რატომ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ სიაზე უარი – ღარიბაშვილი-კალაძის დაპირისპირება

რატომ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ სიაზე უარი - ღარიბაშვილი-კალაძის დაპირისპირებაგახარია – „მუდმივ“ პრემიერ-მინისტრად, ღარიბაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარედ – რატომ ჩავარდა „ქართული ოცნების“ ოცეულის ეს სქემა? „2020NEWS“-ის ინფორმაციით, 9 სექტემბერს, ოცეულის წარდგენამდე ერთი დღით ადრე მმართველ პარტიას თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა, თბილისის მერმა,  კახი კალაძემ კახური კლანის ლიდერს კვანტი კიდევ ერთხელ დაუდო. მეტიც, 10-ში დილას ოცეულის სიიდან ბევრი უკვე შეთანხმებული კადრი გაქრა.

ჩვენი ინფორმაციით, ზოგადად, დაპირისპირება კალაძესა და ღარიბაშვილს შორის ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ ღარიბაშვილის კადრი ირაკლი შიხიაშვილი დაინიშნა. შიხიაშვილი, რომელიც ამჯერად უკვე პოლიტიკური პარტიის –  „ქართული მარშის“  ლიდერია, არ მოსწონდა დედაქალაქის მერს და „ოცნების“ პოლიტიკურ მდივანს, კალაძეს.

კალაძე-ღარიბაშვილის ქიშპობა საკადრო და პარტიულ საკითხებში გრძელდებოდა დიდი ხნის მანძილზე, ღარიბაშვილის პრემიერობის დროიდან და შემდგომში, კალაძემაც არ დააკლო ხელი ექსპრემიერის საერთოდ პოლიტიკიდან წასვლის პროცესს.

ქიშპობა არ დასრულებულა არც მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი ივანიშვილმა შემოაბრუნა პოლიტიკაში – თავდაცვის მინისტრად. თუმცა, როგორც კი თავდაცვის მინისტრმა მეტი მოინდომა და საკანონმდებლო ორგანოსკენ გაიწია, კალაძის კვანტმაც არ დააყოვნა.

პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე გარჩევები „ქართულო ოცნებაში“ მწვავე ფორმაში წარიმართა. გარჩევების დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა, 10-ში დილას, საბოლოო ჯამში, ღარიბაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობა „დაწუნებულ იქნა“, ისევე როგორც თეა წულუკიანის და ხმათა უმრავლესობით – ჩხარტიშვილი-კალაძე-კობახიძის აზრმა აჯობა ივანიშვილის შვილობილისა და ძირძველი „ოცნებელის“ მონდომებას. შესაბამისად, მომავალი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე  კვლავ ამ ჯგუფის კანდიდატი, მოქმედი სპიკერი არჩილ თალაკვაძე დასახელდა.

ჩვენი ინფორმაციით, რადგან ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერობაზე უთხრეს უარი, მანაც საერთოდ საპარლამენტო სიაზე განაცხადა უარი.

ამის შემდეგ, საარჩევნო პროცესის წარმართვაზეც და „გამარჯვების“ დადებაზე პასუხისმგებლობაც სწორედ კალაძე-კობახიძის დუეტმა აიღო თავის თავზე.

შესაბამისად კი, მმართველი ძალის საარჩევნო სიის ოცეულში  მათი ხელდასხმული კანდიდატები მრავლად არიან – 20-დან 10 წევრი მათია. 10- ში დილას, ღარიბაშვილის „წასვლის გამო“, რამდენიმე შეთანხმებული კადრის სახელიც გაქრა ამ სიიდან.