მამა ბასილ ხაჩიძე 45 წლის ასაკში გარდაიცვალა – “სულ მლოცავდა და მამხნევებდა ხათუნას გამო”

მამა ბასილ ხაჩიძე 45 წლის ასაკში გარდაიცვალა - "სულ მლოცავდა და მამხნევებდა ხათუნას გამო"45 წლის მამა ბასილი ხაჩიძე 18 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. დეკანოზთან ჟურნალიტი ბესო ჩუბინიძე მეგობრობდა და, როგორც ის გვიყვება, მამაო ჯანმრთელი იყო და სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა.

ბესო ჩუბინიძე: – მამა ბასილი ანსამბლ “ქორალის” წევრებმა გამაცნეს და ვმეგობრობდით. წითელ ხიდთან უნდოდა მონასტრის აშენება. თვითონაც იქვე, ტაძარში მოღვაწეობდა. დაგეგმილი იყო ბევრი საქველმოქმედო კონცერტი და გაზაფხულიდან მიდიდოდა ამაზე მუშაობა, მაგრამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ამ პროექტის თანაორგანიზატორი მეც ვიყავი.

და გავიგე, რომ გუშინ მოულოდნელად, გულით დაიღუპა. წინა დღეს ასი მოწამეთას ხსენების დღე მომილოცა… ჯანღონით სავსე ადამიანი იყო. დავით გარეჯის დასაცავ აქციებში მონაწილეობდა.

დავით გარეჯის დასაცავად, ორი წლის წინ, ერთადაც ჩავატარეთ აქცია. ბაქოსკენ მიმავალი გზა გადაიკეტა. ხალხმრავალი აქციის თანაორგანიზატორები ვიყავით.

ვემშვიდობები ჩემს მამა ბასილს – სულით მდიდარ კაცს, ღვთის ნაღდ მსახურს, მებრძოლს ქართული ღირებულებებისთვის, კეთილი საქმეების მკეთებელს, მეგობარს, კარგ მთქმელს და კარგ გამგონეს.

მამა ბასილი ყოველთვის მეუბნებოდა – სულით არ დაეცე, ყოველთვის იბრძოლე, ასე დაუღალავად, ასე ენერგიულად და ასე იმედით, ღმერთს უყვარხარ და ეს შენი ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებსო…
გუშინაც მჯეროდა, დღესაც მჯერა და მომავალშიც…

მამა ბასილი ხაჩიძეების გვარის შეკრებაზე გაუცვნია ზურა ხაჩიძეს. “პრაიმტაიმთან” ზურაც გულისტკივილით იხსენებს მოულოდნელად გარდაცვლილ სასულიერო პირს.

ზურა ხაჩიძე: – მამა ბასილი ხაჩიძეების შეკრებაზე გავიცანი. სიყვარულით და სიკეთით გასხივოსნებული კაცი იყო. სულ მლოცავდა და მამხნევებდა ხათუნას გამო. უსაყვარლესი მამაო იყო… ჩემს გულში სულ მემახსოვრება მამა ბასილი.

პრაიმ ტაიმი