ხატია დეკანოიძე – “დიდი გლოვა გვაქვს, გორთან დაღუპულები ნაციონალების მხარდამჭერები იყვნენ”

ხატია დეკანოიძე - "დიდი გლოვა გვაქვს, გორთან დაღუპულები ნაციონალების მხარდამჭერები იყვნენ"ძალიან ცუდია, როდესაც მსგავსი ტრაგედიებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული გამონათქვამებით, ადამიანების ცნობიერებაზე იმოქმედოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ავარიისას გარდაცვლილი ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ.

„წარმოუდგენელი ტრაგედიაა, 5 ადამიანია გარდაცვლილი. სამედიცინო მანიპულაციები გრძელდება კიდევ ერთ ადამიანთან. დიდი გლოვა გვაქვს. მე პირადად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წარმოუდგენელია ასეთი პატრიოტების, ახალგაზრდა ადამიანების, მხარდამჭერების და არაჩეულებრივი ადამიანების დაკარგვა.

ძალიან ცუდია, როდესაც მსგავსი ტრაგედიებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული გამონათქვამებით, ადამიანების ცნობიერებაზე იმოქმედოს. ეს არის ძალიან სამწუხარო. ვართ გლოვაში, ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი მეგობრები და სიტყვები არ მყოფნის, როგორი ტრაგედიაა. დიდი იმედი მაქვს დანარჩენი ორი გამოჯანმრთელდება. ერთი გადაყვანილია თბილისში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება. დანარჩენი ხუთი დავკარგეთ. ასეთ წარმოუდგენელ ტრაგედიაში ვართ. ვიზიარებ მათი ოჯახების და ჩვენი ყველა მხარდამჭერის ტრაგედიას“,- განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსი ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გამართული საარჩევნო ღონისძიებიდან ბრუნდებოდა.

იპნ