ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდაე.წ. ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ( EMC ) ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირებულთა ნაწილი საავადმყოფოში მკურნალობს, ხოლო ნაწილი თავშესაფარში, იზოლაციაში იმყოფება.

“თავშესაფარში ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო შემაშფოთებელია სერვისის შინაარსისა და მისი დანიშნულების გათვალისწინებით. ლილოს თავშესაფარი ყველაზე დაუცველი, თავშესაფრის არმქონე ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც მათი ცხოვრების მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჰქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემები ან ქრონიკული დაავადებები, რაც მათ უკიდურესად მოწყვლადად აქცევს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ამასთან, თავშესაფრის ინფრასტრუქტურული მოწყობა, მაცხოვრებლებს არ აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ინდივიდუალური სივრცე (ოთახი) და ისარგებლონ პირადი სველი წერტილებითა თუ სასადილო სივრცით, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი ზომების მიუღებლობის შემთხვევაში, საფრთხე შეიძლება შეექმნას არა მხოლოდ სერვისის ბენეფიციართა უსაფრთხოებას, არამედ შეუძლებელი გახდეს ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანების გადაყვანა მუნიციპალიტეტის ერთადერთ თავშესაფარში. ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტს და თავშესაფრის ადმინისტრაციას: გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ინფიცირებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისებზე დროული წვდომის უზრუნველყოფისთვის; მიიღონ ყველა ზომა რათა არ შეფერხდეს ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის თავშესაფრით ან სხვა ალტერნატიული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პანდემიისა და ზამთრის გათვალისწინებით.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 895 პირი , ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა.