17 სექტემბერი – ისტორიული თარიღი ქართული ფეხბურთისთვის

17 სექტემბერი - ისტორიული თარიღი ქართული ფეხბურთისთვის

კოტიკო გოგინაშვილი

17 სექტემბერს ორმა ქართულმა გუნდმა გაახარა მთელი ქვეყანა. თბილისურმა კოლექტივებმა – ლოკომოტივმა და დინამომ შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს. ამ გამარჯვებებიდან, რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად ლოკომოტივის გმირობა დაამახსოვრდება.

როდესაც სპორტულ ტურნირებზე ერთმანეთის წინააღმდეგ უწევთ თამაში ქართულ და რუსულ გუნდებს, სპორტული პრინციპი მეორე პლანზე გადადის. ასეთ დროს რთულია გვერდი ავუაროთ სამშობლოს წარსულს და ჩვენი ჩრდილოეთის მეზობლის აგრესიულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. როდესაც იცი, რომ პრინციპული რუსული გუნდის დამარცხება უამრავ შენს თანამემამულეს გააბედნიერებს და სახეზე ღიმილს დაუბრუნებს, უფლება არ გაქვს, მოედანზე გამოხვიდე წაგებულის მენტალიტეტით.

ეს საკუთარ თავებში ძალიან კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ლოკომოტივის თითოეულ ფეხბურთელს.

_ ამ ცხოვრებაში ყველას ჩვენი ჯვარი და ომი გვაქვს. თუ საჭირო იქნება, ჩემი ფეხბურთელები ქვეყნის დასაცავად ხელში იარაღს აიღებენ, _ ამ სიტყვებით გამოვიდა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ლოკოს მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი.  საკუთარი ქვეყნის თუ არა, გუნდის სახელი ნამდვილად დაიცვეს ლოკომოტივის ფეხბურთელებმა. ეს არის კოლექტივი, რომელიც ყოველ წელს არ თამაშობს ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე. კვალიფიკაციის პირველ რაუნდშიც რუმინულ კრაიოვასთან ფავორიტად არ ვითვლებოდით, ისევე როგორც მოსკოვის დინამოსთან. ამის მიუხედავად, მებრძოლმა ხასიათმა და მოგების ჟინმა მიგვიყვანა მე -3 საკვალიფიკაციო რაუნდამდე, სადაც ესპანური გრანადა გველოდება.

მატჩის პირველ წუთებზე იგრძნობოდა ქართველი ფეხბურთელების ის სურვილი და მონდომება, რომელიც თბილისურ საღამოს განსაკუთრებულს გახდიდა. დარწმუნებული ვარ, ოკუპანტ სტუმრებს 2020 წლის 17 სექტემბერი არასოდეს დაავიწყდებათ. რუსულმა მედიამ მიწასთან გაასწორა მოსკოვური გუნდი. ,,მოსკოვში დაბრუნების არ შეგრცხვებათ?’’ მსგავსი ლოზუნგებით შეაფასეს რუსეთში დინამოს ფიასკო ქართულ მიწაზე.

თბილისელთა ტრიუმფმა ბუნებრივია დიდი სიხარული გამოიწვია სოციალურ ქსელებში. ხალხი აღტაცებას გამოხატავს ათასნაირი სტატუსებით – ,,შიგ კრემლში’’ , ,,რუსეთი ოკუპანტია’’ დ.ა.შ   სამწუხაროდ გამოჩნდა ქართველი, რომლისთვისაც 17 სექტემბრის გამარჯვება, ღირებულს არაფერს წარმოადგენს.  ,,ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცის ყურება არის საცოდაობა.’’  – წერს ბაია პატარაია.

იცით რა, ქალბატონო ბაია! თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ფეხბურთის მნიშვნელობაზე, ალბათ წესებშიც ბოლომდე არ ხართ გარკვეული. როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვან მოგებას, რომელიც ლოკომოტივის ფეხბურთელებმა, ქართველ გმირებს მიუძღვნეს, ცინგლიანი უწოდოთ, გახარებულ ქართველ გულშემატკივარს კი – აღტყინებული? მართლა არ ვიცი, რა დავარქვა თქვენს საქციელს. ეს არის უპატივცემულობა ქართული ფეხბურთის მიმართ.

ჩვენმა ბიჭებმა სასურველი შედეგის მისაღწევად მოედანზე ყველაფერი დადეს. ვნახოთ, გრანადასთან წინა ორი შეხვედრის დეჟავიუს თუ ვიხილავთ. ჭიაბრიშვილის შეგირდებს დასაკარგი არაფერი აქვთ. ესპანელები, რასაკვირველია, ფავორიტები არიან. ლოკომოტივის ფეხბურთელები მოედანზე უნდა გამოვიდნენ და თამაშისგან სიამოვნება მიიღონ. წაგების შემთხვევაში მათ არავინ გაკიცხავს.

აქ სულ ლოკომოტივის გმირობაზე ვსაუბრობ და ახლა დროა, თბილისის დინამოს რთულ მატჩზეც ვთქვა რამდენიმე სიტყვა. ჩისკოს კოლექტივმა უელსში, ადგილობრივ ჩემპიონ კონაჰთან, ბოლო წუთზე მოიპოვა, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური. შემდეგ რაუნდში საქართველოს ჩემპიონის მეტოქე ფარერების კლაკსვიკარი იქნება.

ბოლო ქართული  გუნდი, რომელმაც ითამაშა ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე, იყო თბილისის დინამო (2004/05). გავიდა 15 წელი და საფეხბურთო საქართველო ელოდება იმ დღეს, როცა რომელიმე ქართული კოლექტივი ასახელებს ჩვენს ქვეყანას და ამ ზედმეტად გაწელილ ნავსს გატეხავს.

ბნელ გვირაბში გამოჩნდა სინათლის სხივი და იმედი მოგვეცა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი მატჩი აშორებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე. გამოჩნდნენ პერსპექტიული ფეხბურთელები (ჩაკვეტაძე, კვარაცხელია), რომლებზეც დგას ნაკრების მომავალი.  შესაძლოა, გუშინდელმა ორმაგმა წარმატებამ,საფუძველი ჩაუყაროს ქართული საკლუბო ფეხბურთის პროგრესს.

დიდი იმედი მაქვს, რომ აწი ყველაფერი შეიცვლება ჩვენს ფეხბურთში და ევროტურნირის ყოველი მატჩის შემდეგ ქართული გუნდები დაცინვის ობიექტები აღარ იქნებიან უცხოური მედიისთვის.