რუსთაველმა ლევან ჯალაღონიამ და თამარ გამრეკელმა გერმანიაში კაფე გახსნეს

რუსთაველმა ლევან ჯალაღონიამ და თამარ გამრეკელმა გერმანიაში კაფე გახსნესახალგაზრდა რუსთაველი წყვილი, ლევან ჯალაღონია და თამარ გამრეკელი, უკვე ათეულ წელზე მეტია ემიგრაციაში იმყოფებიან.

პირველი გაჩერება ქვეყნიდან გამგზავრების შემდეგ საბერძნეთი იყო. ერთმანეთი სწორედ ამ ქვეყანაში გაიცნეს და მათი შეუღლების ადგილადაც საბერძნეთი ითვლება. ეს მოხდა 11 წლის წინ, ქალაქ სალონიკში.

საბერძნეთიდან ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდა წყვილი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში, ბელგიისა და ჰოლანდიის საზღვართან მდებარე უძველეს ქალაქ აახენში გაემგზავრა.

ცოლ-ქმრის სამუშაო გამოცდილება საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ, არაერთ ადგილსა და სფეროს ითვლის, თუმცა ახლა ლევან ჯალაღონია და თამარ გამრეკელი ფიქრობენ, რომ საკუთარი თავი მას შემდეგ იპოვეს, რაც შორეულ აახენში, ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას შეუდგნენ და კაფე “თამარი” გახსნეს.

“ჩვენს პურსა და ხაჭაპურს მონატრებულებს დაგვებადა ეს იდეა და ასე გაჩნდა კაფე თამარიც”, – უყვება ლევან ჯალაღონია “ინფო რუსთავს”.

კაფემ 31 აგვისტოს დაიწყო ფუნქციონირება და ამ მცირე დროში შეძლო, დიდი მოწონება დაემსახურებინა აახენელებში, ქართველი ემიგრანტებისთვის კი შეემსუბუქებინა ნოსტალგია, რომელიც სამშობლოს მონატრებითაა გამოწვეული.

ახალი ან უკვე კარგად ნაცნობი და დაუვიწყარი გემოები, სასიამოვნო ატმოსფერო – სწორედ ეს შექმნა რუსთაველმა ოჯახმა შორეულ გერმანიაში. უგემრიელესი თონის პური, იმერული, აჭარული და ფენოვანი ხაჭაპური, გათანამედროვებული ტრადიციული ქართული ფუნთუშეული და ტკბილეული – ასე მასპინძლობენ სტუმრებს კაფე “თამარში”.

ამასთანავე, სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ, თვალი ადევნონ, როგორ ფუსფუსებს რუსთავიდან მიწვეული პროფესიონალი მცხობელი, მამუკა ბეგიაშვილი სამზარეულოში.

რუსთაველ ცოლ-ქმარს 2 ვაჟი ჰყავს, 10 წლის ლუკა და ლეონი – 5 წლის. როგორც რუსთაველი წყვილი გვიყვება, მათთვის მთავარია, ბავშვებს არ გაუწყდეთ ძაფი, რომელიც საქართველოსთანაა კავშირში, კაფე “თამარი” კი მათთვის მთავარი იარაღია ამ საქმეში.

ინფორუსთავი