გია ხუხაშვილი – „პარტიებმა ჩაიცვეს მოკლე კაბა, დადიან პოდიუმზე და ეპრანჭებიან ბიძინასაც და მიშასაც“

გია ხუხაშვილი - „პარტიებმა ჩაიცვეს მოკლე კაბა, დადიან პოდიუმზე და ეპრანჭებიან ბიძინასაც და მიშასაც“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა და „ქართულ ოცნება“ ისევ „მიშა მოდის“ კამპანიას იწყებს. ეს ჩანდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის განცხადებებიდან. კობახიძე იმდენად შორს წავიდა, რომ სააკაშვილის კონტექსტში ისიც კი თქვა, რომ მართლმსაჯულება იცდის და ის ბოლოს სრულდება და სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდთან მიმართებით ფაშისტური გერმანიაც კი გაიხსენა.

რას ნიშნავს ეს განცხადებები და „ოცნების“ ეს კამპანია? ჩანს თუ არა, რომ „ოცნება“ გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან უკვე გარიგდა? საერთაშორისო დამკვირვებლების არჩამოსვლა რა გავლენას იქონიებს არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე? – ამ და სხვა საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს.

– სავარაუდოდ საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ჩამოვლენ არჩევნებზე. რა გავლენას იქონიებს ეს და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე კითხვის ნიშნებს ხომ არ გააჩენს ეს?

– კითხვები ყოველთვის იქნება. საქართველოში არ ჩატარებულა არჩევნები, როდესაც კითხვები არ გაჩენილა, მაგრამ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების გარდა, რაც ტრადიციულად ხდება ხოლმე, მასშტაბურ გაყალბებს არ ველოდები. მეტსაც გეტყვით, ხელისუფლებას ეს არ უნდა სჭირდებოდეს ამ ეტაპისთვის. ასე, რომ მე ამ თემის გამო სიტუაციის დრამატიზებას არ დავიწყებდი.

კი ბატონო, ხელისუფლებას გარკვეულწილად დაკარგული აქვს ლეგიტიმაცია, მაგრამ ასევე დაკარგული აქვს ოპოზიციასაც. პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია. ასეთ ვითარებაში იმის ილუზია არ მაქვს, რომ არჩევნების დელეგიტიმაცია შეიძლება მოხდეს, თუ ხელისუფლებამ განსაკუთრებული სისულელეები არ ჩაიდინა.

– რა შეიძლება იყოს ის დიდი სისულელე?

– არ ვიცი. საერთოდ ამას საზღვარი არ აქვს. მე ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს. საქართველოს უახლესმა ისტორიამ არათუ ჩემ თვალწინ გაიარა, არამედ ჩემ ხელში გაიარა. ადამიანების სიბრიყვეს და უტიფრობას ზღვარი არ აქვს.

– მოიაზრებთ ამ ნაწილში ირაკლი კობახიძეს, რომელიც უკვე გამოუშვეს საარჩევნო კამპანიისთანავე და მრავალნაირი განცხადებები აკეთა?

– კი, ის არის ერთ-ერთი მათგანი. საერთოდ ირაკლი კობახიძე უნიკალური მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ბევრი მარგინალი გვინახავს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძემ ყველა მწვერვალი დაიპყრო. პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო. ირაკლი კობახიძე არის ქართული პოლიტიკის წითელი ნაჭერი. ოპოზიციასთან მიმართებით დიდ ისტერიკაში ვარდება, ამას ვნახავთ კიდევ ერთხელ. ეს არის მისი პირადი უბედურება. როდესაც პოლიტპატიმრებზე ვლაპარაკობთ, სხვა არის პოლიტპატიმარი და კიდევ სხვაა ირაკლი კობახიძე. ეს ადამიანი ძალიან პრობლემატურია.

– გამართლდა თქვენი მოლოდინი, „ოცნებამ“ და უშუალოდ ირაკლი კობახიძემ კამპანია ისევ მიშაზე ააგეს.

– როდესაც პოზიტიური დღის წესრიგი არ გაქვს, მაშინ ნეგატიურ ნარატივზე გაქვს კამპანია აგებული. როცა მომავლის იმედს ვერ ქმნი, მაშინ ისევ წარსულით უნდა შეაშინო. თუ 2012 წლამდე პირობითად ვცხოვრობდით იმედგაცრუების და იმედის მოცემის მიმართულებით, ანუ მოდიოდა ხელისუფლება, რომელიც ხალხის იმედებს ვერ ამართლებდა, შემდეგ მოდიოდა ახალი შეთავაზება და იქმნებოდა მომავლის იმედი. ასე იცვლებოდა ხელისუფლებები. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ შიშის ეპოქაში, იმედის ეპოქაში აღარ ვცხოვრობთ. პოლიტიკური ძალა იმას კი არ ცდილობს, რომ უკეთესი მომავლის იმედი შექმნას, არამედ ის აშინებს საზოგადოებას. ეუბნება, რომ მე თუ არ ამირჩევ, აგერ ბუა მოვა და შეგჭამს.

ოპოზიციაც იგივეს აკეთებს, რომელიც ამბობს, რომ თუ ეს ხელისუფლება დარჩა, მაშინ ეკონომიკური კრიზისი გველოდება და შიმშილით მოკვდებითო. ანუ, გვაშინებენ. ნეგატიურ ჭრილში წარმოადგენენ. არჩევანს გვთავაზობენ წარსულსა და აწმყოს შორის. წარსული ნაციონალური მოძრაობა და აწმყო „ქართული ოცნება“.

– ეს მიმართულება გეოპოლიტიკურ საკითხად ხომ არ იქცა, იმიტომ რომ თუ დავაკვირდებით იგივე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, იქაც ზუსტად ნეგატივზეა აგებული?

– იქ გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს. ამ გამონაკლისის კატალიზატორი გახდა კოვიდინფექცია. ამან გამოიწვია ეკონომიკის ტოტალური ვარდნა, შესაბამისად დაპირისპირებაზეა ყველაფერი აგებული. ეს არ არის მხოლოდ ამერიკული ფენომენი. ჩვენთან კი ეს ტრადიციულია, არაფერი არ იცვლება ჩვენთან. იმიტომ, რომ ისედაც ასე იყო.

– კობახიძე როცა სააკაშვილს ფაშისტურ გერმანიას ადარებს, ეს რამდენად რელევანტურია?

– რა თქმა უნდა, არ არის რელევანტური. სააკაშვილს ბევრი ცოდვა აქვს ამ საზოგადოების წინაშე ჩადენილი, მაგრამ კობახიძეს სხვა არაფერი უსწავლია და ამას აკეთებს. რა თქმა უნდა ეს ეფექტური ვეღარ იქნება, მაგრამ გათვლა იმაზეა, რომ ამ პროპაგანდის გამო ადამიანები დატოვონ ალტერნატიული არჩევანის გარეშე. დატოვონ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის პირისპირ. მეორე პოლუსზე მუდმივად იმეორონ, რომ საშინელებაა, ფაშისტურია და ა. შ. და იქნებ ბოლოს იაფად იყიდონ, კი არ დაარწმუნონ რამეში…

ამომრჩეველს არც ერთი მოსწონს და არც მეორე. მიშა ცუდია და ბიძინაც ცუდია, ამიტომ რადგანაც ნორმალური არჩევანი არ მაქვს, იმას მივცემ ხმას, ვინც რაღაცას გადაიხდის ამაში. ბუნებრივია, რომ ბოლო ეტაპია გადახდა. ანუ დაძაბავენ ამომრჩეველს, მისცემენ არგუმენტს „მგელი მოდის“ სახით და ბოლოს იყიდიან. ცოტა ბონუსებს მისცემენ და რაღაცას გადაუხდიან. გადახდაში მაინცდამაინც ფულს არ ვგულისხმობ. ეს შეიძლება იყოს გაზის გაყვანა, წყლის გაკეთება, 40 ლარი გადმომიგდე სოციალური დახმარების სახით და ა. შ. ეს არის მათი გათვლა, თორემ თავისთავად მიშას დემონიზაცია ძალიან გაცვეთილი თემაა. მიშათი ახლა შეიძლება შეაშინო მხოლოდ 3 წლის ბავშვი.

– ხომ არ გაურიგდა „ქართული ოცნება“ პარალელურად გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს, თუ მას დასჭირდა კოალიციის შექმნა?

– არა მგონია. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ბევრად უფრო ცინიკურად უყურებს ამ პროცესს. ის ასე ფიქრობს, რომ რატომ იყიდოს „შავი კატა“. იმიტომ, რომ ჯერ არ ვიცით, რა შეუძლიათ  პოლიტიკურ ძალებს.

– მაშინ რას უნდა დავუკავშიროთ იგივე ელისაშვილის, ვაშაძის თუ ფოფხაძე-ნაცვლიშვილის პარტიების მოქმედებები?

– არა, შეთავაზებას ესენი აკეთებენ. აუცილებელი არ არის დაკვეთა მოდიოდეს იქიდან. ესენი იპრანჭებიან. კავალერი კი არ უკვეთავს, არამედ თვითონ დადიან მიხვრა-მოხვრით და იპრანჭებიან. პარტიები ეპრანჭებიან ბიძინას, ეპრანჭებიან მიშას. პოდიუმზე გამოდიან, პოლიტიკას კი არ აკეთებენ. პოდიუმზე არიან, მოკლე კაბას იცვამენ და ეპრანჭებიან. მაგრამ მყიდველი ანუ ბიძინა ივანიშვილი დღეს არ იყიდის არავის. მას აქვს იმის რესურსი, რომ ნახევარფაბრიკატი კი არ იყიდოს, როცა არ იცის, იქიდან რა გამოვა, არამედ იყიდოს გარკვეული პროდუქტი. ის თუ რამეს იყიდის, უკვე არჩევნების შემდეგ იყიდის, თუ ეს დასჭირდა. შეიძლება ეს ცოტა უფრო ძვირი დაუჯდეს, მაგრამ აქვს ფული და გადაუხდის.

– ვის ხედავთ იმ კატეგორიაში, ვინც ეპრანჭება ივანიშვილს?

– მე პირიქით კითხვას დავსვამდი – ვის ხედავთ ისეთს, ვინც არ გაეკიდება?! მე არც თქვენ კითხვაზე მაქვს პასუხი და არც მეორე კითხვაზე. ინფორმაციის ფლობაზე არ არის საუბარი. მე არ ვარ მაღალი აზრის ქართული პოლიტიკური ელიტის მორალურ სტანდარტებზე. ვერავიზე ვერ გეტყვით დარწმუნებით, რომ არ გაიყიდება.

მე არ მგონია, რომ დღეს ვინმე უკვე არის გაყიდული, მაგრამ გაყიდვის პოტენციალი აქვს ყველას. თუ კოალიციაზე იქნება ლაპარაკი, მე არა მგონია, რომ საკითხი ასე დაისვას. კი ბატონო, „ოცნება“ ცუდია, მაგრამ ნაცმოძრაობა რამით სჯობს?! სწორედ ის არის მეორე პოლუსი. შესაბამისად თუ ვინმე გაიყიდება, მას ექნება მყარი არგუმენტი. იმიტომ რომ მას არჩევანი ჰქონდა „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას შორის და წავიდა „ოცნებასთან“. მე ასეთ ხალხთან პრეტენზია ვერ მექნება. იმიტომ, რომ არ ვთვლი, რომ ნაცმოძრაობა რამით უკეთესია.

– ოპოზიცია ერთიანობის დემონსტრირებას ახდენდა სხვადასხვა საკითხებზე, დღეს ჩანს თუ არა, რომ ეს დამთავრდა კრახით?

– ერთიანობა მოგონილი თემაა. არ არსებობს პოლიტიკაში ერთიანობა. არსებობს ინტერესთა დროებითი თანხვედრა, მეტი არაფერი. პარტია იმის პარტიაა, რომ თვითონ ჰქონდეს ამბიცია. თუ ათი პარტია ერთ აზრზეა, მაშინ ერთი პარტიაა და რაღად უნდათ ცალ-ცალკე ყოფნა?! მე ვთვლი, რომ ამ მხრივ ყველაფერი მიდის სწორად. თემატურ თანამშრომლობაზე და კოორდინაციაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ პარტიულ ერთიანობაზე საუბარი ზედმეტია თუ საერთო მსოფლმხედველობაზე არ არიან შეთანხმებულები და ისიც საშუალო ვადიან პერიოდში.

– ინტერესთა თანხვედრა იყო ისიც, რომ ივანიშვილი გაუშვან ხელისუფლებიდან. ამ მიმართულებითაც გამოჩნდა პრობლემები.

– კოორდინაციამ რაღაც შედეგები მოიტანა. ეს კარგი კოორდინაცია რომ არ ყოფილიყო, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებები არ გვექნებოდა.

– თუ ისევ „ოცნება“ მოიგებს?

– მე წაგება-მოგება არ მაინტერესებს. ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან სისტემურ გადაწყვეტილებაზე. მოგება და წაგება პარტიების ინტერესია. სახელმწიფოებრივი შედეგი მივიღეთ ჩვენ ამ ცვლილებებით. თუ „ოცნება“ მოიგებს, ეს ნიშნავს, რომ მას უნდა მოეგო და რა პრეტენზიები გვაქვს, ეს არ მესმის.

– პრეტენზიები გვაქვს ალბათ ოპოზიციასთან, რომ სწორად არ იმოქმედა.

– ოპოზიცია საკმაოდ ეკლექტურია, ყველას აქვს თავისი გზა, ფასეულობათა სისტემა, განვითარების სტრატეგია… ისინი ერთმანეთის კონკურენტებიც არიან და პირველ რიგში ერთმანეთის კონკურენტები უფრო არიან, ვიდრე ხელისუფლების. იმიტომ, რომ ელექტორალური სეგმენტები ერთმანეთში ბევრად მეტად იკვეთება, ვიდრე ხელისუფლებასთან. ჯანსაღი კონკურენცია ცუდი არ არის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საბნის გადაქაჩვის პრინციპით.

იგივე მაჟორიტარებზე შეთანხმება აბსურდული გეგმა იყო. იმის ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ თუ ერთმანეთთან ერთიან კანდიდატზე შეთანხმდებიან, ეს ხელისუფლებას პირველივე ტურში დაამარცხებს. ეს ასე არ იქნება. მეორე ტურების სტრატეგიაა სწორი. იმისათვის, რომ შედგეს მეორე ტური, პირველ ტურში რაც შეიძლება მეტი კანდიდატი უნდა იყოს. არ უნდა შეიზღუდოს  მათი რაოდენობა. თუ ოპოზიციას უნდა თანამშრომლობა, ეს უნდა შედგეს მეორე ტურში, სადაც ოპოზიცია კონსოლიდირებულად დაუჭერს მხარს ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურში გასულ კანდიდატს.

ეს არის სწორი და ეფექტური გზა, თორემ მოდი ახლა ჩვენ ერთიანი კანდიდატით გამოვიდეთ და გვქონდეს ილუზია, რომ პირველივე ტურშივე დავამთავროთ, ეს ასე არ იქნება. ვერ დაამთავრებენ.

ამიტომ ამ მხრივ ყველაფერი სწორად მიდის.