covid-19-ის გავრცელების რისკების გამო, ქვეყანაში ქორწილები, ქელეხები და სხვა სოციალური ღონისძიებები აკრძალულია, გარდა საარჩევნო კამპანიისა, სადაც შეკრებისას ჯანდაცვის ყველა რეკომენდაცია უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ხრიკებით რეგულაციების გვერდის ავლას ახერხებენ.
“დაჯარიმდა სარიტუალო დარბაზი, სადაც ქორწილი სადედოფლო კაბის გარეშე იმართებოდა”, – აცხადებს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე.
„აჭარის რეგიონში 6 სარიტუალო დარბაზის დაჯარიმება დაგვჭირდა მას შემდეგ, რაც რეკომენდაციების გავრცელების და გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ განახორციელეს სარიტუალო ღონისძიება. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით დაჯარიმებულია 20 ბიზნეს-სუბიექტი, სარიტუალო დარბაზი იმისთვის, რომ მათ შეზღუდვების მიუხედავად, აკრძალული ღონისძიება განახორციელეს. ღონისძიებები მოდიფიცირებას განიცდის და ადამიანების ნაწილი ცდილობს, რეგულაციების გვერდის ავლით განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ, რომ ქორწილი ტარდებოდა სადედოფლო კაბის გარეშე. არის ასევე სხვადასხვა მოდიფიკაციები. ეს საკითხები უწყებათშორისმა საბჭომ შეისწავლა და შესაბამისი რეაგირებაც მოვახდინეთ“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

