ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე 

ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ფარულად აქტიურად მუშაობს ამომრჩევლის მობილიზებაზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის კანდიდატები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების კანდიდატები უარს აცხადებენ მეორე ტურში მონაწილეობაზე, მათი გვარები ბიულეტენებზე რჩება.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს იმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. დღეს, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ გამარჯვება, რომელსაც 31 ოქტომბერს მილიონამდე საქართველოს მოქალაქემ ჩაუყარა მყარი საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა წინა საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ამჯერადაც უარი განაცხადეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, შეგახსენებთ, რომ მათი გვარები რჩება ბიულეტენებზე.

გარდა ამისა, ისინი ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე. შესაბამისად ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოვუწოდებთ, რათა ჩვენმა კანდიდატებმა დამაჯერებლად მოიგონ არჩევნების მეორე ტური“,-განაცხადა კობახიძემ.