ხაშურის პირველი სკოლის ეზოში საკლასო ოთახია მოწყობილი – “მისი გამოყენება ყველას შეუძლია”

ხაშურის პირველი სკოლის ეზოში საკლასო ოთახია მოწყობილი - "მისი გამოყენება ყველას შეუძლია"ხაშურის პირველი საჯარო სკოლის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოს, რომელზეც აღბეჭდილია სკოლის ეზოში მოწყობილი სასწავლო სივრცე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

სოციალური ქსელის ზოგიერთმა მომხმარებლებმა სკოლის ადმინისტრაცის იდეა მოუწონეს, ზოგმა კი დაუწუნა.

იდეის ავტორი, ხაშურის საჯარო სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული სივრცე ერთი წლის წინ მოაწყო, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო კორონავირუსი გავრცელებული და
მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად იყენებენ:

,,მადლობა საინფორმაციო სააგენტოებს, რომ გააშუქეს ეს ამბავი, მაგრამ ხალხმა არასწორად გაიგო, რადგან ეს გახლავთ ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ფოტო, იმ უამრავი ფოტოებიდან, რომელიც გუშინ გამოვაქვეყნე სოციალურ ქსელში. გაოცებული ვარ, ისეთი აჟიოტაჟი მოყვა ამ ყველაფერს, გეგონება, მხოლოდ ამ ერთ სივრცეზე ვართ დამოკიდებული. საკლასო ოთახებში მერხების დისტანციის დაცვით განლაგების გარდა, ერთ-ერთი სასწავლო სივრცე სკოლის ეზოში გვაქვს მოწყობილი. ჩემს მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ასახავდა სკოლის მზადყოფნას სასწავლო პროცესის დაწყებისთვის.” – ამბობს სკოლის დირექტორი მორის დანდურიშვილი.

მისი თქმით, ეს სივრცე არ მოწყობილა ახლა:

,,შარშანაც გვქონდა, მაშინ სულ არ იყო კორონავირუსი და იყენებდნენ მასწავლებლები და მოსწავლეები სურვილისამებრ. ახლა მხოლოდ დავამატეთ დაფა და სკამები დავალაგეთ ერთ მეტრის დაშორებით ერთმანეთისგან. ასევე ვაპირებდით 15 სექტემბერს ამ სივრცეში დავხვედროდით პირველკლასელებს და საჩუქრად გადაგვეცა ნოუთბუქები და სახელმძღვანელოები.

ეს არ არის განკუთვნილი რომელიმე კონკრეტული კლასისთვის. მისი გამოყენება ყველას შეუძლია, სანამ კარგი ამინდებია. სკამებს რაც შეეხება, არის ძველი და წყალგამძლე, ასე რომ არ ვაზიანებთ სახელმწიფო ქონებას. ჩვენი სკოლა საერთოდ არ გადასულა დისტანციურ სწავლებაზე, რადგან სრულად აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს. 24 კლასი გვყავს და ოცდაოთხივე კლასი ისწავლის თავისივე საკლასო ოთახში ყველა რეგულაციის გათვალისწინებით”, – გვითხრა სკოლის დირექტორმა მორის დანდურიშვილმა.

ქართლი