საქართველოში კორონავირუსით მეოცე პაციენტი, 60 წლის ლუდმილა ანუა გარდაიცვალა, რომელიც სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო.
ის აფხაზეთიდან ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკაში იქნა გადმოყვანილი.
პრაიმტაიმის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ქალმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ დაინფიცირებამდე არც მას სჯეროდა კორონავირუსის არსებობის.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში კიდევ სამი კრიტიკული პაციენტი იმყოფება. ყველა მათგანი მართვით სუნთქვაზეა.
სოხუმის #1 სკოლა დროებით დაიხურა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ სკოლის დირექტორ ნონა დელბაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მოსწავლეები თავიანთ სახლებში 2-კვირიან კარანტინს გაივლიან.
სკოლის დირექტორის განმარტებით, კვირას დირექციას აცნობეს, რომ ლუდმილა ანუა, რომელიც კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული, გარდაიცვალა, გარდა ამისა, ინფიცირების შემთხვევები სკოლის ხუთ კლასში გამოვლინდა.
დირექტორის თქმით, მან ეპიდსიტუაციის შესახებ ე.წ. „განათლების მინისტრს“ აცნობა, რომელმაც მოსწავლეების 2 კვირით დათხოვნის განკარგულება მისცა.
დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 939 შემთხვევაა გამოვლენილი.

