“ბავშვი წყლით მოიწამლაო, უთქვამს მშობელს” – გორში 48 ბავშვი მოიწამლა

"ბავშვი წყლით მოიწამლაო, უთქვამს მშობელს" - გორში 48 ბავშვი მოიწამლაგორში, დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში 46 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის ნიშნებით შეიყვანეს. მათგან 16 კლინიკაში რჩება, დანარჩენები კი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ბინაზე გაწერეს. რამ გამოიწვია მოზარდების ინტოქსიკაცია, უცნობია. ყველა მათგანი გორში, კომბინატის დასახლების მცხოვრებლები არიან.

,,მშობლები უკავშირებენ წყალს ან საკვებს. მიზეზებს ადგენენ. მოწამვლის შემთხვევები ძირითადად ერთ უბანს, კომბინატს უკავშირდება”- აცხადებს ,,იავნანას” ექიმი.

კომბინატის დასახლებაში მცხოვრებნი, კერძოდ მშვიდობის ქ. 28 და მისი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებნი მეორე დღეა სასმელ წყალს ყიდულობენ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ სასმელი წყლის მასიურ დაბინძურების ფაქტს ადგილი არა აქვს.
ამის შესახებ qartli.ge-ს კომპანიის გორის სერვისცენტრის მენეჯერი შალვა ტაბატაძე ესაუბრა.

მისი თქმით, დღეს დილით სასმელი წყლის მოწამვლის თაობაზე ჭორი გავრცელდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შემოწმება დაიწყო და ლაბორატორიულ დასკვნას მაინც დადებენ.

,,ერთ-ერთ სკოლაში მშობელი მისულა და უთქვამს, რომ ბავშვი წყლით მოიწამლა და აღარ დაალევინოთო. ჩვენ მაშინვე დავიწყეთ ძებნა, თუ სად რომელ ოჯახში მოხდა ეს. ვერ მივაკვლიეთ ასეთ ოჯახს. წყალი ყოველდღიურად სისტემაში მოწმდება და ეს რომ არ გავაკეთოთ, არავინ გვაპატიებს. მიუხედავად ამისა,დღის განმავლობაში წყალი ლაბორატორიულად შემოწმდება და ყველა ნახავს, რომ სიცრუე გავრცელდა-“, ამბობს შალვა ტაბატაძე.