორი თამაშის ჯამში და ატალანტას ზღაპრული საპლეიოფო სტარტი.
ატალანტასნაირ გუნდებს უჭირთ ორ ფრონტზე თამაში, ამის ნათელი მაგალითი არის 2017 წლის ლესტერი, რომელიც თავის ისტორიაში პირველად თამაშობდა ჩემპიონთა ლიგაზე. მელიები მეოთხედფინალში გავიდნენ, ანუ ერთგვარ წარმატებას მიაღწიეს ევროთასებზე, თუმცა ინგლისის პრემიერლიგა ლესტერმა საკმაოდ დაბალ მე-12 პოზიციაზე დაამთავრა. ზუსტად ანალოგიური სეზონი უნდა ჰქონოდა იტალიურ კოლექტივს, თუმცა გასპერინიმ დაგვანახა, რომ მისი ფეხბურთელები ფიზიკურად შესანიშნავად არიან მომზადებულები. მე-3 ადგილი იტალიის სერია ა-ში და 98 გატანილი გოლი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს არ არის რომელიმე იტალიური გრანდის (იუვენტუსი, ინტერი) სტატისტიკა, ეს მაჩვენებლები ეკუთვნის ბერგამოს ატალანტას, აქედან გამომდინარე, ეს გუნდი მხოლოდ შექებას იმსახურებს.
მეოთხედფინალში ატალანტა ლისაბონში ერთმატჩიან დუელში დაუპირისპირდა პსჟ-ს. იტალიელებისთვის თამაში შესანიშნავად დაიწყო. პაშალიჩის გოლი პირველ ტაიმში. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ბერგამოელები აკონტროლებდნენ თამაშის მსვლელობას, მაგრამ ბოლო წუთებმა დაგვაბრუნა 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გასპერინისთვის და იტალიური ფეხბურთის ფანებისთვის სამწუხაროდ, ატალანტამ ბაიერნის როლი შეასრულა, ხოლო პსჟ-მ იმ პორტუგალიურ ღამეს გაიმეორა მანჩესტერ იუნაიტედის გმირობა.
ატალანტა 1-2 პსჟ – ცხოვრება სასტიკია.
ლიონი
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ფრანგებმა კარგად იხმაურეს ჩემპიონთა ლიგაზე. პსჟ ფინალში გავიდა, ხოლო ლიონი ნახევარფინალის მონაწილე გახდა. ზემოთხსენებული ატალანტას საპირისპირო სეზონი ჩაატარა შიდა ჩემპიონატში ოლიმპიკმა. მე-7 ადგილი და მომავალ წელს ფრანგები ევროთასებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ამას ისიც უნდა დავუმატოთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ლიგა 1 ბოლომდე არ იყო დამთავრებული. კაცმა არ იცის, მსოფლიო ჩემპიონებს 38 ტური რომ ეთამაშათ, შეიძლება რუდი გარსიას გუნდი ევროპის ლიგის ზონაში მაინც მოხვედრილიყო, ჟან მიშელ ოლასმა (ლიონის პრეზიდენტი) ძალიან ბევრი იწვალა, რათა საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციას გაენახლებინა ქვეყნის ჩემპიონატი, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
ჩემი აზრით, ეს ერთი არასტაბილური სეზონი უნდა აპატიონ რუდი გარსიას, რადგან მან 2010 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა ლიონის ოლიმპიკი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. გარსია საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტია. მან ლილი 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახადა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში რომა სტაბილურად მე-2 ადგილს იკავებდა იტალიის ჩემპიონატში, 2018 წელს რუდი გარსიას მარსელი ევროპის ლიგის ფინალში თამაშობდა.
ლიონი არც ისე ადვილ ჯგუფში მოხვდა ლაიპციგთან, ზენიტთან და ბენფიკასთან. ჯგუფური ეტაპი ლიონმა მე-2 პოზიციაზე დაამთავრა და მოიპოვა მერვედფინალის საგზური, სადაც ოლიმპიკს გარსიასთვის ძალიან კარგად ნაცნობი იუვენტუსი ელოდებოდა. პირველი შეხვედრა ფრანგებმა 1-0 მოიგეს- მეორე შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს დუბლის წყალობით იუვენტუსმა 2-1 მოიგო, მაგრამ მემფის დეპაის სტუმრად გატანილი გოლით ლიონმა მოიპოვა ბილეთი ლისაბონში და გაემგზავრა პორტუგალიის დედაქალაქში, სადაც ტურნირის დასკვნითი აქტი იმართებოდა.
მეოთხედფინალში ჟოზე ალვალადეზე შედგა რევანში. 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გარსიას რომა ოლიმპიკოზე განადგურდა გვარდიოლას ბაიერნთან 1-7. ლიონის თავკაცს უნდოდა პირადად პეპ გვარდიოლასთან ანგარიშის გასწორება. და რუდიმ მიზანს მიაღწია. ჟოზე ალვალადეზე დაფიქსირებულმა ანგარიშმა (ლიონი 3-1 სიტი) გააკვირვა საფეხბურთო სამყარო, რადგან წყვილის ფავორიტად ინგლისური კლუბი ითვლებოდა.
ჩემი სტატიის პირველი გმირის მსგავსად, ოლიმპიკიც მწარედ დაემშვიდობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ატალანტა დაძაბულ ბრძოლაში გამოვარდა, ხოლო ლიონი, როგორც 2010 წელს, ასევე 2020-ში მიუნხენის ბაიერნთან უშანსოდ დამარცხდა – ლიონი 0-3 ბაიერნი.
რისი თქმა შეიძლება ამ გუნდზე?
ლიონი ძალიან ორგანიზებული კოლექტივია, გუნდს ჰყავს კარგი დაცვა და ფიზიკურადაც ნორმალურად არის მომზადებული. ყოველ შემთხვევაში, ნახევარფინალამდე ასეთი ეპითეტებით შეგვეძლო დაგვეხასიათებინა ოლიმპიკი.
და მაინც რა დაემართათ ფრანგებს ბაიერნთან?
პასუხი მარტივი იქნება. მატჩის დასაწყისში რუდი გარსიას გუნდმა რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, რის გამოც ტურნირის მომავალმა გამარჯვებულმა დასაჯა თავისი ოპონენტი. შეიძლება პირველი გოლის ფაქტორმა ბევრი რამ გადაწყვიტა. კაცმა არ იცის, მეოთხედფინალში სიტის პირველი გოლი რომ გაეტანა ენტონი ლოპეშის კარში, შეიძლებოდა ინგლისურ გუნდს დაემარცხებინა დამაჯერებლად ლიონი.
ჩემი აზრით, ეს გუნდი თუ შეძლებს შემადგენლობის ძირითადი ნაწილის შენარჩუნებას და სტაბილური იქნება, მაშინ მომავალ სეზონში პსჟ ადვილად ვერ გახდება საფრანგეთის ჩემპიონი.
ლაიპციგი
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გერმანიას ჰყავს მხოლოდ ერთი ტოპ გუნდი და ეს არის ბაიერნი. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა სხვა გერმანული გუნდები გასულან ჩემპიონთა ლიგის მაღალ სტადიებზე. დორტმუნდის ბორუსიამ 1997 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2013 წელს კი ფინალში გავიდა. ლევერკუზენის ბაიერი 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყო. შალკე 2011 წელს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ნახევარფინალამდე მივიდა. ახლა კი ამ გუნდებს ლაიპციგი დაემატა.
ვფიქრობ, რომ იულიან ნაგელსმანის გუნდი არის წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის მთავარი აღმოჩენა. რატომ? ამ შეკითხვას ასე ვუპასუხებ – ტოტენჰემმა (ლაიპციგის მეტოქე მერვედფინალში) თავისი ბოლო ტიტული მოიგო 2009 წელს, როდესაც ლაიპციგი ახალი დაარსებული იყო. ეს ფაქტი ტყუილად არ მოვიყვანე. ამ 11 წლის განმავლობაში გუნდმა განიცადა უდიდესი პროგრეს ი- გერმანიის უდაბლესი დივიზიონებიდან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე. თან გზიდან ნაგელსმანის ბიჭებმა ჩამოიშორეს შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ტოტენჰემი და ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო სათამაშო გუნდი, მადრიდის ატლეტიკო. სხვათა შორის, სიმეონეს ატლეტიკო პირველად გამოვარდა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გუნდთან, რომელსაც არ ჰყავდა შემადგენლობაში კრიშტიანუ რონალდუ. აქედან გამომდინარე, გერმანელთათვის ატლეტიკოს დამარცხება არის დიდი წარმატება.
ალბათ, პარიზული გუნდისთვის ლაიპციგს ძალები აღარ ეყო. გერმანულ მანქანას ბენზინი გამოელია და ამიტომაც ვერ შეძლო ფინალამდე მისვლა – ლაიფციგი 0-3 პსჟ.
2013 წლის შემდეგ პირველად
და, როგორც იქნ,ა მივედით წლევანდელი მრავალტანჯული და გრძელი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულამდეც. მიუნხენის ბაიერნმა თავის ისტორიაში მეექვსედ აწია ჩემპიონთა ლიგის თასი და დაეწია ლივერპულს. დამეთანხმებით, რომ სეზონის სტარტზე ბაიერნი არ ითვლებოდა ტურნირის ფავორიტად, რადგან რეკორდმაისტერები არასტაბილურად გამოიყურებოდნენ გერმანიის ბუნდესლიგაში. სეზონის შუა ნაწილში ბავარიელთა ხელმძღვანელობამ ცუდი შედეგების გამო დაითხოვა გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი.
ჰანს დიტერ ფლიკი მოევლინა გმირად ყველაზე ტიტულოვან გერმანულ საფეხბურთო პროდუქტს. წარმოიდგინეთ, როგორია, როცა შენ მუშაობ გერმანიის ქვედა ეშელონებში და მოულოდნელად ხდები თვით ბაიერნის მთავარი მწვრთნელი და ყველა არსებულ ტიტულს იგებ, მე-7 ადგილიდან გუნდს 2 ტურით ადრე ოფიციალურად ხდი გერმანიის ჩემპიონად. ეს არის ფანტასტიკა.
იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ იული ჰიონესი არ აპირებდა ფლიკის დიდი ხნით დატოვებას, მაგრამ ბაიერნის პროგრესულმა და დამაკმაყოფილებელმა თამაშმა შეუნარჩუნა სამწვრთნელო პოსტის სტატუსი ჩემპიონთა ლიგის ახალბედა გამარჯვებულს.
ყველაზე მეტი გატანილი გოლი ტურნირზე, მოგებების 100%-იანი მაჩვენებელი, მიწასთან გასწორებული უამრავი მეტოქე (ტოტენჰემი, ცრვენა ზვეზდა,ჩელსი, ბარსელონა, ლიონი) რობერტ ლევანდოვსკის ახდენილი ოცნება – მისი პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული, მიულერის და ნოიერის მეორე ჩემპიონთა ლიგის ტიტული – ეს არის ტურნირის ტრიუმფატორის მოკლე და მრავლისმთქმელი დახასიათება.
ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი თანხმდება, რომ ბაიერნმა სრულიად დამსახურებულად გახდა 2020 წლის ევროპის საუკეთესო გუნდი.
2-8
სტატიის უკანასკნელ ნაწილში ვისაუბრებ შეჯიბრების მთავარ იმედგაცრუებაზე.
სად გაქრა ძველი ბარსელონა? ბარსამ თავისი სახე დაკარგა რამდენიმე წლის წინ, როდესაც გუნდის ხელმძღვანელობამ სამწვრთნელო პოსტზე მოიყვანა საკმაოდ საშუალო დონის სპეციალისტები. ჯერ ვალვერდე, შემდეგ კი კიკე სეტიენი, აქვე უნდა დავამატოთ, რომ კატალონიელთა სატრანსფერო პოლიტიკამ მოიკოჭლა. ბოლო წლების ახალმა შენაძენებმა რეალურად ვერცერთხელ ვერ გაამართლა და შედეგებიც სახეზეა. ბარსელონა გახდა მესიზე დამოკიდებული გუნდი. არგენტინელი თუ ვერ ატარებს მაღალი დონის თამაშს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბლაუგრანა ვერ მოიპოვებს სასურველ შედეგს, რადგან კატალონიელებმა დაკარგეს მთავარი კოზირი – გუნდური თამაში, ლეგენდარული 10-იანის გარდა, ბარსელონას არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე შეძლებს თამაშის აღებას.
რბილად რომ ვთქვათ, წლევანდელ სეზონს წარმატებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ კატალონიელებისთვის. მარცხი ლა ლიგაში – ესპანეთის ჩემპიონი გახდა მადრიდის რეალი. სამარცხვინოზე სამარცხვინო გამოვარდნა ჩემპიონთა ლიგიდან – 2-8 მიუნხენის ბაიერნთან.
ბარსას 2019/20 წლის უკანასკნელი შეხვედრის ანგარიში იდეალურად ასახავს გუნდში არსებულ მდგომარეობას და კარგადაც აღწერს ბოლო წლების გუნდის პორტრეტს.
ვნახოთ, რას იზმას რონალდ კუმანი, წავა თუ არა გუნდიდან ლიონელ მესი? და ვიხილავთ თუ არა მომავალ წელს ახალ ბარსელონას, რომელიც კამპ ნოუს გააბედნიერებს და ბაიერნის მსგავსად გააცამტვერებს თავის მოწინააღმდეგებს.
ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.
კორონავირუსმა შეცვალა დღის წესრიგი მსოფლიოში. ზოგისთვის საბედნიეროდ ან სამწუხაროდ ცვლილებები განიცადა ფეხბურთმაც. ქვეყნებმა ეროვნული ჩემპიონატები დახურულ კარს მიღმა ჩაამთავრეს.
ჩემპიონთა ლიგის ერთმატჩიანი ტურნირის ფორმატი თითოეული ჩვენგანისთვის რაღაც სიახლე იყო, რომელმაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, გაამართლა.