ეკატერინე ტიკარაძე – “პაციენტებს საავადმყოფოებიდან ხედები არ მოსწონთ”

ეკატერინე ტიკარაძე - "პაციენტებს საავადმყოფოებიდან ხედები არ მოსწონთ"მაშინ, როცა კლინიკებში თავისუფალი ადგილები აღარ არის და კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტები  ხშირ შემთხვევაში დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო იღუპებიან, ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პაციენტებს საავადმყოფოების ხედები არ მოსწონთ.

ეკა ტიკარაძე პაციენტების უკმაყოფილებას მათი ემოციური ფონით ხსნის:

“ჩნდება სხვადასხვა მოთხოვნა, მაგალითად არის ორი ან სამი ოჯახის წევრი და მათ აუცილებლად უნდათ რომელიმე კონკრეტულ საავადმყოფოში, კონკრეტული ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, არის შემთხვევები, როდესაც ვიღაცას ხედი მოსწონს, ან არ მოსწონს და შესაბამისად ხედიც შესარჩევია. ამითი არ ვუარყოფ იმას, რომ შეიძლება კრიტიკული პაციენტის დაყოვნებაც ხდება, ამ პრობლემას არ გავურბივარ, მაგრამ ასევე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ხშირია ის შემთხვევები, როდესაც ჰოსპიტალში გვყავს ისეთი პაციენტები, რომლებიც მხოლოდ ემოციური ფონის გამო არიან იქ განთავსებული, ამიტომ ისინი არ საჭიროებენ სხვა კლინიკურ ყურადღებას.” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების საავადმყოფოში გადაყვანის მიმართულებით გარკვეული პრობლემები არის, თუმცა მისივე თქმით, ქვეყანაში ყველა პაციენტს ჰოსპიტალური სამედიცინო დახმარება უტარდება.

დღეს ეკატერინე ტიკარაძემ, კორონავირუსის პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, თქვა ისიც, რომ  სახელმწიფომ კოვიდსასტუმროებისთვის დამატებით 100 ჟანგბადის კონცენტრატორი იყიდა და კიდევ 900-ს კი პირველი დეკემბრისთვის ელოდებიან.