თამარ კობერიძე – “თამარ ბაჩალიაშვილის ხელფასი 4.500 ლარი იყო”

ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა თამუნას, დაახლოებით 4.500 ლარამდე, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ “მთავარი არხის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ისაუბრა.

კობერიძემ გაიხსენა, რომ ბუნდოვან ვითარებაში დაღუპულმა 23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა.

თამუნა ჩვენთან ჩვეულებრივი გასაუბრების გზით მოხვდა. 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში გამოაგზავნა CV, გასაუბრებას მე და კომპანიის ტექნიკური მენეჯერი, ნიკა გეჯაძეც ვესწრებოდით, – იხსენებს კობერიძე.
მისივე თქმით, ბაჩალიაშვილი კომანია ZAG-ში მუშაობის განმავლობაში, საფრაგნეთში სასწავლებლად ორჯერ წავიდა. ამ დროს ის კომპანიისთვის დისტანციურად მუშაობდა. “ჩვენ ხელფასს ვუხდიდით და იქიდან რასაც ვავალებდით აკეთებდა. მაგრამ იმის თავისუფლებასაც ვაძლევდით რომ ესწავლა”.

თამარ კობერიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა სამსახურიდან წასვლა 2020 წლის ივლისში გადაწყვიტა. მისი ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება ქალმა სწავლის გაგრძელების სურვილის გამო მიიღო.

მისივე თქმით, კომპანიის თანამშრომლებს კორონაპანდემიის დაწყების შემდეგ ერთმანეთი აღარ უნახავთ. განმარტავს, რომ ბაჩალიაშვილს პირადად 16 მარტის შემდეგ არ შეხვედრიან, რადგან კომპანია დისტანციურ მუშაობაზე იყო გადასული.

კომპანიის ტექნიკური მენეჯერი ნიკა გეჯაძეც ამბობს, რომ: “თამუნა ერთ-ერთი იყო, ვისშიც დავინახეთ დიდი პოტენციალი და გვინდოდა, შანსი მიგვეცა, რომ ესწავლა”. ნიკა გვარამიას შეკითხვაზე, გამოიყენა თუ არა ეს შანსი ბაჩალიაშვილმა, გეჯაძე ამბობს, რომ: “კი”.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გაუჩინარება ქალის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მისი ერთ-ერთი დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მფლობელის, აბრაჰამ რეირბახის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას აპირებდა. მისმა ოჯახმა კი დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.

25 ივლისს, პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მამა დაზარალებულად ცნო და საქმის გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაუმატა. გამოძიება, ამ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მთავარი