პარიზში მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს – დამნაშავე მოსკოველი 18 წლის ახალგაზრდაა

პარიზში მასწავლებელს თავი მოჰკვეთეს - დამნაშავე მოსკოველი 18 წლის ახალგაზრდაასაფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის გარეუბანში მომხდარ მკვლელობას “ისლამისტური ტერაქტი” უწოდა.

„ის იმიტომ მოკლეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ასწავლიდა. ეს იყო ისლამისტური ტერაქტი. ისინი ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ ვიმოქმედებთ,“- განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, რამდენიმე საათის წინ მასწავლებელი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს თავი მოჰკვეთეს. პოლიციის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელმა დაიყვირა : „ალაჰ აკბარ“. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილს დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობისას ესროლეს და ის მოგვიანებით გარდაიცვალა.

ფრანგული მაუწყებლის BFMTV-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მოსკოვში დაბადებული 18 წლის ახალგაზრდა იყო.

თავდასხმის მსხვერპლი კი ადგილობრივი სკოლის ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი იყო. ფრანგული მედიის ცნობით, მასწავლებელი გაკვეთილზე გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობდა წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურასთან დაკავშირებით, რომლის ჟურნალ „შარლი ებდოში“ გამოქვეყნებას მუსულმანების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავეს.

იპნ