გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ კახა ფარფალია შაბათს, საბურთალოს კერძო სასაფლაოზე, საქართველოში წამებულ წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
კრიმინალური „ავტორიტეტის“ საფლავი გრანდიოზული „ვენოკებით“ შეამკეს და თუ წარწერებით ვიმსჯელებთ, სარიტუალო ყვავილების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მყოფმა ახლობლებმა შეუკვეთეს.
„მთაწმინდის საძმოსგან“, „საყვარელ ძმას ნიკუშასგან“, – ამ და სხვა რუსულენოვანი წარწერებით და ე.წ. ქურდული სიმბოლიკით იყო გაფორმებული გვირგვინები, რომლებიც კახა ფარფალიას საფლავზე მიიტანეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „კანონიერი ქურდი“ კერძო სასაფლაოზე, ტაძრის ეზოში დაკრძალეს.
სასაფლაოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტაძრის მახლობლად მსგავსი ადგილი დაახლოებით 15 ათასი დოლარი ჯდება.
„კანონიერი ქურდი“ რუსეთში, ომსკის ციხეში გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, თუმცა როგორც „პრაიმტაიმს“ ფარფალიას ოჯახის ახლობელი უყვება, „კანონიერი ქურდი“ ძალადობის შედეგად დაიღუპა, რასაც მის სხეულზე არსებული დაზიანებებიც მოწმობს.
უფრო მეტიც, ახლობლის თქმით, გარდაცვალების შესახებ ოჯახს არ შეატყობინეს, ცხედარი დამალეს და შეეცადნენ ძალადობის კვალის წაშლას.
ოჯახმა ამბავი მას შემდეგ შეიტყო, რაც ომსკის ციხეში პატიმარს ამანათით მიაკითხა, ხოლო ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ინფორმაცია გაემჟღავნებინა.
ახლობელმა „პრაიმტაიმს“ მიაწოდა ვიდეოკადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს, მათ შორის ფეხების, ტანისა და თავის არეში.
პრაიმტაიმი

