გია ხუხაშვილი – „მიშა და ბიძინა ერთნაირები არიან… მე წავედი და ბიძინა ისევ იქ არის“

გია ხუხაშვილი - „მიშა და ბიძინა ერთნაირები არიან... მე წავედი და ბიძინა ისევ იქ არის“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

7 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ვიდეომიმართვა გაავრცელა. სააკაშვილმა მიმართვაში ისაუბრა იმაზე, როგორ ენატრება საქართველო, როგორ ნადგურდება ქვეყანა და ჩიხიდან გამოსაყვანია, რისთვისაც საჭიროა ერის ერთობა.

რა გზავნილები დაინახა სააკაშვილის ვიდეომიმართვაში, დაინახა თუ არა სახეშეცვლილი მიშა, სჯერა თუ არა მისი სინანულის, უნდა თუ არა ბიძინას გზა მასაც და გამოაცალა თუ არა „ოცნებას“ არგუმენტი, რომ სააკაშვილი არეულობისთვის ემზადება? – ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

_ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა. პირადად თქვენ რა გზავნილები დაინახეთ და დაინახეთ თუ არა სახეშეცვლილი მიშა, რომელიც თავის დაშვებულ შეცდომებზე რეაგირებს?

_ არა. ჩვენი გამოცდილებით არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ერთი მხრივ ასეთ განცხადებებს ვენდოთ, მაგრამ მეორე მხრივ მაინც მისასალმებელია, როდესაც ადამიანი ამას აკეთებს. მიუხედავად იმისა, ამ შემთხვევაში ის გულწრფელია თუ არა. თავად ის ფაქტი, რომ ეს რეალურად იყო პრობლემატური, ეს უკვე კარგია. კარგია ისიც, როდესაც ამ საკითხებზე რეაგირებს. თავისთავად მე ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში. არ მჯერა, მაგრამ კარგია, რომ აღიარებს, რომ ეს იყო პრობლემა.

_ ანუ მისი გულწრფელობის არ გჯერათ?

_ დიახ. არ მჯერა. ამის არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ ეს დავიჯერო.

_ რატომ?

_ იმიტომ, რომ ასეთები არიან პოლიტიკოსები. მე მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ ვამბობ და მხოლოდ მისდამი არ მაქვს უნდობლობა. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტა ნდობის კრიტერიუმით და ისტორიული გამოცდილებით არ არის სანდო.

_ არც იმის არ გჯერათ, რომ მას ენატრება საქართველო და ეს პათოსიც არაა სანდო?

_ ადამიანები ვართ ყველანი და როგორ შეიძლება მას ამაში ბრალი დავდო?! ალბათ თავისებურად ენატრება და თავისებურად უყვარს კიდეც. ამაზე ვერაფერს ვიტყვი.

_ რაც შეეხება იმას, რომ რაღაც საკითხები სხვანაირად გადააფასა მან, ამაზე რა შთაბეჭდილება გრჩებათ?

_ სხვანაირად გადააფასა და ალბათ იმასაც მიხვდა, რა შეცდომები დაუშვა. თუმცა, ეს არის ორგვარი – მოინანია მან ეს გულწრფელად თუ შეცდომად იმიტომ თვლის, რომ ძალაუფლება დატოვა ამის გამო, ეს მე არ ვიცი.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, უფრო საითკენ იხრება?

_ არ ვიცი, მე ხომ არ ვარ მისი ფსიქოანალიტიკოსი?! შესაბამისად, ამაზე ვერ ვისაუბრებ ამ ინტერვიუში. მე ვერ ვიქნები კატეგორიული. იმიტომ, რომ შესაძლოა თვითონაც ვერ ხვდება ბოლომდე.

_ ასევე საინტერესო იყო მისი განცხადება პრემიერ-მინისტრობასთან დაკავშირებით, როდესაც თქვა, რომ მზად არის აიღოს ეს მძიმე პასუხისმგებლობა.

_ რაც მისგან მოვისმინეთ, ამაში მწყობრი და ლოგიკური პოლიტიკის დანახვა შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ათასი გამოხმაურება გვესმის. მას ჰქონდა რამდენიმე პრობლემა, რომლებშიც ამ დღეებში მან სიცხადე შეიტანა.

პირველი ის, რომ მოახდინა საკუთარი ელექტორატის მაქსიმალური მობილიზება. ამით მან მაქსიმალურად დააბრუნა ორპოლუსიანობა, ყოველ შემთხვევაში მოკლე ვადით მაინც. ეს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. იმიტომ, რომ თუ ხელისუფლებაში ვერ მოდის, მაშინ მთავარი ოპოზიციური ცენტრის სტატუსის შენარჩუნება მისთვის მნიშვნელოვანია.

ასევე მე არ გამოვრიცხავ, რომ მისი პარტიის შიგნით ვერტიკალი ცოტა მორყეული იყო. გარკვეულ ადამიანებს შესაძლოა რაღაც ამბიციები უჩნდებოდათ, კონკრეტული პერსონები მყავს მხედველობაში. ფაქტობრივად სააკაშვილმა თავისი ქმედებებით დაადასტურებინა პარტიას, რომ ის არის პარტიის უალტერნატივო ლიდერი და ზედმეტი მოძრაობები საჭირო არ არის.

პრინციპში ეს ამოცანები მან შეასრულა. მე კმაყოფილი ვარ თუნდაც მისი გზავნილით, როდესაც მან გააკეთა მშვიდობიანი გზავნილი და თქვა, რომ მას არ უნდა ქვეყანაში არეულობა და ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს. ეს არის კარგი საარჩევნო პროცესისთვის. თუნდაც იმიტომ, რომ ხელისუფლებას აცლის მთავარ ინსტრუმენტს.

რა არის ხელისუფლების ინსტრუმენტი? – ეს არის „მგელი მოდის, მგელი მოდის“ პრინციპზე აგებული კამპანია, რომ ამით რაღაცნაირად შეაშინოს ამომრჩეველი მიშათი და მერე ამით ცხვრებივით მიყაროს საარჩევნო უბანზე. ხელისუფლებას ეს არგუმენტი გამოაცალა მიშამ და ფაქტობრივად ნაკლებად დამაჯერებელი იქნება ხელისუფლების აპელირება ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთებაზე.

_ ხელისუფლება მუდმივად აპელირებს ხოლმე იმაზეც, რომ მიშას უნდა რევოლუცია, არეულობა და ა. შ. ეს არგუმენტიც ხომ არ გამოაცალა მას?

_ დიახ, ეს გამოაცალა. ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, რომ ეს არგუმენტი გამოაცალა, დესტაბილიზაციის არგუმენტი. ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლის ნაწილი ნამდვილად უჯერებდა ამის გამო და აძლევდა ხმას, რადგან არ უნდოდა დესტაბილიზაცია და რომ მიშას დემონიზაციით უარესი მომხდარიყო ქვეყანაში. ეს არგუმენტი ხელისუფლებას გამოაცალა მიშამ, რაც ჩემი აზრით საკმაოდ სერიოზული დისკომფორტია.

_ სააკაშვილის განცხადებიდან კიდევ ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, როდესაც ის საუბრობს იმაზე, რომ პრემიერი იქნება მხოლოდ ორი წელი. რა გამოდის, ბიძინას გზით უნდა წასვლა მასაც?

_ დიახ. როგორც ჩანს, მოეწონა. ჩათვალა, რომ ბიძინა უფრო დახვეწილი აღმოჩნდა. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს ჩვენ, რომ ადამიანები სისტემურად იცვლებიან. ადამიანებმა შეიძლება აღიარონ შეცდომები, რაღაც კორექცია მოახდინონ, მაგრამ როდესაც ბუნებით ხარ ერთმმართველი… ბიძინაც ასეთია და მიშაც. ისინი სინამდვილეში ხომ ძალიან ჰგვანან ერთმანეთს?! სხვადასხვა ტემპერამენტი და სხვადასხვა განათლება აქვთ, სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, მაგრამ ფუნდამენტურ საკითხებში, დედა პლატა რასაც ჰქვია, ერთი და იგივე აქვს ორივეს. ორივეს ცხოვრებისეული ფილოსოფია დგას აბსოლუტურ ძალაუფლებაზე. ნახევარი პროცენტის დათმობაც არ შეიძლება. ასე ფიქრობს მიშაც და ბიძინაც.

_ მისი ეს განცხადება ამომრჩეველზეც ხომ არ იყო გათვლილი, რომ აი მე ხანგრძლივი დროით კი არ მოვდივარ, არამედ ქვეყანას სწორ გზაზე დავაყენებ და წავალო?

_ არა მგონია, რომ მას ჰქონდეს ილუზია, თითქოს ეს ამომრჩეველი, ნეიტრალურად განწყობილი, ან ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი გაიქცევა და მიშას მისცემს ხმას. ეს ვერ იქნება. რეალურად მოწონს მას ეს და რეალურად სჯერა, რომ მართლა ასე მოიქცევა. ბიძინასაც სჯეროდა. თქვენ გგონიათ, არ სჯეროდა?! სულ ამაზე მელაპარაკებოდა. ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ არჩევნებიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, ანუ იმ დროიდან, როდესაც დალაგდებოდა სიტუაცია, მაშინ ორივე წავიდოდით.

მე წავედი და ბიძინა ისევ იქ არის.