16 ოქტომბერს პარიზის გარეუბანში ფრანგი მასწავლებლისთვის თავის მოკვეთის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
დანაშაული პარიზის გარეუბან კონფლან-სენ-ონორინში მოხდა, რომელიც პარიზიდან 27 კილომეტრში მდებარეობს. მკვლელი 18 წლის ჩეჩენი აბდულა ანზოროვია, რომელიც მოკლულის სხეულის გვერდით იდგა, როდესაც პოლიციამ ცხედარი აღმოაჩინა.
ანზოროვმა მანქანით გაქცევა სცადა და პოლიციელს პისტოლეტით დაემუქრა.
პოლიციელებმა ის მოკლეს. ანზოროვს დიდი დანა უპოვეს, რომლითაც მან მასწავლებელს თავი მოჰკვეთა.
აბდულა ანზოროვი მოსკოვში დაიბადა, მაგრამ უკვე დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდა საფრანგეთში.
47 წლის მასწავლებელი სამუელ პეტი კოლეჯში ისტორიას და გეოგრაფიას ასწავლიდა. ოქტომბრის დასაწყისში მან 12-14 წლის მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლების გაკვეთილებზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები აჩვენა. რამდენიმე მოწაფის მშობელმა მას კოლეჯის ხელმძღვანელობასთან უჩივლა, ზოგი კი პოლიციაში წავიდა.
მოსწავლე გოგონას მამამ ფეისბუქში დაწერა, რომ გაკვეთილის დროს მასწავლებელმა მუსლიმან მოსწავლეებს კლასიდან გასვლა შესთავაზა, რადგან ის აპირებდა ისეთი სურათის ჩვენებას, რომელსაც მათი შოკირება შეეძლო, შემდეგ კი აჩვენა შიშველი მამაკაცის ფოტო და თქვა, რომ ეს წინასწარმეტყველი მუჰამედია.
პოლიცია ვარაუდობს, რომ სემუელ პეტის მკვლელობა ამ ისტორიის გამოძახილია.
«მან მუჰამედს შეურაცხყოფა მიაყენა და ამისათვის დავსაჯე,“ – ამის დაწერა მოასწრო ანზოროვმა თავის ტვიტერში.

