შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე კი 3 ადამიანი სიკვდილს ებრძვის, არსებული ინფორმაციით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ნუცა ყანადაშვილია, რომელიც ხევსურეთის ტურში დედასთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად გარდაიცვალა ნუცას დედაც.
უბედურ შემთხვევას ასევე ემსხვერპლნენ დები, ხათუნა და ირმა მარუაშვილები.
კიდევ ერთ გარდაცვლილი ახალგაზრდა, წარმოშობით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდანაა.
22 წლის ხატია ზაალიშვილი, თბილისში, დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.
ახლობლების ინფორმაციით, შავი ზღვის უნივერსიტეტში გოგონას ჩარიცხვის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
„სტუდენტი რომ გახდა, თბილისში გადავიდნენ. მამა ისრაელში ჰყავს. ოჯახიც მატანში შექმნა, ორ წლამდე ასაკის ბავშვი ჰყავს. მოგზაურობა უყვარდა და ჩემი ინფორმაციით, ერთ- ერთ ტურისტულ სააგენტოშიც მუშაობდა“, – თქვა ახლობელმა „პრაიმტაიმთან“.
სოფელ მატანში, ზაალიშვილების საცხოვრებელ სახლში, გარდაცვლილი გოგონას ბებია და პაპა ცხოვრობენ.
ტრაგედიას ემსხვერპლა 25 წლის დეა დევსურაშვილი, იგი ადგილზე გარდაიცვალა. დეა შატილის საბედისწერო ტურზე დასთან, 23 წლის ხატია დევსურაშვილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სასწრაფო ოპერაცია უტარდება, თუმცა ექიმების თქმით, ამ ეტაპზე მისი ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელია, შესაბამისად გოგონას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ჩვენთვის არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია გოგონების ახლო მეგობარიც.
ამასთან გარდაცვლილებს შორის არის, საბედისწერო ტურის გიდიც, სერგო გორლიუკოვი.
როგორც გარდაცვლილის მეგობრები ფეისბუქში წერენ, სერგო იყო გამოცდილი, სანდომიანი, თბილი და ყურადღებიანი გიდი, რომელთან ერთადაც მგზავრობა იყო დაუვიწყარი.
შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
პრაიმტაიმი

