ჩაქვის ოაზისი გაიხსნა – 924 სტუმრიდან კოვიდ 19 არც ერთს არ დაუდასტურდა

ჩაქვის ოაზისი გაიხსნა - 924 სტუმრიდან კოვიდ 19 არც ერთს არ დაუდასტურდა“დრიმლენდ ოაზისში” აღებული ყველა კვლევის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბიოლოგიური ნიმუში სულ 924 ადამიანს აუღეს და როგორც გაირკვა, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ  2 სექტემბერს, სასტუმრო „დრიმლენდ ოაზისში“ ექიმების კონფერენციაზე მყოფ პირს  კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შემდეგ სასტუმრო ჩაკეტეს და 900-ზე მეტ ადამიანს გადაადგილების საშუალებას აღარ აძლევდნენ.

ამ დროისთვის, “დრიმლენდ ოაზისი” უკვე გაიხსნა.

მანამდე კი ინფიცირების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ბათუმში. Covid 19 საკონდიტრო “დონას” თანამშრომლებს გამოუვლინდა. ახალი კორონავირუსი მფლობელსაც დაუდასტურდა. ამ დროისათვის საკონდიტრო მაღაზიას მუშაობა 14 სექტემბრამდე აქვს შეწყვეტილი და თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფება.

დღეს, 3 სექტემბერს კი, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, “დონას” კლასტერის ლიკვიდირება მოხდა – მინისტრმა განმარტა, რომ აღებული 600-ზე მეტი ტესტიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში კი, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 20 ახალი შემთხვევიდან, 8 პაციენტს სხვა ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, 1 პაციენტი მედიკოსია, 7 – საზღვარგარეთ იმყოფებოდა, 4-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

მთავარი