შატილის ავარიას გადარჩენილი 2 გოგონა კლინიკიდან ხვალ გაეწერება, მე-3 – კვირის ბოლოს

შატილის ავარიას გადარჩენილი 2 გოგონა კლინიკიდან ხვალ გაეწერება, მე-3 - კვირის ბოლოსშატილის ავარიას ოცი მგზავრიდან მხოლოდ სამი ადამიანი გადაურჩა. ახლა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი მართლაც გადარჩნენ.

მაშინ, როცა მომხდარი ტრაგედიის დროს, დევსურაშვილების დედა დაღუპულ ერთ შვილს დასტიროდა, ღმერთს ხატიას გადარჩენას ევედრებოდა – „მედეა ხომ წაიყვანე ღმერთო, ხატია მაინც მაჩუქე”, ამბობდა დედა.

ალბათ, სიცოცხლისთვის მებრძოლი თამარ არღვლიანის და ნატა თხელიძის დედებიც მხოლოდ შვილების გადარჩენაზე ოცნებობდნენ და ლოცულობდნენ.

მათი მდგომარეობა მძიმე იყო… ისინი ხელოვნური სუნთქვის აპარატებით არსებობდნენ, მაგრამ მოხდა სასწაული და ხატიას მსგავსად, თამუნაც და ნატაც ოჯახებთან დარჩნენ…

საქმე იმაშია, რომ დაშავებულებიდან ორი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან ხვალ გაეწერება, ხოლო მესამე – კვირის ბოლოს.

ამ სასიხარულო ინფორმაციას „პრაიმტაიმს” ლევან რატიანი უმხელს. მისი თქმით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სამივე კლინიკას დატოვებს.

„შატილში დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ორი კლინიკიდან ხვალ გაეწერება, ხოლო მესამე ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადადის და კვირის ბოლოს დატოვებს კლინიკას. იმედია, მათი ანალიზების პასუხები წესრიგში იქნება. საბედნიეროდ, მათი გადარჩენა მოხერხდა” – ამბობს ლევან რატიანი.

გადარჩენილები არიან: ხატია დევსურაშვილი, თამარ არღვლიანი და ნატა თხე­ლი­ძე.

შეგახსენებთ, შატილში მომხდარ ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამი კი დაშავდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

პრაიმტაიმი