“არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია კარანტინის გამოცხადება“ – ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე

“არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია კარანტინის გამოცხადება“ - ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძექვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად საგრძნობლად იზრდება.

დადასტურებული შემთხვევების მზარდი დინამიკის მიუხედავად, როგორც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ განიხილავს. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება არ დგას.

რაც შეეხება ინფექციონისტებს, კრიტიკული ეპიდვითარების ფონზე, მათი ნაწილი ღიად მიანიშნებს, რომ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის შემცირება ე.წ. „ლოკდაუნის“ გამოცხადების გარეშე შეუძლებელია.

უნდა დაუბრუნდეს თუ არა ქვეყანა არჩევნების შემდეგ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს? – “პრაიმტაიმი” ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის მოსაზრებებს გაეცნო.

„ქვეყანაში ვირუსი ძალიან გააქტიურდა. მისი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის უნარი ძალიან გაძლიერდა. სანამ ვაქცინა არ იქნება, ვირუსის გაჩერება შეუძლებელი იქნება.

ალბათ, ყველამ უნდა მოიხადოს ვირუსი, ვიდრე ვაქცინა არ იქნება. თუ ვაქცინა არ იქნება, ალბათ, ხელოვნური იმუნიტეტის ჩამოყალიბება იქნება საჭირო.

მკაცრმა ზომებმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაამძიმოს როგორც საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ფსიქოლოგიური განწყობებიც, თუმცა კარანტინი აუცილებლად უნდა დაწესდეს, თუ მძიმე შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს. არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია კარანტინის გამოცხადება, რადგან ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მესმის, რომ ქვეყანა ცდილობს, როგორმე თავი მიიტანოს არჩევნებამდე, მაგრამ თუ მოიმატებს იმ ხალხის რაოდენობა, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარში მკურნალობას, მკაცრი ზომების მიღება აუცილებელად მოგვიწევს“,- განაცხადა ხმალაძემ.
პრაიმტაიმი