მარიამ სულაბერიძე კავკასუს ონლაინის დროებით მმართველად დაინიშნა

მარიამ სულაბერიძე კავკასუს ონლაინის დროებით მმართველად დაინიშნაკომუნიკაციების კომისიამ ერთი წლის განმავლობაში კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

„კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი იმ დრომდე დაინიშნა, ვიდრე „კომპანიის კანონდარღვევით გასხვისებული წილის 49% პირვანდელ მდგომარეობაში არ დაბრუნდება და კანონის მოთხოვნა არ აღსრულდება.

„კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველად „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე დაინიშნა, რომელსაც სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის 14 – წლიანი გამოცდილება აქვს.

,,კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონის აღსრულების მოთხოვნა ჯერ კიდევ 2019 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაავალდებულა. ერთი წლის განმავლობაში 6 სანქციის მიუხედავად კომპანიამ კანონი არ აღასრულა.

მარიამ სულაბერიძის საქმიანობა დაკავშირებულია სატელეკომუნიკაციო სფეროში ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან, როგორიცაა ქვეყნის საერთაშორისო შეთანხმებებსა და ხელშეკრულებებთან დაახლოება და იმპლემენტაცია. ასევე, ის სატელეკომუნიკაციო სფეროში კოორდინაციას უწევდა საერთაშორისო პარტნიორებსა და საქართველოს სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობას.

კანონდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი იყო „კავკასუს ონლაინისთვის“ ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა კომპანიის საქმიანობის შეჩერებამ პირველ რიგში შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას 2.5 მილიონზე მეტ აბონენტს სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თვალსაზრისით. კომპანიის საქმიანობის შეჩერება უარყოფითად აისახება ინტერნეტის საერთაშორისო ტრანზიტზე და შესაბამისად მისაღებ შემოსავლებზე, ასევე ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ გაუმართლებლად მიიჩნია ავტორიზაციის შეჩერება და კომპანიაში კანონის აღსრულების მიზნით, სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო,“ – ნათქვამია განცხადებაში.