ვახო ხუზმიაშვილი – “აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა”

ვახო ხუზმიაშვილი - "აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა"კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო, უსაფრთხოების მიზნით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება.

ტელევიზიაში შესაბამისი ზომები გატარდა, ამ დროისთვის ტელევიზია დაკეტილია.

მიმდინარეობს როგორც ინფიცირებულის კონტაქტების დადგენა, ასევე მისი ინფიცირების წყაროს მოძიება.

„ამ წუთისთვის მაუწყებელში შესვლა შეჩერებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე მოვიდნენ და დაიწყო თანამშრომლების ტესტირება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობამ ჩავთვალეთ, რომ შევაჩეროთ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენს ეთერში საქართველოს პირველი არხის ტრანსლირება განხორციელდება, ვიდრე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან შესაბამისი რეკომენდაციები არ იქნება.ვერც საკუთარ თანამშრომლებს და ვერც საზოგადოებას ვერ ჩავაყენებთ საფრთხის ქვეშ და აქედან გამომდინარე, ვიდრე არ იქნება შესაბამისი რეკომენდაციები, არ გავაგრძელებთ მუშაობას.

ჩვენი მაუწყებლის შენობა არ არის დიდი და თანამშრომლები მჭიდროდ არიან განთავსებული. შესაბამისად უცნობია, რამდენ ადამიანთან ჰქონდა ინფიცირებულ თანამშრომელს კონტაქტი.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ტელევიზიასა და რადიოში ჯამში 340 ადამიანი მუშაობს“, –განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.

პრაიმ ტაიმი